კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„სოციალისტური საქართველოს“ ჩაშლილი ყრილობა და დაპირისპირება თელავში

11 აგვისტო, 2016
 
კახეთის საინფორმაციო ცენტრი

„მე ვაპროტესტებ იმას, რასაც თქვენ აკეთებთ აქ. არ არის დღეს, 21–ე საუკუნეში საბჭოთა კავშირის დრო. რუსეთი ოკუპანტია, რუსეთი მკვლელია, თქვენ ხართ ყველანი მონები“, – ამ მიმართვის შემდეგ დაარტყა „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ კახეთის რეგიონის ყოფილ კორესპონდენტს რომან ქევხიშვილს „სოციალისტური საქართველოს“ ერთ–ერთმა დამფუძნებელმა თემურ ფიფიამ, რის შემდეგაც ჟურნალისტმა მას კვერცხები ესროლა. თელავში „სოციალისტური საქართველოს“ რეგიონული ორგანიზაციის დამფუძნებელი ყრილობა ვერ შედგა.

თელავის ნიკო სულხანიშვილის სახელობის სამუსიკო სასწავლებელში ყრილობაში მონაწილეობის მისაღებად დაახლოებით 80–მდე ადამიანი შეიკრიბა, ძირითადად, ასაკოვანი ადამიანები, რომლებიც მხარს კომუნისტურ პარტიას უჭერენ.

სამუსიკო სასწავლებელთან დილიდანვე შეიკრიბნენახალი პოლიტიკური ცენტრი „გირჩის“, „ნაციონალური მოძრაობის“ და „ახალი საქართველოს“ აქტივისტებიც. როგორც „გირჩის“ მაჟორიტარობის კანდიდატმა ვახტანგ მოსიაშვილმა განაცხადა, ისინი პროსაოკუპაციო პროპაგანდას აპროტესტებენ.

მდგომარეობა მას შემდეგ დაიძაბა, რაც ყრილობის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე, სამუსიკო სასწავლებლის შენობაში ანტიპუტინური მაისურით საზოგადოებრივი მაუწყებლის კახეთის რეგიონის ყოფილი კორესპონდენტი რომან ქევხიშვილი შევიდა. ქევხიშვილმა „სოციალისტური საქათველოს“ ერთ-ერთ დამფუძნებელთან, თემურ ფიფიასთან საუბრისას განაცხადა, რომ რუსეთი ოკუპანტია, პუტინი მკვლელია და 21-ე საუკუნეში საბჭოთა კავშირის დრო არ არის. ამ განცხადების შემდეგ თემურ ფიფიამ ჟურნალისტს სახეში დაარტყა, ქევხიშვილმა კი ფიფიას კვერცხები ესროლა. „სოციალისტური საქართველოს“ მხარდამჭერებმა ჟურნალისტი შენობიდან გაიყვანეს.

ინციდენტის შესახებ ჟურნალისტმა საპატრულო პოლიციას შეატყობინა. ადგილზე მისულმა სამართალდამცავებმა თემურ ფიფია პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 125–ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ცემას გულისხმობს. თემურ ფიფია დაკავებული არ არის.
„ეს იყო პროვოკატორი, რომელიც შემოვარდა აქ. მას ეხატა პუტინის სურათი და ეწერა შეურაცხმყოფელი სიტყვა. მას ჰგონია, რომ ჩვენ გვიწყობს პროვოკაციას, მაგრამ სინამდვილეში პროვოკაციას უწყობს ქართულ სახელმწიფოს, საქართველოს, ქართველ ხალხს. აღარ ჩავატარეთ ღონისძიებას, რადგან არ გვინდა, რომ პროვოკაციები გაგრძელდეს“, - განაცხადა „სოციალისტური საქართველოს“ ლიდერმა ვალერი კვარაცხელიამ.

„ჩვენ ერთსქესიანთა ქორწინება ძირშივე უნდა ამოვძირკვოთ. ძირშივე უნდა ამოვძირკვოთ ის ღირებულებები, რასაც ევროპა და ამერიკა გვთავაზობენ. რუსეთთან თანამშრომლობა და ინტეგრაცია უნდა იყოს. უარი უნდა ვუთხრათ ნატოს და უნდა განვავითაროთ ურთიერთობა რუსეთთან. თუ ამერიკის ჯარი უნდა იდგეს საქართველოში, რომელიც მამათმავლობას, ერთსქესიანთა ქორწინებასა და ქრისტეს საწინააღმდეგო ყველა დებულებას ავრცელებს ქვეყანაში, ამ შემთხვევაში, მე მირჩევინა ამერიკის ჯარი ჩაანაცვლოს რუსეთის ჯარმა“, – აღნიშნა გრიშა ონიანმა, „სოციალისტური საქართველოს“ ერთ–ერთმა დამფუძნებელმა.

დარბაზში, სადაც ყრილობის ჩატარება იგეგმებოდა, არ იყო საბჭოთა სომბოლიკები. არ გაჟღერდა საბჭოთა ჰიმნიც, განსხვავებით ბათუმსა და გორში ჩატარებული შეხვედრებისგან.

ცნობილია, რომ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში არსებულმა სპეციალურმა კომისიამ, 3 აგვისტოს ოფიციალურად მიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროს და მოუწოდა მიეღო პრევენციული ზომები, რათა თელავში დაგეგმილ ღონისძიებაზე არ მომხდარიყო ქართული კანონმდებლობით აკრძალული საბჭოთა ტოტალიტარული სიმბოლიკის გამოყენება.

„თუ ჩვენ გვიკრძალავენ ვინმეს შევთავაზოთ ის სიმბოლიკა, რომელიც მათთვის მიუღებელია და კანონით აკრძალულია, მოდით, ამ სიმბოლიკის წინაშე  წამოდგომა, ტაშის დაკვრა, ოვაციები და ემოციების გამოხატვა ცრემლიანი თვალებით ავუკრძალოთ იმ ხალხსაც. თუ დემოკრატიის ნასახი მაინც არსებობს საქართველოში, მაშინ უნდა იყოს გამოხატვის და სიტყვის თავისუფლება“, - აღნიშნა კვარაცხელიამ.

რეგიონული ორგანიზაციის დაფუძნების წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, „სოციალისტური საქართველოს“ დამფუძნებლებმა მხარდამჭერებთან ერთად გეორგიევსკის ტრაქტატის ხელმოწერის დღე, ერეკლე მეორეს ძეგლთან აღნიშნეს. ვალერი კვარაცხელიას განცხადებით, ტრაქტატმა საქართველო იხსნა  და რუსეთთან მსგავის დოკუმენტის კიდევ ერთხელ გაფორმებაა საჭირო.

გრიშა ონიანის ინფორმაციით, „სოციალისტური საქართველოს“ კახეთის რეგიონული ორგანიზაციის დამფუძნებელი ყრილობის ჩატარების თარიღი უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.

ააიპ სახალხო მოძრაობა „სოციალისტური საქართველო“ 2016 წელის 9 ივნისს არის რეგისტრირებული. ორგანიზაციის თავმჯდომარე პარტია „ნეიტრალური საქართველოს“ ლიდერი ვალერი კვარაცხელიაა. საერთაშორისო ორგანიზაცია „სტალინის“ თავმჯდომარე გრიგოლ ონიანი და ერთიანი კომუნისტური პარტიის ლიდერი თემურ ფიფია კი თანათავმჯდომარეები არიან.

„სოციალისტური საქართველო“ რუსეთთან დაახლოებას უჭერს მხარს. ორგანიზაცია იყენებს საბჭოთა კავშირის დროშას, სტალინის პორტრეტებს, საბჭოთა ჰიმნს, სიმბოლიკას და ბანერებს რუსულენოვანი წარწერებით „რუს ხალხთან ერთად“.

შეგახსენებთ, 30 ივლისს, ტელეკომპანია „ობიექტივის“ ეთერში, ვალერი კვარაცხელიამ ქართული კანონმდებობით საბჭოთა სიმბოლიკის, მათ შორის ნამგლისა და უროს გამოყენების აკრძალვასთან დაკავშირებით ასეთი განცხადება გააკეთა:

„როდესაც ქმნით კანონს, რომლის მიხედვითაც, თქვენ კრძალავთ შრომის იარაღებს. თქვენ მარტო სურათზე, ნახატზე და პლაკატზე კი არ კრძალავთ, არამედ ცხოვრებაში კრძალავთ ჩაქუჩსა და ნამგალს - შრომის უძირითადეს იარაღებს. თქვენ ადამიანებს გადაუკეტეთ სიცოცხლისა და არსებობის წყარო და ამის გამოხატულებაა ის სულელური კანონი, რომელიც მიიღო სულელთა ჯგუფმა. ამიტომ ჩვენ არ გვეშინია თქვენი. ჩვენ არ გვეშინია ამ კანონის მოქმედების. თქვენ, ვინც მშრომელ ხალხს წაართვით არსებობის უფლება, მაგ ენას, აი, ამ ნამგლით ამოგჭრით და მაგ რეგვენ თავებს, მაგ ჩაქუჩით გაგიხეთქავთ. იმიტონ, რომ თქვენ ხართ მშრომელი ხალხის დაუძინებელი მტრები. ჩაიკმინდეთ ხმა და ჩაიგდეთ ეგ თქვენი ბინძური ენები. აი ეს არის ჩემი პასუხი მაგ სიმბოლიკასთან დაკავშირებით“.

ვალერი კვარაცხელია გადაცემაში წამყვანის სტატუსით მონაწილეობდა. მის განცხადებას საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია გამოეხმაურა. კომისია მოუწოდებს მაუწყებლებს, ასევე საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემების მონაწილეებს დაიცვან საკანონმდებლო და ეთიკური ნორმები.

„მაუწყებელთა ქცევის კოდექსის“ თანახმად, პოლიტიკური თანამდებობის პირის ან პოლიტიკური პარტიის წევრის საზოგადოებრივ–პოლიტიკური, ახალი ამბების ან საინფორმაციო პროგრამებში წამყვანის, ინტერვიუერის ან ჟურნალისტის სახით მონაწილეობა დაუშვებელია.

 

ახალი ამბები