კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

შიმშილობის 46 დღე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში

20 ივლისი, 2016
 
ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი

გლდანის №8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში რამაზ ქოქოშვილი 46 დღეა, რაც შიმშილობს. პროტესტის ამ ფორმას ქოქოშვილმა მას შემდეგ მიმართა, რაც სასამართლომ აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ქოქოშვილი პოლიციის თანამშრომლებს უკანონო დაკავებასა და ფიზიკურ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს. ქოქოშვილის ადვოკატის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფის ჯანმრთელობის მდგომარეობა შემაშფოთებელია. შიმშილობის შედეგად, მან 17 კგ დაიკლო და თავს შეუძლოდ გრძნობს. 

ქოქოშვილის გათავისუფლების მოთხოვნით აქციები იმართება გორსა და თბილისში. ამასთან, თბილისის მთავარ პროკურატურასთან უკვე მეექსვე დღეა, რაც 20 ადამიანი შიმშილობს. ისინი იმ პოლიციელების დასჯას ითხოვენ, რომლებმაც, მათი თქმით, უფლებამოსილებას გადააჭარბეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ ქოქოშვილს.

არასამთავრობო ორგანიზაცია ადამიანის უფლებათა ცენტრი რამაზ ქოქოშვილის განცხადებების საფუძველზე, პროკურატურისაგან გამოძიების დაწყებას ითხოვს - ამის შესახებ გორში რამაზ ქოქოშვილის მხარდასაჭერ აქციაზე მისულმა ადამიანის უფლებათა ცენტრის შიდა ქართლის ოფისის იურისტმა, ალექსი მერებაშვილმა განაცხადა.

„პროკურატურამ ობიექტურად უნდა გამიძიოს ქოქოშვილის დაკავების ფაქტი. ამასთან, უნდა დაიწყოს გამოძიება პოლიციელთა მხრიდან უფლებამოსილების გადაჭარბების ფაქტზე. დანაშაულის ნიშნების არსებობის შემთხვევაში უნდა დადგეს შესაბამისი მოხელეების სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი“,- განაცხადა ალექსი მერებაშვილმა.

რამაზ ქოქოშვილი 2016 წლის 2 ივნისს დააკავეს. ქოქოშვილი 2 ივნისს გორში, რესტორან „დარიალში“ ძმასთან და მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა. ამ დროს რესტორანში პროფესიულ დღეს აღნიშნავდნენ გორის კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები. ადვოკატის თქმით, ქოქოშვილსა და პოლიციის თანამშრომლებს შორის რესტორნის ტერიტორიაზე კომუნიკაცია არ შემდგარა. თუმცა, სახლში დაბრუნებულ რამაზ ქოქოშვილს პოლიციის 10-მდე ეკიპაჟი დახვდა და ადვოკატ, იზოლდა რაზმაძის  განცხადებით, ქოქოშვილი უსაფუძვლოდ დააკავეს.

ადვოკატისვე თქმით,  სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს პოლიციის თანამშრომლები ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდნენ, დაკავების ოპერაციაში ჩართული იყო გორის პოლიციის თანამშრომელი ზურაბ ჩილინგარაშვილი, ადვოკატი იზოლდა რაზმაძე მისი დაცვის ქვეშ მყოფს სწორედ ზურაბ ჩილინგარაშვილის პირად პატიმრად მიიჩნევს და იმ სამართალდამცველების დასჯას ითხოვს, რომლებმაც უკანონოდ დააკავეს რამაზ ქოქოშვილი. 

,,ჩვენი მოთხოვნა, დაისაჯოს ყველა ის პოლიციელი, რომელიც  საქმეში ფიგურირებს.  პოლიციის თანამშრომლების მხრიდან კვლავ გრძელდება უკანონო მოქმედებები. გახდა ცნობილი, რომ ჩილინგარაშვილმა დატოვა თანამდებობა, თუმცა ჩვენი მოთხოვნაა, ყველა პირი დაისაჯოს“,- განაცხადა იზოლდა რაზმაძემ.

 ჩილინგარაშვილი პირადი განაცხადებით გათავისუფლდა  თანმდებობიდან და იგი კადრების დაქვემდებარებაშია აყვანილი- აცხადებენ შსს-სპრესსამსახურში, თუმცა მათი თქმით, ჩილინგარაშვილის ამ  გადაწყვეტილებას კავშირი არა აქვს ქოქოშვილის საქმესთან. შსს პრესსამსახურში განმარტავენ, რომ ქოქოშვილმა  სამართალდამცველებს წინააღმდეგობა გაუწია და  მისი დაკავება სსკ 353-ე მუხლით მოხდა, რაც სამართალდამცველების მიმართ წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს. უწყებაში ასევე არ ადასტურებენ ინფორმაციას პოლიცილების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების შესახებ.

შსს ბრალდებას არ ეთანხმება  ადვოკატი იზოლდა რაზმაძე. მისი თქმით, რამაზ ქოქოშვილს დაკავების დროს სხეულზე აღენიშნებოდა დაზიანებები, რაც ექსპერტიზამაც დაადასტურა. რამაზ ქოქოშვილი  დაკავების შემდეგ ხაშურის წინასწარი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს. გორის რაიონულ სასამართლოში, საქმის განხილვის დროს, რამაზ ქოქოშვილს მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე აღმკვეთი ღონისძიება შეუფარდა,  მასთან ერთად დაკავებული მისი ძმა  და მეგობარი მოსამართლემ ადმინისტრაციული ჯარიმით სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა. 
  
ქოქოშვილის საქმეზე აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების შემდეგ პირველი არსებითი განხილვა გორის რაიონულ სასამართლოში 25 ივლისს არის ჩანიშნული.

ახალი ამბები