კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მკვდარი სულები საარჩევნო სიებში

30 სექტემბერი, 2016
 
შორენა კაკაბაძე, ქუთაისი   
 
არჩევნებამდე 8 დღით ადრე, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები საარჩევნო სიებში მკვდარი სულების არსებობაზე საუბრობენ. 

„ეს საკითხი, წინა წლების მსგავსად, კვლავ პრობლემად რჩება. რატომ ვერ გადახედეს სიებს საფუძვლიანად, რა გახდა იქიდან მკვდარი სულების ამოღება?! დავანებოთ ამ ხალხს თავი“,- განაცხადა პოლიტიკური პარტია „თავისუფალი საქართველოს“ ქუთაისის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, გიორგი წულაიამ.

რამდენიმე დღის წინ, აღნიშნულ საკითხზე ყურადღება გაამახვილა ახალი პოლიტიკური ცენტრის - „გირჩი“ - წევრმა, პოლიტიკური გართიანება „პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის“  ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის უკვე ყოფილმა კანდიდატმა თემურ ცამციშვილმა. სხვა პარტიების წარმომადგენლებისგან განსხვავებით, მან საარჩევნო სიებში არსებული კონკრეტული გვარ-სახელებიც  წარმოადგინა და პრობლების არსებობაში როგორც იუსტიციის სამინისტრო, ისე ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისია დაადანაშაულა. მისი განმარტებით, ქუთაისის 48-ე საარჩევნო ოლქის სიებში 130 გარდაცვლილია დაფიქსირებული.

„ეს არ არის ის თემა, რომელიც შეიძლება გავატაროთ და ყურადღების მიღმა დავტოვოთ. ერთ და ორ ადამიანზე კი არა, ათობით გარდაცვლილზეა საუბარი, რომლებიც ძველებურად, კვლავ საარჩევნო სიებში არიან განთავსებული. ეს ის საკითხია, რომელსაც წლებია, ვებრძვით. მოვუწოდებ შესაბამის სამსახურებს, ქუთაისის 59-ე საოლქო საარჩევნო კომისიას, რომ მიაქციოს ყურადღება აღნიშნულ ფაქტს და მიიღოს შესაბამისი ზომები,“ - განაცხადა ახალი პოლიტიკური ცენტრის -„გირჩი“ - წევრმა,  თემურ ცამციშვილმა, რომელმაც საკუთარი კანდიდატურა ქუთაისის 48-ე საარჩევნო ოლქის მაჟორიტარობიდან, არჩევნებამდე ათი დღით ადრე, კოალიციაში „პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის“ მომხდარი დაპირისპირების გამო მოხსნა.
 
humanrights.ge ქუთაისის 59-ე საოლქო საარჩევნო კომისიას დაუკავშირდა, სადაც განგვიმარტეს, რომ საარჩევნო სიებიდან მკვდარი სულების ამოღება არ არის საოლქო საარჩევნო კომისიის კომპეტენცია, მით უფრო, რომ არ არსებობს კონკრეტიკა. 

„ეს ნამდვილად არის პრობლემური საკითხი, თუმცა, მისი აღმოფხვრა ჩვენ არ შეგვიძლია. გარდაცვლილი ადამიანების სიიდან ამოღება  საჯარო რეესტრში შეტანილი ცვლილებების საფუძველზე უნდა მოხდეს. აღნიშნული პირის, ვგულისხმობ გარდაცვლილს, ოჯახის წევრი უნდა მივიდეს რეესტრში და დააფიქსიროს, რომ ეს ადამიანი გარდაცვლილია. რაც შეეხება პოლიტიკური პარტიების წარმომადგენელთა პრეტენზიებს აღნიშნულ საკითხზე, ასე მარტივად ვერ დაკმაყოფილდება. „გირჩის“ წარმომადგენელმა თემურ ცამციშვილმა მოგვმართა შენიშვნით აღნიშნულ საკითხზე, თუმცა, ვერ წარმოადგინა სრული დოკუმენტაცია, რის საფუძველზეც დაიწყებოდა პრობლემის ირგვლივ მუშაობა. წარმოდგენილი უნდა ყოფილიყო კონკრეტული პირების პირადი მონაცემები, საარჩევნო სიებში მათი რიგითობის ნომრები და მხოლოდ ამის შემდეგ მოხდებოდა მათი  სიიდან ამოღება. სხვა მექანიზმი უბრალოდ არ არსებობს“, - განმარტა ქუთაისის 59-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, ავთანდილ ოსეფაიშვილმა. 

საოლქო კომისიაში აცხადებენ, რომ საკითხი უდაოდ პრობლემატურია, თუმცა, მისით სპეკულირება არ უნდა ხდებოდეს და იმ შემთხვევაში, თუ რეალურად იქნება ხარვეზი ამ მიმართულებით, პოლიტიკურმა პარტიებმა მეტი კონკრეტიკით უნდა ისაუბრონ და უშუალოდ ფაქტები წარმოადგინონ. 

ახალი ამბები