კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ვის დასჭირდა „ეროვნული ფორუმის“ პარტიული ინფორმაცია?!

17 აგვისტო, 2016
 
ალეკო ცქიტიშვილი

პოლიტიკური გაერთიანება „ეროვნული ფორუმის“ წევრები ნაძალადევის პარტიული ოფისისა და მაჟორიტარი დეპუტატობის კანიდატის სახლის გატეხვას პოლიტიკურ ანგარიშსწორებად აფასებენ. შსს-ში აცხადებენ, რომ დანაშაულის გახსნას ექსპერტიზის პასუხები დააჩქარებს.

ორი დანაშაული ერთმანეთის მიყოლებით მოხდა. 10 აგვისტოს გვიან ღამით „ეროვნული ფორუმის“ ნაძალადევის ოფისი გატეხეს, მეორე დღეს კი - ნაძალადევის მე-17 საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, თამარ ციხისელის სახლი. ოფისიდან წაღებულია პარტიულ საქმიანობასთან და არჩევნებთან დაკავშირებული ინფორმაცია. ციხისელის სახლიდან კი არაფერი წაუღიათ, მათ შორის - არც ძვირფასეულობა.

პოლიტიკური ორგანიზაციის ერთ-ერთმა ლიდერმა, პარლამენტის დეპუტატმა ანი მიროტაძემ ადამიანის უფლებათა ცენტრთან დანაშაულების მსგავსებაზე ისაუბრა: „ორივე კრიმინალური შემთხვევა ცალსახად პოლიტიკური შეფერილობისაა. „ეროვნული ფორუმის“ ნაძალადევის ოფისი ერთ-ერთი ძლიერი ოფისია, დიდი გამოცდილებით და დიდძალი ინფორმაციით, რომელსაც წლების განმავლობაში ვაგროვებდით და ვაარქივებდით. როგორც ჩანს, სწორედ ამ ინფორმაციის მოპოვება ჰქონდათ მიზნად. ოფისის საკეტი გატეხილი დაგვხვდა. ყველაფერი იატაკზე ეყარა. კომპიუტერები იყო გახსნილი და დენის წყაროდან გამოერთებული. კომპიუტერებიდან ამოღებულია სრული ინფორმაცია პარტიის წევრების, მხარდამჭერების, კოორდინატორების, აგიტატორების შესახებ და მსგავსი ცნობები, რაც პარტიისთვის განსაკუთრებით ღირებულია წინასაარჩევნო პერიოდში. თამარ ციხისელის სახლიდან არაფერია წაღებული, რადგან იქ ეს ინფორმაცია, ალბათ, ვერ იპოვეს“. 

ანი მიროტაძეს უჭირს კონკრეტული პოლიტიკური კონკურენტის დასახელება, ვინც შეიძლებოდა წასულიყო ასეთ დანაშაულზე. მით უფრო, ვერ წარმოუდგენია, რომ ეს ყოფილიყო მმართველი პოლიტიკური ძალა - „ქართული ოცნება“, რადგან წლების განმავლობაში „ეროვნული ფორუმი“ ამავე სახელწოდების კოალიციის წევრი იყო და ინფორმაციას, რომელიც ოფისიდან გაიტაცეს, კოალიციურად აგროვებდნენ და ამუშავებდნენ. 

„ინფორმაცია, რომელიც ჩვენი პარტიის ოფისიდან წაიღეს, „ქართულ ოცნებასაც“ უნდა ჰქონდეს და შესაბამისად, ეს ინფორმაცია მას წესით არ უნდა აინტერესებდეს. შეიძლება მსგავსი კრიმინალური ქმედებით ვიღაცას უნდოდა ჩვენი ერთგული ამომრჩევლებისა და წევრების დაშინება. თუმცა, ამ ეტაპზე გვიჭირს და არც გვინდა, ვარაუდებით და ეჭვებით ვილაპარაკოთ. ყველანაირად ხელი შევუწყვეთ  ექსპერტიზის ჩატარებასა და სხვა საგამოძიებო მოქმედებებში. ახლა ველოდებით გამოძიების შედეგებს და იმედია, დანაშაული ცხელ კვალზე გაიხსნება“, - განაცხადა ანი მიროტაძემ. 

ნაძალადევის მე-17 საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, თამარ ციხისელი პროფესიონალი ექსპერტი-კრიმინალისტია, FBI-ს სამკერდე ნიშნითა და სერტიფიკატით. მისი თქმით, საქართველოში ასეთი სერთიფიკატი მხოლოდ ორ ქალს აქვს.

თამარ ციხისელი, „ეროვნული ფორუმის“ წევრი, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი: „კარგად ვიცი, როგორ უნდა დავიცვა შემთხვევის ადგილი. სახლში, ისევე როგორც ოფისში, პირდაპირ არ შევედი, კვალი რომ არ წამეშალა. ოპერატიული სამძებრო სამსახური გამოვიძახე და შემოვიყვანე. ვანახე, რომ ძვირფასეულობა და ფასეული ნივთები ადგილზე იყო. შემდეგ ვთხოვე, ამეღო მეხსიერების ბარათი, რასაც კრიმინალები ეძებდნენ. ასე მითხრა - თუ ამაზე აქვთ ამხელა ინტერესი, წავიღებ, დავლუქავ და როცა დაგჭირდებათ, ჩაგაბარებთო. იმის ახსნა დამჭირდა, რომ ამ ბარათზე ინახებოდა კონფიდენციალური, პარტიული ინფორმაცია, რომელსაც ვერავის გადავცემდი“.

თამარ ციხისელი ექსპერტი კრიმინალისტების მუშაობით კმაყოფილი არ არის: „ვთხოვე, რომ დანაშაულის კვალის ძებნისას შემთხვევის ადგილი შავი და თეთრი ფხვნილით დაემუშავებინათ, რადგან წითელი ფხვნილი თეთრ კედლებსა და ავეჯს აზიანებს. მაინც წითელი ფხვნილით დაამუშავეს. ახლა სახლში ყველგან წითელი ლაქებია და ყველაფერი ხელახლა უნდა შევღებო. ასევე, თავიდანვე გავაფრთხილე, რომ ოთახში ბევრი თითის ანაბეჭდი იქნებოდა, რადგან ჩემი შვილი ჯაზმენია და ჩვენთან მისი ბევრი მეგობარი მოდის, თითქმის ყოველდღე დიდი სუფრა იშლება. მართლაც 239 თითის ანაბეჭდი შეგროვდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ყველა ეს ადამიანი უნდა მოიძებნოს და დაიკითხოს. ეს კი ძალიან რთულია. ჩვენი სახლის მოპირდაპირე მხარეს სათვალთვალო კამერებია. მითხრეს, რომ ვიდეომასალა ამოღებულია და თავიდან აპირებდნენ, ეჩვენებინათ, რაც არის გადაღებული, მერე კი აღარ შემომეხმიანენ. ზოგადად, არა ვარ კმაყოფილი მათი მუშაობით. შთაბეჭდილება დამრჩა, რომ სანახევროდ აკეთებდნენ საქმეს“.

თამარ ციხისელის ცნობით, გამომძიებელმა პირად საუბარში გამოთქვა ვერსია, რომ დანაშაულის ჩამდენი შესაძლოა, „ეროვნული ფორუმის“ წევრიც იყოს და გარკვეული მოტივი ამოძრავებდეს. თუმცა, გამოძიება რა მიმართულებით მიდის, ამაზე პარტიის წევრებს ინფორმაცია არა აქვთ.

შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, თეა პერტაიას ცნობით, შსს-მ ორივე დანაშაულზე მყისიერი რეაგირება მოახდინა და მომხდარ ფაქტებთან დაკავშირებით, გამოძიება სს კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო. დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები, რომელთა პასუხები დანაშაულის გახსნას ხელს შეუწყობს. 

ანი მიროტაძე და თამარ ციხისელი მეორე დანაშაულს პირველს უკავშირებენ და მიაჩნიათ, რომ საქმეები უნდა გაერთიანდეს. თამარ ციხისელის თქმით, საცხოვრებელი სახლის გატეხვა მოჰყვა პარტიის ოფისის გატეხვის შემდეგ პრესკონფერენციაზე მის მიერ გავრცელებულ ცნობას, რომ რა ინფორმაციაც კრიმინალებმა ოფისიდან წაიღეს, ის სხვაგანაც ინახებოდა.

ფოტოზე: კადრი „მოამბის“ სიუჟეტიდან თამარ ციხისელის სახლის გატეხვის თაობაზე

ახალი ამბები