კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ირაკლი სესიაშვილის ნაადრევი ზეიმი და ყველაზე დაბალი შედეგი – მეორე ტური კახეთის ხუთ ოლქში

13 ოქტომბერი, 2016
 
კახეთის საინფორმაციო ცენტრი

როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრი პროგნოზირებდა არჩევნების წინა დღეს, კახეთში ერთადერთი ოლქი, სადაც მაჟორიტარულ არჩევნებში „ქართულმა ოცნებამ“ პირველივე ტურში გაიმარჯვა, სიღნაღი – დედოფლისწყაროა. საგარეჯოს, გურჯაანის, ლაგოდეხი – ყვარლის, თელავი – ყვარლის და ახმეტა – თელავის საარჩევნო ოლქებში მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტური გაიმართება. „ოცნების“ კანდიდატებიდან ერთ–ერთი ყველაზე დაბალი შედეგი (41%) თელავი – ყვარლის ოლქში ირაკლი სესიაშვილმა მიიღო. ის „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს მხოლოდ 5%–ით უსწრებს. არადა, სესიაშვილმა გუშინ ღამითვე იზეიმა გამარჯვება, ვიდრე ოფიციალური შედეგები გახდებოდა ცნობილი და აცხადებდა, რომ კონკურენტთან შედარებით 4,5-ჯერ მეტი ხმა მიიღო.

საგარეჯოს საოლქო საარჩევნო კომისიის მონაცემებით, 50 საარჩევნო უბნიდან ყველა დათვლილია. მაჟორიტარობის კანდიდატმა „ქართული ოცნებიდან“ რომან მუჩიაშვილმა 46.53 % მიიღო (9375 ხმა), „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა 25.01 % (5039 ხმა). მესამე ადგილზე 19.48 %–ით გავიდა „პატრიოტთა ალიანსის“ მაჟორიტარობის კანდიდატი ირმა ინაშვილი, თუმცა კანონმდებლობის მიხედვით, არჩევნების მეორე ტურში მხოლოდ პირველ ორ ადგილზე გასული კანდიდატები მიიღებენ მონაწილეობას.
გურჯაანის საარჩევნო ოლქშიც მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობას „ქართული ოცნების“ და „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატები მიიღებენ. 47–ვე საარჩევნო უბნის შედეგების მიხედვით, დავით სონღულაშვილმა „ქართული ოცნებიდან“ 44 % მიიღო (13 288 ხმა), „ნაციონალური მოძრაობიდან“ გიორგი ღვინიაშვილმა კი 33 % (9819 ხმა).
ლაგოდეხი – ყვარლის საარჩევნო ოლქში, ლაგოდეხის საოლქო – საარჩევნო კომისიის მონაცემებით, „ქართული ოცნებიდან“ გურამ მაჭარაშვილს 35% აქვს (7468 ხმა), „ნაციონალური მოძრაობიდან“ გურამ კაკალაშვილს კი 20.6% (4420 ხმა). ამას ყვარლის იმ სოფლების შედეგებიც უნდა დაემატოს, რომელიც ლაგოდეხის საარჩევნო ოლქს შეუერთდა, თუმცა მეორე ტური აქაც გარდაუვალია.

ნაადრევად იზეიმა არჩევნებში გამარჯვება 8 ოქტომბრის ღამეს ირაკლი სესიაშვილმა, რომელიც „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატია თელავი – ყვარლის საარჩევნო ოლქში. ღამის 12:00 საათისთვის ტელეკომპანია „რუსთავი 2“–თან ინტერვიუში სესიაშვილმა განაცხადა, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ ძალიან დიდი სხვაობით, 4.5-ჯერ მეტი უპირატესობით მოუგო.
„ჩვენი მონაცემებით, რაც „ქართულმა ოცნებამ და მე პირადად თელავსა და ყვარელში მივიღეთ, იმაზე მეტს ველოდებით ცენტრალური საარჩევნო კომისიიდან იმიტომ, რომ ჩვენ მაქსიმალურად გავფილტრეთ და მიუხედავად ამისა, იმაზე მაღალი შედეგი გვაქვს, ვიდრე ეგზიტპოლებმა აჩვენა. თქვენ იცით, რომ ეგზიტპოლის მიხედვით „ქართულმა ოცნებამ“ 53% აიღო, ჩვენ ცოტა მეტი გვაქვს. პროცენტულად თელავში „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ქართულ ოცნებას“ შორის ძალიან დიდი სხვაობაა, ძალიან დიდი. გეტყვით ეხლავე, გეტყვით ეხლავე, დაახლოებით ოთხ-ნახევარჯერ მეტია“, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

სინამდვილეში, ხმების დათვლის შედეგად აღმოჩნდა, რომ „ქართული ოცნების“ კანდიდატებიდან ერთ–ერთი ყველაზე დაბალი შედეგი (41%) ირაკლი სესიაშვილმა მიიღო. ის „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს გიორგი ბოტკოველს მხოლოდ 5%–ით უსწრებს.

თელავი-ყვარლის 27-ე მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში არსებული 47–ვე საარჩევნო უბნის მონაცემებით, ირაკლი სესიაშვილს ხმების 41% აქვს (11 677 ხმა), „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა გიორგი ბოტკოველმა კი 36 % მიიღო (10 018 ხმა).
ახმეტა – თელავის საარჩევნო ოლქში ამომრჩეველთა ხმების 46 % მიიღო „ქართული ოცნების“ კანდიდატმა გელა სამხარაულმა (11762 ხმა), „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა შაქრო ტერტერაშვილმა კი 32,27 % (8200 ხმა).
სიღნაღი – დედოფლისწყაროს საარჩევნო ოლქში პირველივე ტურში 55.45%–ით გაიმარჯვა „ქართული ოცნების“ კანდიდატმა ირაკლი შიოლაშვილმა. მისმა კონკურენტმა „ნაციონალური მოძრაობიდან“ ლევან ბეჟაშვილმა ხმების 26.2 % მიიღო.
მეორე ტურში გამარჯვებულად დეპუტატობის ის კანდიდატი ჩაითვლება, რომელიც ამომრჩეველთა უფრო მეტ ხმას მიიღებს. მეორე ტურის დანიშვნის შემთხვევაში, მისი გამართვის ბოლო ვადა 2 ნოემბერია.

შეგახსენებთ, 2014 წელს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური იყო ქალაქ თელავში, თელავის თემში, ყვარელსა და ახმეტაში. ქალაქ თელავში - პირველ ტურში „ქართულ ოცნებას“ ჰქონდა 43,18 %, „ნაციონალურ მოძრაობას“ - 22,26 %. მე-2 ტურში შესაბამისად 70,5 % და 29,5 %;
თელავის თემში - პირველ ტურში „ქართულმა ოცნებამ“ - 49,88 % მიიღო, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ - 26,88 %. მე-2 ტურში - „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო 71 %, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ კი -29 %.
ყვარელში - პირველ ტურში „ქართულ ოცნებას“ ჰქონდა 48,68 %, „ნაციონალურ მოძრაობას“ - 24,24 %. მეორე ტურში - შესაბამისად 80 % და 20 %.
ახმეტაში - პირველ ტურში „ქართულ ოცნებას“ ჰქონდა 42,75 %, „ბურჯანაძე – დემოკრატებს“ - 27,89 %. მეორე ტურში - „ქართულმა ოცნებამ“ 59 % მიიღო, „ბურჯანაძე – დემოკრატებმა“ - 41 %.
რაც შეეხება ამომრჩეველთა აქტივობას: პირველ ტურში - თელავში იყო 43 %, ყვარელში - 54 %, ახმეტაში - 48 %. მეორე ტურში - თელავში - 37 %, ყვარელში - 40 %, ახმეტაში - 48 %.


ახალი ამბები