კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

დაკარგული ხმები

12 ოქტომბერი, 2016
 
გიორგი ჯანელიძე 

საქართველომ რუსეთის ფედერაციასთან დიპლომატიური ურთიერთობა აგვისტოს ომის შემდეგ, 2008 წლის 2 სექტემბერს გაწყვიტა. მეცხრე წელი დაიწყო, რაც რუსეთში აღარ ფუნქციონირებს საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა, საელჩო ან საკონსულო. ამ მიზეზით, რუსეთის ფედერაციაში საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების დღეს საარჩევნო უბნები ვერ იხსენება და საქართველოს მოქალაქეები არჩევნებში ვერ მონაწილეობენ.

2008 წლის შემდეგ ქვეყანაში ოთხმა - 2010 და 2014 წლის თვითმმართველობის, 2012 წლის საპარლამენტო, 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებმა ჩაიარა. კანონმდებლობით, საქართველოს ფარგლებს გარეთ მოქმედ დიპლომატიურ წარმომადგენლობებში თვითმმმართველობის არჩევნები არ ტარდება. შესაბამისად, რუსეთის ფედერაციაში მცხოვრებმა ჩვენმა თანამოქალაქეებმა 2008 წლიდან მოყოლებული, წელს, 8 ოქტომბერს, უკვე მესამე არჩევნები გამოტოვეს. ამდენად, უკვე მესამედ დაიკარგა ათასობით საარჩევნო ხმა, რომელსაც თეორიულად, შესაძლოა, არჩევნებში მონაწილე ამა თუ იმ პარტიის ბედიც გადაეწყვიტა. 

humanrights.ge-ს კითხვას, საქართველოს რამდენი მოქალაქე იმყოფება რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, ლაშა ჭიღლაძემ უპასუხა: „რუსეთის ფედერაციაში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს აქვს მხოლოდ ის მონაცემები, თუ რამდენი მოქალაქეა დარეგისტრირებული საკონსულო აღრიცხვაზე. 2016 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით, საკონსულო აღრიცხვაზე იმყოფება 3233 მოქალაქე. ზოგადად, წლების განმავლობაში რუსეთის ფედერაციაში საკონსულო აღრიცხვაზე მყოფი საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა მერყეობდა 3000-ის ფარგლებში“. 

რუსეთის ფედერაციაში არალეგალურად მყოფი საქართველოს მოქალაქეების შესახებ, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაცია არა აქვს. თუმცა, სხვა ქვეყანაში არალეგალურად მყოფი მოქალაქეები არჩევნებში მონაწილეობას ისედაც ვერ შეძლებდნენ, რადგან საკონსულოში ხმის მისაცემად გამოცხადების შემთხვევაში, მათ საქართველოში დეპორტაცია მოუწევდათ. ამდენად, იმ შემთხვევაში, თუკი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება რუსეთის ფედერაციაში შესაძლებელი იქნებოდა, მასში მონაწილეობას მხოლოდ საკონსულო აღრიცხვაზე მყოფი 3233 მოქალაქე მიიღებდა.

ფოტოგრაფი სოფო აბუთიძე რამდენიმე წელია, რაც სანკტ-პეტერბურგში მოღვაწეობს. მან humanrights.ge-თან მიმოწერისას უკმაყოფილება გამოთქვა რუსეთში მცხოვრები ქართველებისთვის ხმის მიცემის უფლების, ერთგვარად, არაპირდაპირი გზით ჩამორთმევის გამო: „არჩევნებში მონაწილეობის სურვილი მაქვს. რაც შეეხება იმას, რომ არ შემიძლია ხმის მიცემა და ჩემი ხმა იკარგება, ვაფასებ ძალიან უარყოფითად. ვფიქრობ, ეს არის ჩემი უფლებების დარღვევა და არა მარტო ჩემი, არამედ ბევრი ადამიანის, ვისი ხმაც შეიძლება გადამწყვეტი ყოფილიყო ჩემი ქვეყნისთვის“, - გვწერს სოფო ფეისბუქის საშუალებით.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაცით, 2016  წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საქართველოს ფარგლებს გარეთ, მსოფლიოს 40 ქვეყანაში გახსნილია 55 საარჩევნო უბანი. საზღვარგარეთ რეგისტრირებული ამომრჩეველთა რაოდენობა არის 49 694. რაც შეეხება რუსეთის ფედერაციას და გაწყვეტილი დიპლომატიური ურთიერთობის გამო შექმნილ სხვადასხვა პრობლემებს, ცესკო გვირჩევს, ამ საკითხებზე კომენტარისთვის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართოთ.

ახალი ამბები