კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მზადება პრემიერ–მინისტრის დასახვედრად და თავდასხმა ჟურნალისტზე წნორში

26 სექტემბერი, 2016
 
კახეთის საინფორმაციო ცენტრი

წნორში პრემიერ – მინისტრის დასახვედრად ცენტრალური ქუჩის მოწესრიგება, რომელიც რამდენიმე თვის განმავლობაში გადათხრილია, გუშინ, გვიან საღამოს დაიწყეს. მუშებს ავალდებულებდნენ კოკისპირულ წვიმაში თავისუფლების ქუჩა ნაყარი ქვა – ღორღისგან გაესუფთავებინათ და ორმოები ბეტონით და ასფალტით ამოევსოთ. თავისუფლების ქუჩაზე კახეთის საინფორმაციო ცენტრის ჟურნალისტის მისვლის შემდეგ, ადგილზე წნორში გამგებლის წარმომადგენელი, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი თამაზ მათეშვილი მივიდა. მან ჟურნალისტი უცენზურო სიტყვებით აგინა და სახეში დაარტყა, რის შემდეგაც კუთვნილი ავტომობილით ტერიტორია დატოვა.

ჟურნალისტმა გელა მთივლიშვილმა მომხდარის შესახებ პოლიციას აცნობა და ინციდენტის ამსახველი ვიდეომასალაც წარუდგინა. ჟურნალისტის არაერთი მოთხოვნის შემდეგ, ინციდენტიდან დაახლოებით 2 საათში თამაზ მათეშვილს სიმთვრალე – სიფხიზლეზე შემოწმება ჩაუტარდა. ის ძლიერი სიმთვრალის მდგომარეობაში აღმოჩნდა. ვიდეომასალიდან ჩანს, რომ ნასვამ მდგომარეობაში მყოფი თამაზ მათეშვილი ავტომობილს მართავს. ამ დროისთვის კახეთის საინფორმაციო ცენტრისთვის უცნობია, პოლიციამ შეადგინა თუ არა თამაზ მათეშვილის მიმართ სამართალდარღვევის ოქმი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 116-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, რაც სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერებას ითვალისწინებს 6 თვის ვადით.

პოლიციაში გელა მთივლიშვილს განუმარტეს, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლას, ჩადენილი ძალადობის მუქარით ან სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით. დანაშაული ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.

დღეს, დილით, თამაზ მათეშვილმა მედიასთან განცხადება გააკეთა და თქვა, რომ თანამდებობას ტოვებს.
„მინდა, ბოდიში მოგიხადოთ გუშინდელი ინცინდენტისთვის. მე, როგორც საჯარო მოხელეს, მქონდა თმენის ვალდებულება. ვაცნობიერებ რა, რომ თავისუფალი და დამოუკიდებელი მედია არის ჩვენი ხელისუფლების მთავარი მონაპოვარი, ნებისმიერი საჯარო პირი ვალდებულია, ხელი შეუწყოს მედიის საქმიანობას. მივიღე გადაწყვეტილება დავტოვო დაკავებული თანამდებობა. კიდევ ერთხელ ვუხდი ბოდიშს ჟურნალისტს და საზოგადოებას“, - აცხადებს თამაზ მათეშვილი.

გელა მთივლიშვილის თქმით, ვიდეომასალაში, რომელიც მან პოლიციას გადასცა, გამოკვეთილია არა მხოლოდ ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტი, არამედ ხულიგნობაც. ჟურნალისტი თამაზ მათეშვილის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემას ითხოვს.

„ყბებში ჩარტყმით ტკივილს არ განვიცდი, არც უცენზურო სიტყვებით გინება მიკვირს, „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს შემაჩვიეს. ეს ჩინოვნიკი, რომელმაც გუშინ შეურაცხყოფა მომაყენა, როგორც გამოვარკვიე, 2012 წლამდეც წნორის გამგებელი იყო, მაშინდელი საპარლამენტო არჩევნების წინა პერიოდში არაერთ სიველურეში ამხელდნენ. მოვიდა თუ არა „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში, დაპორტირდა და გამგებლად მუშაობა გააგრძელა. თანამდებობიდან საჯარო მოსამსახურისთვის უღირსი საქციელის გამო რომ გაეთავისუფლებინათ და არა პირადი განცხადების საფუძველზე წასულიყო, მე მაინც საქმის სწრაფად გამოძიებას ვითხოვ. მან პასუხი უნდა აგოს სისხლის სამართლის წესით. ვნახოთ, ამ საქმესაც თუ შემოდებენ თაროზე ისევე როგორც, თითქმის 10 წელია თაროზეა შემოდებული ჩემი მიმართულებით სროლის, საცხოვრებელ სახლში ხელყუმბარის აფეთქების, განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტებზე აღძრული საქმეები“, – აღნიშნავს საინფორმაციო ცენტრების ქსელის რედაქტორი გელა მთივლიშვილი.

რაც შეეხება წნორში, თავისუფლების ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოებს, რომლის გადაღებასაც ზემოაღნიშნული ინციდენტი მოჰყვა, როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში განუცხადეს, ქალაქ წნორში ცენტრალური ქუჩა წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის გამოა გადათხრილი. დოკუმენტაციის მიხედვით, სამშენებლო სამუშაოებს შპს „ზიმო“ აწარმოებს და პროექტის ღირებულება 11,238,124.36 ლარია. მუნიციპალური განვითარების ფონდის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, სამუშაოები 2014 წლის სექტემბერში დაიწყო და 2016 წლის 1–ელ ივლისს უნდა დასრულებულიყო. ამ თემაზე კახეთის საინფორმაციო ცენტრი ვრცლად გიამბობთ.


ახალი ამბები