კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

რომელი უბნები წააგო „ქართულმა ოცნებამ“ კახეთში

13 ოქტომბერი, 2016
 
კახეთის საინფორმაციო ცენტრი

2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში კახეთის რეგიონში კვლავ „ქართულმა ოცნებამ“ გაიმარჯვა, მეორე ადგილზე კი ამჯერდაც „ნაციონალური მოძრაობა“ აღმოჩნდა. „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნები წააგო ქალაქ თელავის უბნებზე, ყვარლის ბევრ სოფელში, საგარეჯოს სოფელ იორმუღანლოს თემში, ლაგოდეხის სოფელ კაბალში. ეს იშვიათი შემთხვევაა, როცა ხელისუფლებამ ეთნიკური აზერბაიჯანელებით კომპაქტურად დასახლებულ საარჩევნო უბნებზე არჩევნები ვერ მოიგო.

პროპორციული სისტემით „ქართული ოცნების“ და „ნაციონალური მოძრაობის“ საბოლოო შედეგები ასე განაწილდა:
№23 საგარეჯო - „ქართული ოცნება“ – 46,35 % (9392 ხმა); „ნაციონალური მოძრაობა“ – 26,01 % (5271 ხმა);
№24 გურჯაანი - „ქართული ოცნება“ – 44,42 % (13452 ხმა); „ნაციონალური მოძრაობა“ – 32,95 % (9978 ხმა);
№25 სიღნაღი - „ქართული ოცნება“ – 53,47 % (15621 ხმა); „ნაციონალური მოძრაობა“ – 26,12 % (7631 ხმა);
№26 ლაგოდეხი - „ქართული ოცნება“ – 41,27 % (11583 ხმა); „ნაციონალური მოძრაობა“ – 30,32 % (8511 ხმა);
№27 თელავი - „ქართული ოცნება“ – 38,91 % (11021 ხმა); „ნაციონალური მოძრაობა“ – 36,12 % (10231 ხმა);
№28 ახმეტა - „ქართული ოცნება“ – 45,61 % (11604 ხმა); „ნაციონალური მოძრაობა“ – 32,59 % (8293  ხმა).

რაც შეეხება მაჟორიტარულ არჩევნებს, როგორც აღვნიშნეთ, პირველ ტურში გამარჯვებული მხოლოდ სიღნაღი-დედოფლისწყაროს გაერთიანებულ ოლქში გამოვლინდა, დანარჩენ 5 ოლქში კი მეორე ტური გაიმართება, ვინაიდან ამ ოლქებში ვერცერთმა კანდიდატმა ვერ შეძლო ხმების 50 %-ზე მეტის მიღება. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ უკლებლივ ყველა ოლქში უპირატესობა „ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილმა კანდიდატებმა მოიპოვეს, ხოლო მეორე პოზიცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატებს უკავიათ.  

სიღნაღში გამარჯვებას კახეთის ყოფილმა გუბერნატორმა ირაკლი შიოლაშვილმა მიაღწია, რომელმაც ამომრჩეველთა ხმების 54,7 % მიიღო (15806 ხმა). ამავე ოლქში მეორე ადგილი 27,38 %-ით (7913 ხმა) „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა ლევან ბეჟაშვილმა დაიკავა. აღსანიშნავია, რომ სიღნაღი-დედოფლისწყაროს ოლქში არსებული 58 უბნიდან ლევან ბეჟაშვილმა მხოლოდ ოთხგან შეძლო გამარჯვება - სიღნაღში წნორის მე-9, ჯუგაანის მე-14 და მე-15, ხორნაბუჯის მე-20 უბნებზე.

აღსანიშნავია, რომ 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებშიც „ქართული ოცნების“ გამგებლობის კანდიდატებმა პირველივე ტურში დიდი უპირატესობით გაიმარჯვეს - დედოფლისწყაროში 87,37 %-ით, ხოლო სიღნაღში - 66,69 %-ით. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებმა აჩვენა, რომ „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა მნიშვნელოვნად არის შემცირებული.

საგარეჯოში ყველაზე მაღალი შედეგი „ქართული ოცნების“ კანდიდატმა რომან მუჩიაშვილმა აჩვენა - მას მხარი დაუჭირა ამომრჩეველთა 46,79 %-მა (9475 ხმა). მეორე ადგილზე აღმოჩნდა „ნაციონალური მოძრაობიდან“ წარდგენილი ზურაბ ჭიაბერაშვილი - 24,88 % (5039 ხმა), მესამეზე კი - „პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერი ირმა ინაშვილი - 19,39 % (3926 ხმა). ამასთან, ზურაბ ჭიაბერაშვილმა 49 საარჩევნო უბნიდან 6-ში ყველაზე მეტი ხმა მიიღო ეთნიკური აზერბაიჯანელებით კომპაქტურად დასახლებულ იორმუღანლოს თემში (ქეშალოს 41-ე, მუღანლოს 43-ე, ლამბალოს 46-ე, თულარის 47-ე და 48-ე, კაზლარის 49-ე), ხოლო 2 უბანზე მან და „ქართული ოცნების“ კანდიდატმა ხმების თანაბარი რაოდენობა დააგროვეს (მანავის 25-ე და ქეშალოს მე-40). სოფელ ლამბალოს 44-ე და 45-ე უბნებზე კი დამოუკიდებელმა კანდიდატმა კაზანფარ მამედოვმა გაიმარჯვა.

გურჯაანში ხმების 43,46 %-ით (13288 ხმა) „ქართული ოცნების“ კანდიდატი დავით სონღულაშვილი ლიდერობს, მომდევნო პოზიციას კი იკავებს „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი გიორგი ღვინიაშვილი - 32,11 % (9819 ხმა). ამასთან, 51 უბნიდან 11-ში გიორგი ღვინიაშვილმა უპირატესობას მიაღწია - გურჯაანის მე-2 და 46-ე, ველისციხის მე-15, ჩუმლაყის მე-19, მე-20 და 43-ე, კოლაგის 28-ე, კარდენახის 31-ე და 32-ე, ჩალაუბნის 34-ე, ნანიანის მე-40 უბნები. გარდა ამისა, ველისციხის მე-14 უბანზე ყველაზე მეტი ხმა „პატრიოტთა ალიანსის“ კანდიდატმა ნათია გიორგაძემ მოიპოვა. გიორგაძე სოფელ ველისციხის მკვიდრია.

ლაგოდეხის ოლქში ხმების 37,08 % მიიღო „ქართული ოცნების“ კანდიდატმა გურამ მაჭარაშვილმა (10360 ხმა), ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს გურამ კაკალაშვილს მხარი 23,58 %-მა დაუჭირა (6587 ხმა). გურამ კაკალაშვილის სასარგებლოდ დასრულდა არჩევნები ლაგოდეხის ზონაში არსებულ 9 და ყვარლის მონაკვეთზე არსებულ 4 საარჩევნო უბანზე. კერძოდ, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატის შედეგი ყველაზე მაღალი იყო ლაგოდეხის მაწიმის მე-4, გურგენიანის მე-7, საქობოს მე-11, კაბალის მე-18 და 36-ე, განჯალას მე-20, უზუნთალას 21-ე და 35-ე, ჩადუნიანის 32-ე უბნებზე, ასევე ყვარლის ახალსოფლის მე-10, ჭიკაანის მე-14 და 30-ე, სანავარდოს მე-18 უბნებზე. ორივე კანდიდატმა ხმების თანაბარი რაოდენობა მიიღო ჰერეთისკარის 37-ე უბანზე. გარდა ამისა, ლაგოდეხში გვიმრიანის 27-ე და არეშფარის 28-ე უბნები „ირაკლი ალასანია - თავისუფალი დემოკრატების“ კანდიდატმა ვახტანგ მჭედლიძემ მოიგო, თელას მე-9 და პატარა გორის მე-17 უბნებზე კი მნიშვნელოვანი უპირატესობით გაიმარჯვა დამოუკიდებელმა კანდიდატმა ალექსანდრე ვარდოსანიძემ.

თელავის ოლქში „ქართული ოცნების“ კანდიდატს ირაკლი სესიაშვილს ხმების 41,62 % აქვს (11681 ხმა), „ნაციონალური მოძრაობიდან“ წარდგენილ გიორგი ბოტკოველს - 35,39 % (9932 ხმა). ამ ოლქში სულ 47 საარჩევნო უბანია, საიდანაც გიორგი ბოტკოველმა 15-ში მიაღწია უფრო მაღალ შედეგს. აქედან - 6 შემთხვევაში ყვარლის მონაკვეთზე (ყვარლის 1-ლი, მე-4, მე-5 და 29-ე, ალმატის 26-ე, გრემის 27-ე), ხოლო 9 შემთხვევაში - თელავში (თელავის მე-6, მე-8, მე-11, მე-13 და 45-ე, კისისხევის 21-ე, კურდღელაურის 25-ე და 49-ე, შალაურის 47-ე).

ახმეტის საარჩევნო ოლქშიც „ქართული ოცნების“ კანდიდატი ლიდერობს - გელა სამხარაულს პირველი ტურის შედეგების მიხედვით ხმების 47,23 % აქვს მიღებული (11937 ხმა), ხოლო მეორე ადგილზე გასულ შაქრო ტერტერაშვილს, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ მიერაა წარდგენილი, - 32,32 % (8168 ხმა). ამ საარჩევნო ოლქში 50 უბანი შედის, საიდანაც ტერტერაშვილმა 8 უბანზე შეძლო უპირატესობის მიღწევა. კერძოდ, ახმეტის ზონაში - მატნის მე-11, მე-12 და 28-ე, ოჟიოს მე-15 და ქვემო ალვნის მე-19 უბნები; თელავის მხარეს - ვარდისუბნის მე-18, ფშავლის 32-ე და ლალისყურის 33-ე უბნები. გარდა ამისა, ამავე ოლქში ზემო ალვნის მე-7 უბანზე ყველაზე მეტი ხმა მიიღო „ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიული მოძრაობის“ კანდიდატმა ირაკლი უჯირაულმა, რუისპირის 28-ე უბანზე - „პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის“ კანდიდატმა ზურაბ ნაცარაშვილმა, ხოლო ლაფანყურის 27-ე უბანზე - ლეიბორისტმა გია გორთამაშვილმა. უჯირაული ალვანში ცხოვრობს, ნაცარაშვილი რუისპირელია, გორთამაშვილი კი ლაფანყურის მკვიდრია.

ამომრჩეველთა აქტივობის შედარება

კახეთის რეგიონში ამომრჩეველთა აქტივობა გაცილებით მაღალი იყო 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე. კერძოდ, აქტივობის პროცენტული მაჩვენებელი იმდროინდელი საარჩევნო ოლქების მიხედვით შემდეგნაირად გამოიყურება: ყვარელი - 68,46 %; გურჯაანი - 67 %; სიღნაღი - 66,66 %; დედოფლისწყარო - 61,09 %; თელავი - 60,47 %; ლაგოდეხი - 59,71 %; ახმეტა - 58,93 %; საგარეჯო - 54 %.
როგორც ცნობილია, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის შეიცვალა საარჩევნო ოლქების საზღვრები - გაერთიანდა სიღნაღისა და დედოფლისწყაროს მანამდე არსებული ოლქები, თელავის მუნიციპალიტეტის სოფლების ნაწილი გაერთიანდა ახმეტის საარჩევნო ოლქს, ხოლო ყვარლის საარჩევნო ოლქი გაუქმდა და შეუერთდა თელავისა და ლაგოდეხის საარჩევნო ოლქებს. საბოლოოდ კახეთის რეგიონში შეიქმნა 6 საარჩევნო ოლქი. აღნიშნულ ოლქებში 2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის ამომრჩეველთა აქტივობის მაჩვენებელი ასეთია: №24 გურჯაანი - 57,77 %; №25 სიღნაღი -დედოფლისწყარო - 56,11 %; №27 თელავი - 55,75 %; №26 ლაგოდეხი - 55,56 %; №28 - ახმეტა - 51,44 % და №23 საგარეჯო - 46,56 %.

2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგები

2012 წელს ჩატარებულ არჩევნებში კახეთში არსებული 8 მაჟორიტარული ოლქიდან 4 ოლქში „ქართული ოცნების“ კანდიდატებმა გაიმარჯვეს, ხოლო 4-ში - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატებმა. ხმების რაოდენობა კი ცალკეულ ოლქებში შემდეგნაირად გადანაწილდა:

ახმეტაში პროპორციული სისტემით ხმების 51,56 % კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო, „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ – 43,86 %; მაჟორიტარულ არჩევნებშიც „ქართული ოცნების“ კანდიდატმა გაიმარჯვა - ზურაბ ზვიადაურს ამომრჩეველთა 51,05 %-მა დაუჭირა მხარი (9102 ხმა), ხოლო „ნაციონალური მოძრაობის კანდიდატს პეტრე ცისკარიშვილს - 45,32 %-მა (8080 ხმა).

საგარეჯოში - პროპორციული სისტემით „ქართულ ოცნებას“ ხმა მისცა ამომრჩეველთა 57,14 %-მა, „ნაციონალურ მოძრაობას“ – 39,43 %-მა. მაჟორიტარულ არჩევნებში „ქართული ოცნების“ კოალიციის „რესპუბლიკელმა“ კანდიდატმა თინათინ ხიდაშელმა მიაღწია გამარჯვებას - მან ამომრჩეველთა საერთო ხმების 54,99 % მიიღო (13184 ხმა). მეორე ადგილზე გასულ „ნაციონალური მოძრაობის კანდიდატს გია ჩალათაშვილს ხმების 42,02 % ხვდა წილად (10075 ხმა).

„ქართულმა ოცნებამ“ და მისმა კანდიდატმა გაიმარჯვა სიღნაღშიც - კოალიციას ხმა მისცა ამომრჩეველთა 49,33 %-მა, მაჟორიტარობის კანდიდატს გელა გელაშვილს - 49,01 %-მა (10192 ხმა). „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ შედეგი 46,69 % იყო, ხოლო მისი კანდიდატის ლევან ბეჟაშვილისა - 47 % (9774 ხმა). 

თელავის საარჩევნო ოლქში პროპორციული სისტემით ჩატარებულ არჩევნებში „ქართულმა ოცნებამ“ ამომრჩეველთა 49,37 %-ის მხარდაჭერა მიიღო, ხოლო „ნაციონალურმა მოძრაობამ“ – 44,41 %-ის. მაჟორიტარულ არჩევნებშიც გამარჯვებას „ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილმა კანდიდატმა გელა სამხარაულმა მიაღწია - 47,51 % (16274 ხმა), მეორე ადგილზე გასულ „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს ვასილ დავითაშვილს კი მხარი დაუჭირა ამომრჩეველთა 44,44 %-მა (15221 ხმა).

გურჯაანის საარჩევნო ოლქში როგორც პროპორციული, ისე მაჟორიტარული სისტემით ჩატარებულ არჩევნებში „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ მიაღწია გამარჯვებას. ამ პარტიას ხმა ამომრჩეველთა 49,33 %-მა დაუჭირა, ხოლო მაჟორიტარ კანდიდატს გიორგი ღვინიაშვილს - 51,29 %-მა (18596 ხმა). „ქართული ოცნების“ პარტიულ სიას ხმა მისცა 45,03 %-მა, ხოლო მანანა ბერიკაშვილს - 43,6 %-მა (15810 ხმა).

დედოფლისწყაროს ოლქში პროპორციულ არჩევნებში „ქართულმა ოცნებამ“ 49,18 %-ით გაიმარჯვა, „ნაციონალურ მოძრაობის“ შედეგი კი 47,2 % იყო. მიუხედავად ამისა, მაჟორიტარულ არჩევნებში გამარჯვებას „ნაციონალური მოძრაობის კანდიდატმა მიაღწია - ზაზა კედელაშვილის მხარდამჭერი აღმოჩნდა ამომრჩეველთა 49,67 % (6896 ხმა). „ქართული ოცნების“ კანდიდატს ალექსანდრე თამაზაშვილს ხმა 6603-მა ამომრჩეველმა მისცა, რაც 47,56 %-ს შეადგენდა.

„ნაციონალური მოძრაობის“ გამარჯვებით დასრულდა არჩევნები ლაგოდეხისა და ყვარლის საარჩევნო ოლქებშიც. ლაგოდეხში ამ პარტიამ ამომრჩეველთა ხმების 56,14 % მიიღო, ხოლო მაჟორიტარობის კანდიდატმა გიორგი გოზალიშვილმა - 57,99 % (13330 ხმა). „ქართულ ოცნებას“ მხარი დაუჭირა ამომრჩეველთა 39,05 %-მა, მის მიერ წარდგენილი კანდიდატის ელდარ კურტანიძის შედეგმა კი მხოლოდ 36,95 % შეადგინა (8493 ხმა). ყვარელში „ნაციონალურ მოძრაობას“ მხარი დაუჭირა ამომრჩეველთა 49,39 %-მა, „ქართულ ოცნებას“ – 45,92 %-მა. მაჟორიტარულ არჩევნებში გამარჯვებულ მარიკა ვერულაშვილს, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ იყო წარდგენილი, ხმა ამომრჩეველთა 50,15 %-მა მისცა (9927 ხმა), ხოლო „ქართული ოცნების“ კანდიდატს დავით ქევხიშვილს - 46,08 %-მა (9122 ხმა).   

ახალი ამბები