კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სასჯელაღსრულების დაწესებულებაში არსებული მანკიერი პრაქტიკის შესახებ პრესკონფერენცია გაიმართა

13 ივლისი, 2016
 
ქრისტინე პახომოვი

6 ივლისს, არასამთავრობო ორგანიზაცია ადამიანის უფლებათა ცენტრისა და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენლებმა პრესკონფერენცია გამართეს. მათ შეშფოთება გამოთქვეს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში არსებული მანკიერი პრაქტიკის გამო, როდესაც სად-ის თანამშრომლები ადვოკატებისგან კანონდარღვევით მოითხოვენ, გააცნონ მისი დაცვის ქვეშ მყოფთან ვიზიტისას მომზადებული ჩანაწერები. ადამიანის უფლებათა ცენტისა და  ადვოკატთა ასოციაციის ხელმძღვანელებმა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრს საკითხით დაინტერესებისა და კანონის შესაბამისი ზომების მიღებისკენ მოუწოდეს. 

სად-ის თანამშრომლების მხრიდან ადვოკატებისთვის ხელის შეშლის ფაქტები 1 და 5 ივლისს  #7 და #18  სასჯელაღსრულების დაწესებულებებში დაფიქსირდა. სადაც ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტებს  დაწესებულებიდან გამოსვლისას კონფიდენციალური ჩანაწერების წარმოდგენა მოთხოვეს. 

„ვიზუალური მეთვალყურეობა, რომელიც შესაძლოა, ვიზიტისას ხორციელდებოდეს, დასაშვებია, თუმცა მათ არ აქვთ არანაირი კანონიერი უფლება, მოითხოვონ ჩანაწერების ნახვა, რომელიც ჩავინიშნე ჩემი დაცვის მყოფთან ვიზიტისას. მინდა აღვნიშნო, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა. 2014 წელს მივმართე სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს და ვითხოვე, ეცნობებინათ რის საფუძველზე აწარმოებდნენ მსგავსი ტიპის კონტროლს და თუ ეს ქმედება გამართლებული იყო მათი შიდა დებულებით  მოვითხოვე, გადმოეცათ აღნიშნული დებულება. მათი პასუხი იყო ასეთი, რომ ადვოკატის საქმიანობაში ჩარევის უფლება არ აქვს არავის და კანონით არ არის აკრძალული სატელეფონო ნომრის გამოტანაც“, - განაცხადა პრესკონფერენციაზე ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტმა, ნესტან ლონდარიძემ. 

ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტმა, ეკა ლომიძემ ისაუბრა სად-ის თანამშრომლების მხრიდან მუქარაზეც. მისი თქმით, ერთ-ერთი ვიზიტისას სად-ის თანამშრომლებმა კონფიდენციალური ჩანაწერების წაკითხვა მოისურვეს, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩანაწერების დახევით დაემუქრნენ.

კანონის „ადვოკატთა შესახებ“ მე-4 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ადვოკატს უფლება აქვს, ნებისმიერ დროს, დაუბრკოლებლად და კონტროლის გარეშე, სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით, პირდაპირ შეხვდეს დაკავებულ, დაპატიმრებულ ან თავისუფლების სხვაგვარი შეზღუდვის ადგილებში მოთავსებულ პირს, იქონიოს მასთან მიმოწერა; ასევე, იგი ვალდებულია დაიცვას მიღებული ინფორმაციის კონფიდენციალურობა. 

 საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ხელმძღვანელის  ზაზა ხატიაშვილის განცხადებით, ნებისმიერი ადვოკატი, რომელიც დაარღვევს პროფესიული ეთიკის ნორმებს და დაემორჩილება სასჯელარსრულების დაწესებულების თანამშრომელთა მოთხოვნას, გააცნოს მათ კონფიდენციალური ჩანაწერები, დგება მისი უპირობო გარიცხვის საკითხი ადვოკატთა ასოციაციიდან. ზაზა ხატიაშვილმა მედიის საშუალებით კიდევ ერთხელ მიმართა ადვოკატებს, მსგავს ფაქტების შესახებ, შემდგომი რეაგირებისთვის, პირადად მას მიაწოდონ ინფორმაცია.
„2014 წელს, მას შემდეგ რაც მომხდარ ფაქტზე სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მივმართეთ - მივიღეთ პასუხი, რომ ეს იყო ნამდვილად ადვოკატთა საქმიანობისთვის ხელის შეშლა და კანონდარღვევა. მათ გვთხოვეს, განმეორების შემთხვევაში მიგვეწოდებინა მათთვის ინფორმაცია. ბოლო დროს გახშირებული ფაქტების გამო გადავწყვიტეთ, არა მხოლოდ მინისტრს მივმართოთ, აღმოფხვრას ყველა სისტემური ხარვეზი და კანონდარღვევა, არამედ გავასაჯაროოთ მოცემული შემთხვევა. ჩვენ მივმართეთ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას და პირადად ბატონ ზაზა ხატიაშვილს, რომელიც დიდი ხანია, იბრძვის ადვოკატთა საქმიანობისთვის ხელის შეშლისა და ზეწოლის მცდელობების აღმოსაფხვრელად“, - აღნიშნა ადამიანის უფლებათა ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა, ალეკო ცქიტიშვილმა.

ადამიანის უფლებათა ცენტრისა და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ერთობლივი პრესკონფერენციის საპასუხოდ, სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა სანდრო დარახველიძემ, ტელეკომპანია „იმედს“ ინფორმაცია მიაწოდა, რომლის მიხედვითაც, ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტი იმყოფებოდა „საყოველთაოდ ცნობილ“, „საშიშროების მაღალი რისკის“  პატიმარ შალვა აბულაძესთან. რომელმაც ადვოკატს გადასცა „ფურცლის ნაგლეჯზე“ დაწერილი ინფორმაცია, რომლის გატანასაც ცდილობდა ადვოკატი.

ადამიანის უფლებათა ცენტრი უარყოფს სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას და აღნიშნავს, რომ ორგანიზაციის არცერთი იურისტი არ იმყოფებოდა მსჯავრდებულ შალვა აბულაძესთან. მეტიც,  ადამიანის უფლებათა ცენტრი საერთოდ არ ახორციელებს ამ მსჯავრდებულისთვის იურიდიულ დახმარებას. 

„პრესკონფერენციაზე ნახსენებ არცერთი შემთხვევისას არ მომხდარა „ფურცლის ნაგლეჯის“ გადაცემა მსჯავრდებულის მიერ ადვოკატისთვის და შესაბამისად, არც მისი გამოტანის მცდელობას ჰქონია ადგილი.  მიუხედავად ამისა, მაღალი რისკის არსებობაც არ აძლევს სად-ის თანამშრომლებს უფლებას, აწარმოონ ადვოკატისა და მსჯავრდებულის შეხვედრის კონტროლი, გარდა კანონით განსაზღვრული ვიზუალური კონტროლისა“ - ნათქვამია ადამიანის უფლებათა ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ადამიანის უფლებათა ცენტრი მის მიერ გავრცელებულ განცხადებაში, მოუწოდებს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრს და სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტს, დაიწყოს გამოძიება 1 და 5 ივლისს #7 და #18 დაწესებულებებში ადვოკატის პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლის ფაქტებზე; გაიშიფროს და დაარქივდეს ამ დაწესებულებათა სამორიგეოს, ფოიეს, ადვოკატის ვიზუალური დათვალიერების ოთახისა და ასევე, ადვოკატისა და მსჯავრდებულის შეხვედრის ოთახში მდებარე ვიდეოთვალის ჩანაწერები, როგორც ადვოკატთა საქმიანობის ხელშეშლის მტკიცებულებები. ასევე, სასჯელაღსრულების სამინისტრომ უარყოს მის მიერ გავრცელებული ცრუ ინფორმაცია.

ახალი ამბები