კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

წინასაარჩევნო აგიტაციისთვის გამოყოფილი ობიექტები დავის საგნად იქცა

19 სექტემბერი, 2016
 
 
შორენა კაკაბაძე, ქუთაისი

წინასაარჩევნო პერიოდში ხელისუფლება გამუდმებით საუბრობს იმის შესახებ, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები, ისევე როგორც წინასაარჩევნო პროცესი, დემოკრატიულ სტანდარტებზე დაყრდნობით, ყოველგვარი უსიამოვნებების ფონზე უნდა ჩატარდეს. პასუხად, ოპოზიციურ პარტიათა წარმომადგენლები წინაარჩევნო პერიოდში არათანაბარ პირობებსა და შერჩევით სამართალზე ჩივიან. კერძოდ, საუბარია წინასაარჩევნო შეხვედრებისთვის გამოყოფილი ადგილების ხელმისაწვდომობაზე, რომელიც, წინა არჩევნების მსგავსად, კვლავ პრობლემად რჩება.

„საკითხი ისევ გადაუწყვეტელია. იმისათვის, რომ ამა თუ იმ პარტიამ ხალხთან, საკუთარ ამომრჩეველთან შეხვედრა დაგეგმოს და განახორციელოს, ქალაქის მერს და ცენტრალურ მთავრობას უნდა შეუთანხმდეს. როგორც ირკვევა, ეს მათ ხასიათსა და განწყობაზეა დამოკიდებული. აბა, სხვა რა უნდა ვიფიქროთ, როცა კვლავ პრობლემებს ვაწყდებით ამ კუთხით. მესხიშვილის თეატრში  შესვლაზე უშუალოდ თეატრის ხელმძღვანელობა თანახმაა, მაგრამ მერია გვიწევს ყოველთვის წინააღმდეგობას. ჯერ თითქოს თანახმა არიან, მერე კი, როცა უშუალოდ მომენტი  დგება, უარს გვეუბნებიან“, - ამბობს პოლიტიკური პარტია „თავისუფალი საქართველოს“ ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარე გოგი წულაია.
 
იმავე პრობლემაზე საუბრობენ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში.“ პარტიის ქუთაისის ორგანიზაციის წარმომადგენლის გიორგი უკლებას განმარტებით, მერიასთან შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.

„თეატრის ადმინისტრაცია დავითანხმეთ, თუმცა, ბოლო მომენტში, მერიიდან მივიღეთ უარი  და შეხვედრები, ყოველგვარი მომზადების გარეშე, ჩავატარეთ ქუჩაში, ღია ცის ქვეშ. ჩვენ ამ და სხვა არაერთ კონკრეტულ ფაქტზე არაერთხელ აღვნიშნეთ და ამის შესახებ მივაწოდეთ კიდეც ინფორმაცია შესაბამის არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც წინასაარჩევნო პროცესის მონიტორინგს ახორციელებენ“, - აღნიშნა გიორგი უკლებამ.

კანონმდებლობის მიხედვით, წინასაარჩევნო აგიტაციისთვის შენობა-ნაგებობების გამოყოფა ადგილობრივი თვითმმართველობების პრეროგატივაა. სწორედ ამ ორგანომ უნდა უზრუნველყოს აღნიშნული საკითხის გადაწყვეტა და თანაბრად ხელმისაწვდომი გახადოს იგი ქვეყანაში მოქმედი ყველა პოლიტიკური სუბიექტისთვის.
აღნიშნული აქტივობების განსახორციელებლად ქუთაისში ნიღბების თეატრის შენობა, ასევე, მოსწავლე-ახალგაზრობის პარკის ტერიტორია გამოიყო. თუმცა, როგორც ქუთაისის 59-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ავთანდილ ოსეფაიშვილი აცხადებს, პოლიტიკური სუბიექტები წინასაარჩევნო აგიტაციისთვის გამოყოფილ შენობებს ნაკლებად იყენებენ და ურჩევნიათ შეხვედრები სხვა ტერიტორიაზე გამართონ. 

„მათ შეუძლიათ, წინასწარ მომართონ საოლქო საარჩევნო კომისიას, რა დღეს სურთ შეხვედრა ამომრჩეველთან, რომ არ მოხდეს დამთხვევა სხვა პოლიტიკური სუბიექტის აქტივობასთნ და თავისუფლად, ყოველგვარი გვერდითი მოვლენებისა და უსიამოვნებების გამორიცხვით, მოაწყონ აღნიშნული შეხვედრები“, - განაცხადა ოსეფაიშვილმა.

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენელთა განმარტებით, ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ გამოყოფილი ობიექტები ადგილმდებარეობის გამო მათთვის არახელსაყრელია, რადგან ქალაქის ცენტრალურ ტერიტორიაზე არ მდებარეობს. ამ მხრივ შეზღუდვები კი, მხოლოდ მათზე ვრცელდება. სახელისუფლებო პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატებს საშუალება ეძლევათ, ქალაქის ნებისმიერი ადმინისტრაციული შენობა სურვილისამებრ, დღის ნებისმიერ მონაკვეთში, ნებისმიერი დროით დაიკავონ.

ახალი ამბები