კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მსჯავრდებულებზე ზეწოლას დამკვირვებლები ამ ეტაპზე არ ადასტურებენ

26 აგვისტო, 2016
ალეკო ცქიტიშვილი

„ციხეებში ნიშნავენ ახალ მაყურებლებს, ვისაც კარგი ურთიერთობა აქვს ადმინისტრაციასთან. კრიტებიდან გადმოყავთ. მათ მშობლებს კი აწვებიან, რომ საახლობლოზე იმუშაონ საარჩევნოდ. და ვისაც 2012 წელს 10 და 15 წელი მოაკლეს, მაგ კატეგორიის პატიმრებს ციხიდან გამოშვებას პირდებიან არჩევნების მერე“, - ფეისბუკზე გამოქვეყნებული ამ სტატუსის გამო საპარლამენტო ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, კობა სუბელიანი სასჯელაღსრულების სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ გამოკითხა.  

„ეს იმის ნიშანია, რომ ძალიან უჭირთ. წააგებენ არჩევნებს თუ მართლა სასწაულები არ ჩაიდინეს“, - წერს დამატებით დეპუტატი 13 აგვისტოს სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ სტატუსში.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ინფორმაციით, გენერალური ინსპექცია სუბელიანს ტელეფონით იმ დღესვე დაუკავშირდა. 

„სუბელიანს სატელეფონო საუბრისას არ დაუსახელებია არც ერთი კონკრეტული ფაქტი ან რომელიმე პირის ვინაობა. მხოლოდ ზოგადი ინფორმაციით შემოიფარგლა და განაცხადა, რომ ამის თაობაზე ინფორმაცია ერთ-ერთ პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულის მამისგან შეიტყო“, - აღნიშნულია სასჯელაღსრულებისა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომლის თანახმად, კობა სუბელიანმა სამინისტროში გამოცხადება მხოლოდ ოთხი დღის შემდეგ, 17 აგვისტოს შეძლო, - „შეხვედრაზეც მან არ დაასახელა არც ერთი გვარი და ფაქტი. როგორც სატელეფონო საუბრისას, ისე სამინისტროში შეხვედრისას, დეპუტატმა განაცხადა, რომ ინფორმაცია მსჯავრდებულის მამისგან მიიღო, რომლის ვინაობის გამხელისგან მამა თავს იკავებს, თითქოს, შვილის მიმართ მოსალოდნელი ზეწოლის და უარყოფითი შედეგის შიშის გამო. ასევე, ზოგადია ინფორმაცია, სუბელიანის თქმით, ე.წ მაყურებლის იმერეთის მხარეში მდებარე ერთ-ერთ პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანის შესახებაც. აღნიშნულ ინფორმაციასთან დაკავშირებით არც ერთი კონკრეტული პირის ვინაობა, მათ შორის, მისი თქმით, ე,წ მაყურებლის გვარიც არ დასახელებულა და არც ის, თუ კონკრეტულად რომელ დაწესებულებაშია გადაყვანილი. აღნიშნულთან დაკავშირებით დეპუტატმა სუბელიანმა განაცხადა, რომ კონკრეტული პირების ვინაობა არ იცის“.

ადამიანის უფლებათა ცენტრთან საუბრისას, კობა სუბელიანმა განაცხადა, რომ იგი ვერ გაამჟღავნებს ინფორმაციის წყაროს - ერთ-ერთი მსჯავრდებულის მამის ვინაობას, ვინაიდან ამით შეიძლება საფრთხე დაემუქროს მის შვილს საპატიმროში. ამასთან, მსჯავრდებულებზე ზეწოლის თაობაზე ინფორმაცია კობა სუბელიანს მხოლოდ ერთი წყაროსგან აქვს.

„წყაროს სრულიად ვენდობი, იმდენად დამაჯერებლად ისაუბრა, რომ არა მაქვს საფუძველი, არ ვენდო. თუმცა, მის ვინაობას ვერ დავასახელებ. გენერალურ ინსპექციაშიც იგივე ვუთხარი, მაგრამ მივანიშნე, რომ საპატიმრო, რომელზეც არის საუბარი, დასავლეთ საქართველოშია. მეტ მინიშნებას ვერ გავაკეთებ. დასავლეთ საქართველოში ბევრი საპატიმრო არ არის და შეუძლიათ, გადაამოწმონ და გამოიძიონ, რაც ხდება. თუ მოინდომებენ, ყველაფერს ადვილად დაადგენენ. ასე მითხრეს - პირადად მინისტრია დაინტერესებული ამ საქმითო. თუ მინისტრია დაინტერესებული, თვითონ რატომ არ შემხვდა?! მეც ხუთი წელი ვიყავი მინისტრი და ვიცი, რაც არის ეს „მოუცლელობა“. მართლა რომ აინტერესებდეს, პირადად შემხვდებოდა“, - უთხრა კობა სუბელიანმა ადამიანის უფლებათა ცენტრს.

თავის მხრივ, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო აცხადებს, რომ სრულად დეპოლიტიზებული უწყებაა და გამორიცხავს რაიმე სახის ზეწოლით საარჩევნო პროცესებში მსჯავრდებულთა და მათი ოჯახის წევრების ჩართვას: „სამინისტრო მიიჩნევს, რომ თავისუფალი არჩევანი ხელისუფლების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მონაპოვარია და ამ უფლების შეზღუდვას საკუთარი საქმიანობის არეალში არავითარ შემთხვევაში არ დაუშვებს. ამასთან, მიმართავს საზოგადოებას, თუ რომელიმე პოლიტიკური პარტია ან მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი წინასაარჩევნო შეხვედრებზე მსჯავრდებულთა შესახებ მსგავსი თემებით მანიპულირებას შეეცდება, დროული და ეფექტური რეაგირების მიზნით, კონკრეტულ ფაქტებთან დაკავშირებით დაუყოვნებლივ მიაწოდონ ინფორმაცია სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალურ ინსპექციას“.

მსჯავრდებულებზე რაიმე სახის ზეწოლის შესახებ ინფორმაცია არა აქვს სახალხო დამცველის აპარატს. როგორც humanrights.ge-ს ომბუდსმენის პრესსამსახურიდან აცნობეს, მიუხედავად იმისა, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებებში სისტემატიურად ტარდება მონიტორინგი და აპარატს პირდაპირი კომუნიკაცია აქვს მსჯავრდებულებთან, მსგავსი ფაქტების შესახებ ინფორმაცია სახალხო დამცველისთვის აქამდე არავის მიუწოდებია.

მსჯავრდებულებზე ზეწოლის შესახებ ინფორმაცია არც დამკვირვებელ ორგანიზაციებს არა აქვთ. დამკვირვებლები აცხადებენ, რომ კობა სუბელიანის მიერ გავრცელებული ინფორმაცია უდავოდ არის შესწავლის საგანი და თავიანთ წყაროებთან აუცილებლად გადაამოწმებენ. 

არსებული საარჩევნო კანონმდებლობით, ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის მსჯავრდებულებს საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემის უფლება აქვთ. მნიშვნელოვანია, სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არჩევნები სამართლიან და თავისუფალ გარემოში ჩატარდეს. 

განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი (CDD) აკვირდება გამონაკლის შემთხვევებში შექმნილ უბნებზე მიმდინარე საარჩევნო პროცედურებს, მათ შორის პენიტენციალურ დაწესებულებებში შექმნილ უბნებზე. 

„მსჯავრდებულებზე რაიმე სახის ზეწოლის ფაქტის დადასტურება არ შეგვიძლია, რადგან ჩვენ წინასაარჩევნო და ასევე არჩევნების დღის დაკვირვების დროს არა გვაქვს უშუალო კონტაქტი მსჯავრდებულებთან“, - ამბობს CDD-ს წარმომადგენელი, მარი ბენდელიანი humanrights.ge-სთან საუბრისას. რაც შეეხება ვითარებას გამონაკლის შემთხვევებში შექმნილ უბნებზე, ამ ეტაპისათვის პენიტენციურ დაწესებულებებში სპეცუბნები ჯერ არ გახსნილა. შესაბამისად, CDD ჯერ არ ფლობს ინფორმაციას სპეცუბნებზე არსებული ვითარების შესახებ. 

„2013 წლის საპრეზიდენტო და 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს ჩვენ დავაკვირდით სპეცუბნებზე როგორც წინასაარჩევნო პერიოდს, ასევე უშუალოდ არჩევნების დღეს კენჭისყრის მიმდინარეობას. წინასაარჩევნო პერიოდში ჩვენ ვაკვირდებით, რამდენად ინფორმირებულები არიან მსჯავრდებულები – გამოკრულია თუ არა პოლიტიკური სუბიექტების პლაკატები თვალსაჩინო ადგილას, გადამზადდა თუ არა გამონაკლის შემთხვევებში შექმნილი კომისიის წევრები. ხოლო არჩევნების დღეს ვაკვირდებით უბანზე მიმდინარე პროცედურებს - მიმდინარეობს თუ არა კანონის შესაბამისად და აგრეთვე სპეცუბანზე პროცედურების დასრულების შემდეგ მივყვებით საარჩევნო ყუთს მთავარ უბანზე, სადაც ხდება ხმების დათვლა დღის ბოლოს. ვაკვირდებით, რათა არ დაირღვეს როგორც მსჯავრდებულების, ასევე პენიტენციალური ინსტიტუციის თანამშრომლების ხმების ფარულობა. ზემოთხსენებული არჩევნების დაკვირვების დროს (მათ შორის - ადგილობრივი თვითმმართველობის მეორე ტურზე), აღნიშნულ სისტემაში შექმნილ გამონაკლის შემთხვევაში შექმნილ უბანზე ჩვენი დამკვირვებლების მიერ არ დაფიქსირებულა მსჯავრდებულებზე ან ციხის თანამშრომლებზე ზეწოლის ფაქტი“, - განაცხადა მარი ბენდელიანმა.

ადამიანის უფლებათა ცენტრი სოციალური რეკლამის საშუალებით მიმართავს მოქალაქეებს, თუკი ირღვევა მათი კონსტიტუციური უფლებები წინასაარჩევნო პერიოდში, დაუყოვნებლივ მიმართონ ორგანიზაციას, რათა დროულად მოხდეს რეაგირება მსგავს დარღვევაზე.

ახალი ამბები