კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადამიანის უფლებათა ცენტრის საკანონმდებლო წინადადება - მსჯავრდებულებს საგადასახადო საურავები/ჯარიმები არ უნდა ერიცხებოდეთ

4 აგვისტო, 2016
 
ადამიანის უფლებათა ცენტრმა  პარლამენტს მსჯავრდებულებისათვის სასჯელის მოხდის პერიოდში საგადასახადო საურავის/ჯარიმის დარიცხვის შეჩერებასთან დაკავშირებით საკანონმდებლო წინადადებით  მიმართა. 

ადამიანის უფლებათა ცენტრის საკანონმდებლო წინადადება პარლამენტში 15 ივლისს დარეგისტრირდა. საკანონმდებლო წინადადება გაიზიარა საპარლამენტო ფრაქცია „ეროვნულმა ფორუმმა“, რომელმაც იგი თავის მხრივ საკანონმდებლო ინიციატივის ფორმით პარლამენტში დაარეგისტრირა. კანონპროექტის ავტორები არიან: ადამიანის უფლებათა ცენტრი და პარლამენტის  წევრი ფრაქცია „ეროვნული ფორუმიდან“ ანი მიროტაძე.

კანონპროექტის ავტორები თვლიან, რომ  მსჯავრდებულის მიმართ არსებულ საგადასახადო დავალიანებაზე საურავის/ჯარიმის დარიცხვის დინება უნდა შეჩერდეს  სასჯელის მოხდის პერიოდში. 

შეთავაზებული ცვლილების მიზანს მსჯავრდებულთა რეაბილიტაციის, რესოციალიზაციის ხელშეწყობა და პატიმრის უფლებების დაცვა წარმოადგენს.  საგადასახადო კოდექსში აღნიშნული ცვლილების შეტანით, სახელმწიფო აღარ უბიძგებს მსჯავრდებულს ახალი დანაშაულის ჩადენისკენ და რეაბილიტაციის სრულ შესაძლებლობას მიცემს. 

ადამიანის უფლებათა ცენტრს სამართლებრივი  დახმარების თხოვნით სხვადასხვა პენიტენციური დაწესებულებიდან მომართავენ  მსჯავრდებულები, რომლებიც დაპატიმრებამდე სამეწარმეო საქმიანობას ეწეოდნენ და გადასახადის გადამხდელებად იყვნენ რეგისტრირებულნი. დაკავების მომენტში, ზოგიერთ მათგანს სახელმწიფოს წინაშე გააჩნდა საგადასახადო დავალიანება. სასჯელის მოხდის პერიოდში, მიუხედავად იმისა, რომ მსჯავრდებული მოკლებულია შესაძლებლობას, განახორციელოს სამეწარმეო საქმიანობა, მის მიმართ არსებულ საგადასახადო დავალიანებაზე კვლავაც გრძელდება საურავის/ჯარიმის დარიცხვის დინება, რაც უსამართლოა და არსებითად ლახავს პატიმრის უფლებებს. 

მსჯავრდებულთა ინფორმაციით, მხოლოდ საგადასახადო საურავი/ჯარიმა ხშირად შეადგენს ათასობით ლარს, რომელიც ყოველდღიურად იზრდება და კოლოსალურ თანხებს აღწევს. მაგალითად, წარმოდგენაც შეუძლებელია, რა რაოდენობის თანხა შეიძლება  გადაიხადოს პენიტენციური დაწესებულებიდან გამოსვლის შემდეგ მსჯავრდებულმა, რომელსაც მისჯილი აქვს 5-10 წელი. ამ შემთხვევაში, როგორც მსჯავრდებულები აცხადებენ, მათ ისღა დარჩენიათ, დავალიანების დაფარვის მიზნით, უკანონო, დანაშაულებრივ გზებსაც მიმართონ ან საცხოვრებელი სახლი გაყიდონ და დარჩეს მიუსაფარი. 

ადამიანის უფლებათა ცენტრმა მსჯავრდებულ გ.ე-ს საქმეზე სასჯელის მოხდის პერიოდში მზარდი საგადასახადო საურავის/ჯარიმის შეჩერების მოთხოვნით  შემოსავლების სამსახურს მიმართა. შემოსავლების სამსახურის განმარტებით, საურავის დარიცხვა ხორციელდება თითეული ვადაგადაცილებული დღისთვის, გადასახადის გადახდის ვადის ამოწურვის დღის მომდევნო დღიდან, ხოლო საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-60 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, აკრძალულია ინდივიდუალური ხასიათის საგადასახადო შეღავათის დაწესება და ცალკეული პირის გათავისუფლება გადასახადისგან . 

კანონპროექტის ავტორების აზრით, სახელმწიფომ საკუთარი ქმედებით არ უნდა უბიძგოს პატიმარს ახალი დანაშაულის ჩადენისა და ფიზიკური განადგურებისკენ. სახელმწფოს ეკისრება მსჯავრდებულის რეაბილიტაციასა და რესოციალიზაციის პოზიტიური ვალდებულება. ამას, გასათვალისწინებელის ისიც, რომ სასჯელის მიზანს  შემდგომი დანაშაულის პრევენცია და მსჯავრდებულის გამოსწორება წარმოადგენს.

საქართველოს პარლამენტმა სათანადოდ უნდა გააცნობიეროს ის ფაქტი, რომ სასჯელის მოხდის პერიოდში მსჯავრდებულის  ფუნდამენტურ უფლებებს ხელყოფს საგადასახადო საურავის/ჯარიმის დარიცხვის დინების გაგრძელება, იმ პირობებში, როცა პატიმარი არ ახორციელებს სამეწარმეო საქმიანობას, როდესაც მას არა აქვს არანაირი შემოსავალი.

ადამიანის უფლებათა ცენტრი მიიჩნევს, რომ საქართველოს პარლამენტმა ცვლილებები უნდა შეიტანოს საქართველოს საგადასახადო კოდექსში, რათა მსჯავრდებულთა მიმართ არსებულ საგადასახადო დავალიანებაზე დარიცხული საურავის/ჯარიმის დინება შეჩერდეს სასჯელის მოხდის პერიოდში.

ადამიანის უფლებათა ცენტრი

ახალი ამბები