კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პოლიტიკური პარტიების სოციალური პროგრამები და დაპირებები

11 ოქტომბერი, 2016
 
ლანა გიორგიძე

2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში 200 პოლიტიკურ პარტიაზე მეტი იყო რეგისტრირებული, რომელთაც ამომრჩევლებს თავიანთი საარჩევნო პროგრამა წარუდგინეს. სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპული თანამშრომლობის ინიციატივის მიერ გამოქვეყნდა კვლევა - „პარტიების სოციალური პროგრამები და დაპირებები“, სადაც საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე რამდენიმე პოლიტიკური პარტიის საარჩევნო პროგრამებია შეფასებული.
სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპული თანამშრომლობის ინიციატივა, მონიტორინგის ფარგლებში აკვირდებოდა: „ქართული ოცნების“, ერთიანი ნაციონალურ მოძრაობის, რესპუბლიკური პარტიის, ეროვნული ფორუმის, თავისუფალი დემოკრატების, საქართველოს პატრიოტთა ალიანსის, ბურჯანაძე-დემოკრატიული მოძრაობის, ბლოკის - „პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის“ და ლეიბორისტული პარტიის საარჩევნო პლატფორმების სოციალურ პროგრამებს. 

Humanrights.ge ესაუბრა კვლევის ერთ-ერთ ავტორს, გოჩა ალექსანდრიას, რომელიც წარმოადგენს საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებას და კვლევაში მიწვეული იყო, როგორც დამოუკიდებელი მკვლევარი. გოჩა ალექსანდრიამ რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე გაამახვილა ყურადღება „პროექტი, რომლის მიზანი იყო საარჩევნო პროგრამებში დასაქმებისა და სოციალური მიმართულების ანალიზი,  განხროციელდა ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით“,- აღნიშნა გოჩა ალექსანდრიამ.

სოციალური და დასაქმების პოლიტიკა, როგორც პარტიების საარჩევნო პროგრამების მნიშვნელოვანი სეგმენტი
- დასაქმების პოლიტიკა ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია და ეს ყველა პოლიტიკურმა პარტიამ გააცნობიერა.  წლებია, ადგილობრივი თუ საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ ჩატარებული კვლევების თანახმად, დასაქმება არის ნომერ პირველი პრობლემა, შემდეგ ადგილზეა სიღარიბე, ტერიტორიული მთლიანობა და ა. შ. პარტიებმა გააანალიზეს, რომ ამომრჩევლებს უნდა შესთავაზონ დასაქმების პოლიტიკა, რაც ძალიან კარგია. შემდეგ მოდის სოციალური პოლიტიკა, რაც ყველა პარტიამ გაითვალისწინა, მაგრამ მნიშვნელოვანია, გააანალიზდეს, თუ რა სახის დასაქმებას სთავაზობს მოსახლეობას პოლიტიკური პარტიები და რა ვადებში. 

არც ერთ პოლიტიკურ პარტიას ნახსენები არა აქვს საქართველოს მიერ 2005 წელს რატიფიცირებული ევროპის სოციალური ქარტია, რომელიც ჩვენთვის ამოსავალი სახელმძღვანელო დოკუმენტია. არც ერთ პარტიას არა აქვს ნახსენები გაეროს ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ პაქტი, რომელიც ასევე რატიფიცირებული აქვს საქართველოს. მიმაჩნია, რომ პოლიტიკურ პარტიას, როდესაც არსებული მდგომარეობის უკეთესობისკენ შეცვლა სურს, უნდა ჰქონდეს ეტალონი. რადგან მათ საერთოდ არა აქვთ ნახსენები მსგავსი დოკუმენტები, ეს აჩვენებს, რომ მათი მიდგომა არასისტემურია. 

პოლიტიკური პარტიები, თითქოს, ერთმანეთს ეჯიბრებიან რიცხვების დასახელებაში, თუ რამდენ ადამიანს „დაასაქმებენ“. გაურკვეველია, რა პერიოდში დაასაქმებენ ისინი ადამიანებს. ალბათ, იგულისხმება შემდგომი 4 წლის მანძილზე.  მმართველი პარტია აცხადებს, რომ შექმნის 200 000 სამუშაო ადგილს, მაგრამ არ აკონკრეტებს ვადებს. თუმცა, ვადებზე მეტად მნიშვნელოვანია ის, რომ თუ 200 000 ადამიანი დასაქმდება, 40 000 შრომისუნარიანი ადამიანიღა დარჩება უმუშევარი 2020 წლის ბოლოს, რაც ნიშნავს იმას, რომ უმუშევრობის დონე იქნება 2,5%, დღეს კი ეს რიცხვი 12%-ია. ამის გათვალისწინებით, 200 000 სამუშაო ადგილის შექმნა უბრალოდ შეუძლებელია. მსგავსი რამ არ მომხდარა იაპონიასა და გერმანიაში, როდესაც ისინი ეკონომიკური განვითარების მწვერვალზე იყვნენ. 

პოლიტიკური პარტიები დასაქმების კუთხით აქცენტს აკეთებენ ინფრასტრუქტურულ პროექტებსა და ტურიზმზე. ინფრასტრუქტურული პროექტები, რაც გულისხმობს ხიდებისა და გზების მშენებლობას, ამოწურვადი რესურსია, ტურიზმი კი სეზონურია. ჩვენ კი გვჭირდება სტაბილური დასაქმების პროგრამები, რაც სამრეწველო განვითარების პირობებში უნდა მოხდეს.

სამრეწველო განვითარება

- არც ერთ პარტიას ნახსენები არ აქვს სტაბილური დასაქმების პროგრამების შესახებ. მართალია, მმართველ პარტიას ნახსენები აქვს, რომ ინდუსტრიას განავითარებს, მაგრამ არ აქვს განმარტებული - როგორ. არც ერთ პარტიას არ აქვს ახალი საწარმოების შექმნის გეგმები. ისინი არ საუბრობენ მეტალურგიული და ფეროშენადნობი საწარმოების განვითარების შესახებ. მხოლოდ მმართველ პარტიას აქვს ნახსენები საარჩევნო პროგრამაში ტყიბულში არსებული საწარმოს განვითარების ხედვა. სტაბილური სამუშაოების შექმნის ხაზს ვერ ვხედავთ ჩვენ პოლიტიკური პარტიების საარჩევნო პროგრამებში. 

არაფორმალურად დასაქმებული ადამიანები

- ქვეყანაში, დაახლოებით 250 000 ადამიანი არაფორმალურად არის დასაქმებული. აქ არ იგულისხმება სოფლის მეურნეობაში დასაქმებული ადამიანები. ეს ადამიანები არ იხდიან გადასახადებს. მათი სამუშაო პირობები არის საშინელი. პოლიტიკურ პარტიებს კი მსგავს ადამიანებთან დაკავშირებით სამოქმედო გეგმები არ გააჩნიათ.

შრომითი უფლებები

- არც ერთ პოლიტიკურ პარტიას შრომითი უფლებები არ აქვს გამოყოფილი საარჩევნო პროგრამაში. არც ერთი პარტიის პროგრამაში არ შეგვხვდა შრომით უსაფრთხოებასა და შრომით უფლებებზე ქვეთავი, ამიტომ კვლევის ავტორებმა გადავწყვიტეთ, „ვორდის“ საძიებო სისტემით გვეპოვა რამდენიმე საკვანძო სიტყვა პოლიტიკური პარტიების საარჩევნო პროგრამებში, ეს სიტყვებია: შრომითი უფლებები/დასაქმებულთა უფლებები, შრომის უსაფრთხოება/უსაფრთხო შრომა, შრომის ინსპექცია, ღირსეული შრომა, შრომის ღირსეული პირობები, შრომის კოდექსი, შრომის კანონმდებლობა, სოციალური დიალოგი. კვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ „ქართულ ოცნებას“ მხოლოდ ერთხელ აქვს ნახსენები „შრომითი უფლებები“, ასევე ერთხელ აქვს ნახსენები „შრომის ღირსეული პირობები“, სხვა ტერმინები კი არც ერთხელ გამოუყენებია. მკვეთრად მემარჯვენე პარტიას, რესპუბლიკელებს „შრომითი უფლებები“ ორჯერ აქვს მოხსენებული, „შრომის კოდექსი“ - ერთხელ, „სოციალური დიალოგი“ კი - ორჯერ. რაც შეეხება სხვა პარტიებს, მათ ზემონახსენები არც ერთი ტერმინი არ გამოუყენებიათ. ეს მაშინ, როდესაც თვე არ გავა, რომ სამუშაო ადგილზე ვინმე არ დაშავდეს და დასაქმებულთა გაფიცვები არ გაიმართოს, მთავრობას კი მუდმივად უწევს ბოდიშების მოხდა საზოგადოებისთვის. ამ ფონზე საარჩევნო პროგრამაში არათუ ქვეთავად, არმედ ნახსენებიც კი არ აქვთ შრომითი უფლებები და შრომის უსაფრთხოება.

ყველა პარტიას ყურადღება გამახვილებული აქვს ინვესტიციების მოზიდვაზე და მიაჩნიათ, რომ შრომის კანონმდებლობის გაძლიერება, მათ მთავარ მიზანს - ინვესტიციების მოზიდვას უშლის ხელს, რადგან ინვესტიციების მოზიდვის ერთ-ერთ საშუალებად ისინი იაფ მუშახელს მიიჩნევენ. ორი საკითხის შედარებისას - ეკონომიკური განვითარება თუ შრომითი უფლებები, ისინი ირჩევენ ეკონომიკურ განვითარებას, რაც არის დიდი შეცდომა. ეს ორი საკითხი არც ერთ განვითარებულ ქვეყანაში ცალ-ცალკე არ გვხვდება, პირიქით, ისინი ერთმანეთს უწყობს ხელს. 

რესპუბლიკური პარტია საარჩევნო პროგრამაში აღნიშნავს, რომ უნდა შევეშვათ ინვესტიციების მოზიდვას იაფი მუშახელის ხარჯზე, მათი აზრით, ყურადღება უნდა გავამახვილოთ ადამიანთა კვალიფიკაციაზე. სხვა პარტიები ამ საკითხებს არ ეხებიან. ჩვენ დავინახეთ პოლიტიკური პარტიების მიერ გარკვეულ საკითხებზე განზრახ თავის არიდება, ან მეორე საკითხია, რომ ისინი არ არიან ინფორმირებულები. საარჩევნო პროგრამების კვლევამ აჩვენა, რომ არცერთ პარტიას არ აქვს აღიარებული ქვეყნის ეკონომიკაზე შრომის უსაფრთხოებისა და მძიმე შრომითი პირობების უარყოფითი გავლენის მასშტაბი. 

რეკომენდაციები პოლიტიკურ პარტიებს

- სოციალური პოლიტიკისა და დასაქმების სტრატეგიის შემუშავების პროცესში პარტიებმა მეტი ყურადღება უნდა დაუთმონ წარმატებულ საერთაშორისო გამოცდილებას, ქვეყნისთვის სავალდებულო საერთაშორისო შეთანხმებებსა და სტანდარტებს. საარჩევნო პროგრამებში გათვალისწინებული უნდა იყოს სოციალური პოლიტიკის ყველა სფერო და სეგმენტი, ანუ მიდგომა უნდა იყოს ყოველმხრივი, რათა ადამიანთა რომელიმე ჯგუფი არ აღმოჩნდეს დისკრიმინირებული.

ახალი ამბები