კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

თამარ ჟვანია: „საზოგადოებას აქვს რწმენა, რომ გაყალბების თემებზე აღარ ვმსჯელობთ“

22 სექტემბერი, 2016
 
გიორგი ჯანელიძე

humanrights.ge ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, თამარ ჟვანიას წინასაარჩევნო გარემოზე ესაუბრა. 

- როგორ შეაფასებდით მიმდინარე წინასაარჩევნო გარემოს და ცესკოს მუშაობას 2016 წლის არჩევნების წინ, რამდენად მზადაა საარჩევნო უბნები რეგიონებში არჩევნების ჩასატარებლად?

- არა მარტო ცესკოს ხედვით, არამედ დამკვირვებელი ორგანიზაციების წინასწარი ანაგრიშებითაც, კარგად ჩანს, რომ აშკარად გაუმჯობესებულია გარემო. თუ შევადარებთ წინა არჩევნებს, აშკარად ნაკლებია და თითქმის არც არის რაიმე ძალიან სერიოზული ტიპის დარღვევები. რა თქმა უნდა, გარკვეულ ხარვეზებს აქვს მცირე სახით ადგილი, მაგრამ ზოგადად, მთლიანობაში, არის მშვიდი გარემო. ძალიან ბევრი კარგი ახალი სერვისი შევთავაზეთ ამომრჩევლებს. პირველად საქართველოში სწრაფი გადახდის აპარატებში 800000-ზე მეტმა ამომრჩეველმა გადაამოწმა საკუთარი თავი. მობილური აპლიკაციების ვებ-გვერდის მეშვეობით „იპოვე შენი თავი“, „იპოვე შენი უბანი“ სერვისიც დავამატეთ. მცირემხედველი ამომრჩევლებისთვის, გამადიდებელი ლინზების გარდა, პირველად ყველა უბანში გვექნება სპეციალური ჩარჩო-ფორმა, რათა დამოუკიდებლად მისცენ ხმა. ადაპტირებული უბნების რაოდენობა გაიზარდა 102-დან 1115-მდე და ესეც დიდი პროგრესია. კანდიდატების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომი იქნება აუდიოფორმატში. ყველა მასალა, მათ შორის - კლიპები, მოვამზადეთ აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე. ასე რომ, ყველა ამ და სხვა ახალი სერვისით ცესკო კარგ მომსახურებას სთავაზობს ამომრჩეველს. 

- საარჩევნო ოლქების ახალი წესით დაყოფა სირთულეებს ხომ არ შეუქმნის საარჩევნო ადმინისტრაციას?

- ეს იყო და არის მნიშვნელოვანი გამოწვევა იმიტომ, რომ ამან ძალიან ბევრი გადანაწილება გამოიწვია, მათ შორის - საოლქო საარჩევნო კომისიების ფუნქციების კუთხით. კონკრეტულ საოლქო საარჩევნო კომისიას ახლა, შესაძლოა, მოუწიოს ერთზე მეტი (და ასეც არის), ვთქვათ, ხუთი საარჩევნო ოლქის ადმინისტრირება. გვყავს როგორც ძირითადი, სრულფასოვანი საოლქო საარჩევნო კომისიები სრულად აღჭურვილი უფლებამოსილებებით, ასევე - დამხმარე საოლქო საარჩევნო კომისიები. ეს გარკვეულ სირთულეებს ქმნის იმ შემთხვევაში, როდესაც ერთდროულად ტარდება პარლამენტის და მერისა და გამგებლის არჩევნები 6 საარჩევო ოლქში. ასევე, საკრებულოს შუალედური არჩევნები, როდესაც უკვე მუნიციპალური საზღვარი ამ შემთხვევაში, გადამწყვეტია გამგებელი-მერის არჩევნებისთვის. ხოლო პარლამენტის არჩევნებისთვის განსხვავებული საზღვარია და ეს გარკვეული ლოჯისტიკურ-ადმინისტრაციული სირთულეებია. თუმცა, ჩვენ ისე დავალაგეთ გადაწყვეტილების მიღების პროცესი, რომ ვფიქრობთ, გვაქვს ამ სირთულებისთვის თავის გართმევის რესურსიც და სამართლებრივი შესაძლებლობაც.   

- რამდენად მზადაა ცესკო მოსალოდნელი ინცინდენტებისთვის?

- თუ სამართლებრივ ჩარჩოში იქნება დავა, ჩვენ სამართლებრივ გზებსა და საშუალებებს გამოვიყენებთ. აქამდე არ ყოფილა ასეთი მძიმე ფაქტები, გარდა ერთი შემთხვევისა: კორცხელის შემთხვევა კარგი ნასწავლი გაკვეთილი იყო ყველასთვის. ძალადობის ადგილი არ არის საარჩევნო პროცესებში. ჩვენ ძალიან ბევრი ვიმუშავეთ უცხოელ ექსპერტებთან ერთად, საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის დახმარებით (IFES). ჩვენ შსს-სთან ერთად გავიარეთ საერთაშორისო სტანდარტებსა და კარგ პრაქტიკაზე დამყარებული ძალიან მნიშვნელოვანი ტრენინგი თემაზე „არჩევნები და უსაფრთხოება“. გვქონდა ორდღიანი სამუშაო შეხვედრა. ახლა, ამ არჩევნებისთვის, შსს-სთან ერთად ხელს ვაწერთ მემორანდუმს, რომელიც ზუსტად მიზნად ისახავს ყველა შესაძლო ძალადობრივი ფაქტის პრევენციას საარჩევნო პროცესში და უშუალოდ არჩევნების დღეს. ზუსტად უნდა ვიცოდეთ ქმედება, რომელიც შესაძლო კონფლიქტის დღეს უნდა განახორციელოს ერთი მხრივ - პოლიციამ, ხოლო მეორე მხრივ - ცესკომ. მთავარია, უსაფრთხოება და მშვიდი გარემო, რაც ხელს უწყობს არჩევნებში ამომრჩევლის ნების თავისუფალ გამოვლენას.  

- 2012 წლის არჩევნების შემდეგ არასამთავორო ორგანზაციები, მათ შორის - ადამიანის უფლებათა ცენტრი, აღნიშნავდნენ, რომ გაყალბებასა და სერიოზულ დარღვევებს ადგილი არ ჰქონია. თუმცა, ის ხარვეზები და შეცდომები, რაც წინა არჩევნებზე დაფიქსირდა, საარჩევნო კომისიის წევრთა, გარკვეულწილად, არაკვალიფიციურობის შედეგი იყო. რა ზომებია მიღებული იმისთვის, რომ 2016 წლის არჩევნები კვალიფიციურმა მოხელეებმა ჩაატარონ?

- აქ მთავარი და არსებითი არის ის, რომ ეს შეიძლება იყოს არა გაყალბება, არამედ უნებლიე გადაცდომა, ტექნიკური ხარვეზი, რომელიც გამოსწორებადია. საზოგადოებას (ეს დამკვირვებელთა ანგარიშებში ცალსახად ფიქსირდება) აქვს რწმენა იმისა, რომ გაყალბების თემებზე აღარ ვმსჯელობთ და ჩვენ გავიზარდეთ, როგორც საზოგადოება. საუბარია ტექნიკურ ან კომპეტენციის გამო რაიმე ტიპის გადაცდომაზე, რომელიც გამოსწორებადია. ჩვენ მუდმივ ტრენინგებს და ზრდას ვთავაზობთ ადმინისტრაციას ამ კუთხით. 

ერთი მხრივ, პრობლემაა, რომ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების სია კომპლექტდება მხოლოდ ერთი თვით ადრე. ერთი თვე, შესაძლოა, არ იყოს საკმარისი თითოეული მათგანისთვის, რომ ძირფესვიანად გაითავისონ ისეთი რთული კანონმდებლობა, როგორიცაა - საარჩევნო კოდექსი. თუმცა, ჩვენ იმედს გვაძლევს ის, რომ მათ აქვთ გარკვეული პრაქტიკა. საუბნო-საარჩევნო კომისიებში დღესდღეობით არიან პირები, რომლებსაც რამდენიმე არჩევნებზე აქვთ ნამუშევარი და ასეთი ძალიან ბევრია. ამავდროულად, არიან დამკვირვებლები, ჩვენი საგანმანათლებლო პროექტების კურსდამთავრებულები და ჩვენ ახლაც უკვე ტრენინგების მეორე ეტაპს ვატარებთ. ოთხი ეტაპის ტრენინგს ძირფესვიანად გაივლიან საუბნო-საარჩევნო კომისიები. ყველანაირად უნდა ვეცადოთ, რომ თუნდაც ის ტექნიკური ხარვეზები ან რაიმე ტიპის კომპეტენციის პრობლემა აღარ დაგვიდგეს ამ არჩევნებზე. 

- სასამართლომ დააკამყოფილა „მრეწველების“ სარჩელი და პოლიტიკური პარტია არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს. გოგი თოფაძემ განაცხადა, რომ ეს საკითხი ვიღაცის ინტერესებში შედის. აპირებთ თუ არა ამ გადაწყვეტილების გასაჩივრებას?

- რა თქმა უნდა, არანაირი ინტერესი არ ყოფილა. ეს იყო ჩვეულებრივი სამართლებრივი საფუძვლები, როცა ცესკომ და მისმა თავმჯდომარემ მიიღეს გადაწყვეტილება. კანონში მართლა ცალსახად და ცხადად წერია, რომ პარტიული სიის წარმოუდგენლობა არის საარჩევნო სუბიექტის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველი. როდესაც მე ეს გადაწყვეტილება გამოვეცი გაუქმების შესახებ, იყო აბსოლუტურად კანონშესაბამისი. თუმცა, სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება და იმიტომ არსებობს ზოგადად სასამართლო სისტემა, რომ მას აქვს გაცილებით მეტი სამართალშემოქმედებითობის უფლებები, ვიდრე ნებისმიერ ადმინისტრაციულ ორგანოს. მოსამართლემ დამატებით განმარტა კანონი და მას აქვს ამის შესაძლებლობა. მან ამ დამატებითი განმარტებების საფუძველზე, სამართლებრივ საფუძვლად და საკმარისად ჩათვალა ის დოკუმენტაცია, რომელიც კანონით დადგენილ ვადაში წარმოადგინა კონკრეტულმა ბლოკმა. მე არ ვაპირებ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას.  

- რესპუბლიკურმა პარტიამ საარჩევნო ნომრების მინიჭების პროცედურასთან დაკავშირებული საკითხების გამო პროტესტი გამოთქვა. რამდენად საფუძვლიანად მიგაჩნიათ ეს პროტესტი?

- რესპუბლიკურმა პარტიამ დადგენილების ნაწილი გაასაჩივრა, რომელიც ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მიიღო. აქ ცხადი იყო, რომ რესპუბლიკური პარტია ძირითადად, დაობდა იმ ნაწილში, რომ ორ კონკრეტულ საარჩევნო სუბიექტს, ვისაც ნომრების შესაძლებლობა მისცა ცესკომ, ამ დადგენილებით ექნებათ უპირატესობა. თუმცა, იმ დადგენილებაში ეწერა, რომ ეს უპირატესობა მათ არ უნდა ჰქონოდათ და მათ მხოლოდ მას შემდეგ შეეძლებოდათ ამ საარჩევნო სუბიექტის რიგითი ნომრების გამოყენება, რაც მოხდებოდა ყველა სხვა საარჩევნო სუბიექტზე წილისყრაში მონაწილე ნომრების გადანაწილება. ეს პროცესი ორივე ინსტანციაში ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მოიგო. რესპუბლიკურმა პარტიამ გაასაჩივრა, ჩვენ მოვიგეთ და ეს დადგენილება არის ძალაში. მეორე საკითხია, ეს კონკრეტული მოთხოვნა, რომ უპირატესობა არ მინიჭებოდათ, შესრულდა თუ არა კონკრეტული სუბიექტების მიერ. ამ საკითხზე მე დაწყებული მაქვს მოკვლევა, რომ გამოიყენეს თუ არა ნომერი მანამ, ვიდრე მათ ჩვენი დადგენილების შესაბამისად შეეძლოთ და უახლოეს მომავალში მივიღებთ გადაწყვეტილებას.   

- ცესკოს შეფასებით, რა ხარვეზებს ჰქონდა ადგილი წინასაარჩევნო პერიოდში?

- გარკვეული პრეცედენტები იყო წინასაარჩევნო პერიოდში. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ისეთი საქმეები წამოვიდა დღის წესრიგში განსახილველად, რომლებიც სხვა არჩევნებზე არ ყოფილა. უცხო ქვეყნის მოქალაქის მონაწილეობის საკითხი წინასაარჩევნო კამპანიაში, როდესაც ყოფილი პრეზიდენტის შესახებ დაიწყო ეს დავა, და ეს სამართლებრივ ჭრილში გახდა საკმაოდ ბუნდოვნად გადასაწყვეტი და ფაქტობრივად შეუძლებელი იყო მისი გადაწყვეტა, ისევე როგორც სოციალური ქსელების მეშვეობით წინასაარჩევნო კამპანიაში სავარაუდო მონაწილეობის ფაქტები და ესეც სამართლებრივი რეგულირების ჩარჩო თვალსაზრისით არცთუ ისე ცხადად არის გაწერილი. დღესდღეობით ორი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი მაინც შედგენილია ცესკოს მიერ: ერთ შემთხვევაში ქობულეთის საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ შედგენილია სამართალდარღვევის ოქმი 500-ლარიანი ჯარიმით და გაგზავნილია სასამართლოში, როდესაც ორგანიზაციის ერთ-ერთმა დამკვირვებელმა მიიღო აგიტაციაში მონაწილეობა. ასევე, ბაღდათის გამგეობას შევუდგინეთ ოქმი, ვინაიდან მათ ოფიციალური ვებ-გვერდის მეშვეობით აგიტაციაში მიიღეს მონაწილეობა და გამოაქვეყნეს მხარდამჭერი მასალა. მათ, როგორც საჯარო მოხელეებს, სამუშაო საათებში არ ჰქონდათ ამის უფლება. 
 

ახალი ამბები