კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მაჟორიტარული სისტემა, სულ ცოტა, 2020 წლამდე იარსებებს

24 აგვისტო, 2016
 
გიორგი ჯანელიძე 

ინტერპარტიული ჯგუფი და არასამთავრობო ორგანიზაციები საპარლამენტო არჩევნებში მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას ითხოვდნენ, მაგრამ მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. მაჟორიტარული სისტემის გაუქმების მომხრე ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილიც იყო. მან არსებულ სისტემას „ფეოდალური“ უწოდა. 

მოგვიანებით ყოფილმა პრემიერმა დააზუსტა, რისი თქმა სურდა. „იმ დონით არსებობს პრობლემა, რომ მე რამდენჯერმე დავსვი საკითხი, რომ შეიძლება, ეს მაჟორიტარული საერთოდ ამოვიღოთ. მე არ ვარ ამის დიდი სპეციალისტი და ძალიან ფრთხილად ვეკიდები. შესაძლოა, უხეში ტერმინი ვიხმარე, როდესაც ვუწოდე „ფეოდალური“, მაგრამ ის, რომ მათ მიაჩნიათ, რომ რეგიონი თვითონ უნდა მართონ, ეს ასე არაა“, - ჯერ კიდევ 2013 წელს უთხრა ბიძინა ივანიშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტებს. 

იმ არასამთავრობო ორგანიზაციებიდან, რომლებიც მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას ჯერ კიდევ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ითხოვდნენ, „სამართლიანი არჩევნები“ იყო. ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორის, მიხეილ ბენიძის თქმით, საარჩევნო სისტემის გაუმჯობესება ქვეყანაში მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს საარჩევნო გარემოს. როგორც ცნობილია, საქართველოში მოქმედებს მაჟორიტარული და პროპორციული არჩევნების ე.წ. პარალელური სისტემა. „წლების განმავლობაში ვხედავთ, რომ მაჟორიტარული არჩევნები მმართველ პარტიას ან იმ პარტიებს, რომელთაც აქვთ მეტი დაფინანსება, აძლევს არასამართლიან უპირატესობას. პრაქტიკულად, მაჟორიტარულ არჩევნებს იგებს ძირითადად ფული და ასევე - ადმინისტრაციული რესურსით მხარდაჭერა. შედეგად, მმართველ პარტიას პროპორციულ არჩევნებში მიღებული ხმების გარდა, ემატება მაჟორიტარული კანდიდატების გამარჯვების შედეგად მიღებული მანდატები“, - განუცხადა მიხეილ ბენიძემ humanrights.ge-ს. 

მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას არასაპარლამენტო ოპოზიციის სხვა წარმომადგენლებთან ერთად ითხოვდა პარტია „ახალი მემარჯვენეები“, რომლის ლიდერი, მამუკა კაციტაძე აცხადებს, რომ მაჟორიტარული სისტემა, ზოგადად, არადემოკრატიული არ არის და მსოფლიოს მთელ რიგ ქვეყნებში არჩევნები სწორედ ამ სისტემით ტარდება, მაგრამ აუცილებლად გასათვალისწინებელია, რა ტიპის სახელმწიფო მმართველობაზეა საუბარი და როგორი სტრუქტურა აქვს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს. 

„მაჟორიტარული არჩევნები ტარდება იმ ქვეყნებში, სადაც არის ორპალატიანი სისტემა - საკანონმდებლო ორგანოს ერთი პალატა კომპლექტდება მაჟორიტარული წესით, მეორე კი, პროპორციული წესით. ამავე დროს, არის მთელი რიგი მნიშვნელოვანი საკითხებისა, რასაც სჭირდება ორივე პალატის თანხმობა მაღალი ქვორუმით. იქ, სადაც არის ერთპალატიანი პარლამენტი, იშვიათი გამონაკლისების გარდა, არ არის მაჟორიტარულისა და პროპორციულის ერთობლივი სისტემა. ქართულ რეალობაში ახლა მივიღებთ იმას, რომ ერთი პარტია აიღებს, დავუშვათ, თუნდაც 50%-ზე მეტს, ამ დროს, 73 ერთმანდატიან ოლქს მთლიანად მოხსნის, 77%-დან აიღებს დაახლოებით ნახევარს, მთლიანობაში მოაგროვებს 100 მანდატზე მეტს (შეიძლება საკონსტიტუციო უმრავლესობასაც) და 4 წლის განმავლობაში დანარჩენი პარტიების ხმა და ინტერესი ნულდება და ჩვენ ვიღებთ ერთი პოლიტიკური ძალის მიერ მართულ სიტუაციას, რაც მათ არ ეკუთვნით!“, - განაცხადა „ახლების“ ლიდერმა humanrights.ge-სთან საუბრისას. 

2015 წლის 28 მაისს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ დააკმაყოფილა სარჩელი – „საქართველოს მოქალაქეები უჩა ნანუაშვილი და მიხეილ შარაშიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ და არაკონსტიტუციურად ცნო საქართველოს საარჩევნო კოდექსის ის ნორმები, რომლებიც ადგენდა 73 ერთმანდატიანი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის განსაზღვრის წესს. სადავო ნორმების თანახმად, საპარლამენტო არჩევნებისათვის თითოეული მუნიციპალიტეტი, თბილისის გარდა, წარმოადგენდა ერთმანდატიან მაჟორიტარულ ოლქს, ხოლო თბილისში  იქმნებოდა 10 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი. მოსარჩელეების მოსაზრებით, მაჟორიტარულ საპარლამენტო არჩევნებში ამომრჩეველთა ხმები არ იყო თანაბარი ძალის მქონე. 

ერთ-ერთი მოსარჩელე, კონსტიტუციონალისტი მიხეილ შარაშიძე განმარტავს, რომ საარჩევნო კოდექსით გათვალისწინებული ძველი წესის თანახმად, ერთმანდატიანი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქები ავტომატურად იყო მიბმული ყოფილი მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე, რაც ამომრჩეველთა რაოდენობებს შორის საკმაოდ მაღალ დისპროპორციას იწვევდა. „ძირითადი პრობლემა, რაც ჩვენ სარჩელში გვქონდა, მოგვარდა, ვინაიდან მეტ-ნაკლებად მოხდა ამ ოლქების ერთ ნიშნულთან დაყენება“, - უთხრა humanrights.ge-ს კონსტიტუციონალისტმა.  

საარჩევნო ოლქების ახლებურად დაყოფის ფაქტს დადებითად, ხოლო რეალურ სურათს უარყოფითად აფასებს მამუკა კაციტაძე, რომელიც ამბობს, რომ არათანაზომიერია მაჟორიტარული ოლქები, რის გამოც თითო-თითო დეპუტატს ირჩევს როგორც 5 000-ამომრჩევლიანი ყაზბეგის რაიონი, ასევე 160000-ამომრჩევლიანი ქუთაისი.

საარჩევნო ოლქების ახლებურად დაყოფის წინააღმდეგია სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი, ზაურ ხალილოვი: „მთელ საარჩევნო პროცესში ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე ამოუხსნელი საკითხია, თუ რა კრიტერიუმები არსებობდა იმისთვის, რომ თელავის მუნიციპალიტეტის სოფ. ყარაჯალა მიაკუთვნეს ახმეტის მუნიციპალიტეტის საარჩევნო ოლქს, ხოლო ნინოწმინდა-ახალქალაქი ერთ საარჩევნო ოლქად გაეერთიანეს და მათ ერთი მაჟორიტარი დეპუტატი ეყოლებათ. ყველა რაიონს და რეგიონს აქვს თავისი სპეციფიკა და თუ მეტ-ნაკლებად იცი ეს სპეციფიკა, მაშინ ცოტა არ იყოს, რთულია ასეთი გადაწყვეტილების მიღება“. 

მაჟორიტარული სისტემის გაუქმებასთან დაკავშირებული საკითხის განხილვა 2020 წლის არჩევნებამდე დღის წესრიგიდან მოიხსნა. 

ახალი ამბები