კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადამიანის უფლებათა ცენტრი მოითხოვს, პროკურატურამ შეისწავლოს პოლიტიკური დევნილის სიცოცხლის მოსპობის მუქარის ფაქტი

14 ივლისი, 2016
 
ადამიანის უფლებათა ცენტრის სამართლებრივი დახმარებით, კანადის მოქალაქე მაია ცაბოშვილმა მთავარ პროკურატურას მიმართა და მოითხოვა, დაიწყოს გამოძიება მის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარის ფაქტზე, რაც განხორციელდა ქართული ინტერნეტ ფორუმის - „თბილისის ფორუმის“ გვერდებზე. 

მაია ცაბოშვილი წლების განმავლობაში გახლდათ „თბილისის ფორუმის“ რეგისტრირებული მომხმარებელი, რომელიც, ფორუმის წესებიდან გამომდინარე, საჯაროდ ხელმისაწვდომია ყველა მსურველისთვის და განკუთვნილია ფორუმის მომხმარებლებს შორის პოლიტიკური გამოცდილების გაზიარებისთვის, განხილვისათვის და ფართო სპექტრის საკითხების მოგვარებისათვის.

ფორუმზე დარეგისტრირებულ თითოეულ მომხმარებელს გააჩნია თავისი უნიკალური ნიკნეიმი-ფსევდონიმი. მიუხედავად იმისა, რომ ფორუმის წესების 2.5 მუხლის თანახმად, მომხმარებელთა პირადი მონაცემებისა და კონფიდენციალური ინფორმაციის  დაცვაა გარანტირებული, მაია ცაბოშვილის პერსონალური მონაცემები არაერთხელ გახდა ცნობილი ფორუმის სხვა მომხმარებლებისთვის.

„თბილისის ფორუმზე“ გამოთქმული პირადი პოლიტიკური შეხედულებების გამო, ბოლო დროს ფორუმზე განსაკუთრებით გახშირდა მაია ცაბოშვილის მისამართით აგრესიული თავდასხმა, რაც შეიცავს ეთნიკური ნიშნით შეუწყნარებლობის ელემენტებს, ასევე მიზანმიმართული ცრუ ინფორმაციის გავრცელებას და ცილისწამებას. ასევე - სიძულვილის ენას, უკიდურესად უცენზურო გამონათქვამებსა და შეურაცხყოფას.

ვებ-გვერდზე განთავსებულია ფორუმის მფლობელებისა და ადმინისტრაციის მიერ შემუშავებული კონკრეტული წესები, რაზეც დათანხმება ფორუმის მუშაობაში მონაწილეობის წინაპირობადაა განსაზღვრული. ეს არის გარკვეული წესდება, რომელიც ადგენს ფორუმის საერთო დეკლარაციას, აკრძალვებს, შეზღუდვებსა და ა.შ. წესებში არსებული შესაბამისი დათქმები ეწინააღმდეგება მაია ცაბოშვილის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებს. ფორუმის ადმინისტრაცია განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით არიდებს თავს საკუთარი შიდა განაწესით გაწერილი წესების შესრულებას, რისი მიზეზიც, შესაძლოა იყოს, ქსენოფობიური განწყობები მაია ცაბოშვილისადმი.  

სიძულვილის ენა, რომელსაც ე.წ. ფორუმელები და თავად ფორუმის ადმინისტრაციის წარმომამდგენლები - მოდერატორები მაია ცაბოშვილის წინააღმდეგ იყენებენ, შეიცავს დისკრიმინაციის ნიშნებს; კერძოდ ფორუმის შესაბამის „თემებში“, მაია ცაბოშვილის დისკრედიტაცია ხდება მისი ეროვნების ნიშნით - იგი გახლავთ ოსი. სწორედ ამაზე აპელირებს ფორუმის მომხმარებლის გარკვეული ნაწილი და გამოთქვამს მისდამი სხვადასხვა შეურაცხმყოფელ და დამამცირებელ რეპლიკებს, ასევე დაუსაბუთებლად ავრცელებენ ცილისწამებას, რომ ის არის სეპარატისტი და არ უჭერს მხარს საქართველოს სახელმწიფოს ერთიანობას. ფორუმის წესდების მიუხედავად, არც მოდერატორები და არც ადმინისტრატორი არ ახდენენ აღნიშნული სტატუსების ფილტრაციას და შესაბამისი ზომების გამოყენებას ფორუმის წესდების დარღვევისთვის, მეტიც, თავადვე ამკვიდრებენ საზოგადოებაში აზრს მაია ცაბოშვილის სეპარატიზმზე. 
„თბილისის ფორუმის“ მომხმარებელთა უმეტესობა ეთნიკურად ქართველია და ზოგჯერ სხვა ეროვნების წარმომადგენლებს არ ეძლევათ აზრის გამოთქმის  საშუალება. „თბილისის ფორუმის“ ადმინისტრაციის ასეთი დისკრიმინაციული მიდგომა ახალისებს ფორუმის აგრესიულ წევრებს.
 
განსაკუთრებით შემაშფოთებელია, რომ ინტერნეტფორუმის გვერდებზე ადგილი ჰქონდა მაია ცაბოშვილისადმი სიცოცხლის მოსპობის მუქარასა და უკიდურესი აგრესიული ფორმებით, სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტებს. 

ადამიანის უფლებათა ცენტრი მიიჩნევს, რომ „თბილისის ფორუმის“ ადმინისტრაციამ დაუყოვნებლივ უნდა აღკვეთოს მსგავსი აგრესია და შეუწყნარებლობის ნებისმიერი ფორმით გამოვლინება, ხოლო სიცოცხლის მოსპობის მუქარის შემცველი განცხადებებით საქართველოს პროკურატურა უნდა დაინტერესდეს.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის  151 მუხლის თანახმად, სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას ექვემდებარება: სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
მაია ცაბოშვილი ახლო წარსულში გახლდათ აქტიური პოლიტიკოსი, კენჭს იყრიდა სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პოსტზე. არჩევნების შემდეგ იყო სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის მთავრობის წევრი. მოგვიანებით ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან განსხვავებული პოზიციების გამო, მას დევნიდნენ პოლიტიკურ ნიადაგზე, რის გამოც თავშესაფარი მიიღო კანადაში.

ადამიანის უფლებათა ცენტრი

ახალი ამბები