კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ეთნიკური აზერბაიჯანელი დეპუტატების საქმიანობის შეფასებები და პრიორიტეტები

26 ოქტომბერი, 2016
 
გულნურ ქაზიმოვა 

ეთნიკური აზერბაიჯანელები საქართველოში მცხოვრებ ერთ-ერთ ყველაზე დიდ ეროვნულ ჯგუფს  წამოადგენენ (2014 წლის აღწერის თანახმად, საქართველოს მოსახლეობის 6,3% ეთნიკური აზერბაიჯანელია), თუმცა ისინი საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში არ ჩანან. მოსახლეობას მათივე ეროვნების დეპუტატების სიმცირეზე მეტად მათი პასიურობა აწუხებს. 

აზერ სულეიმანოვი

აზერ სულეიმანოვი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრია. იყო მერვე მოწვევის პარლამენტის წევრი და  ახლად არჩეული პარლამენტის დეპუტატიც იქნება. 
- ბატონო აზერ, პარლამენტში თქვენი ოთხწლიანი მოღვაწეობის პერიოდში ეთნიკური აზერბაიჯანელების პრობლემებთან დაკავშირებით რა საკითხები განიხილეთ და რას მიაღწიეთ?
- საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელების ყველაზე დიდი პრობლემა განათლებას უკავშირდება. მე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად ხელისუფლებას შევთავაზე, რომ  ეთნიკური უმცირესობებისთვის ქართული ენის შემსწავლელი სახელმწიფო პროგრამა შექმნილიყო. 2014 წელს მართლაც ამოქმედდა პროგრამა - „1+4”. რა თქმა უნდა, ეს მხოლოდ ჩემი დამსახურება არ არის. ამჟამად,  ორი ათასზე მეტი ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში სწავლობს. 
- თქვენ  მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრიც იქნებით. რა არის თქვენი პრიორიტეტები?
- ერთ-ერთი მთავარი საზრუნავი კვლავ განათლება იქნება. იმისთვის, რომ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს არ ჰქონდეთ ენის ბარიერი და შეძლონ საზოგადოებაში უკეთ ინტეგრირება, არაქართულ სკოლებში ქართული ენის  საათების  რაოდენობა უნდა გაიზარდოს. ვეცდები, რომ ეს ინიციატივა დავაყენო და მის შესრულებასაც  მივაღწიო. 

ალი მამმადოვი

ალი მამმადოვი მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი იყო, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში კი მონაწილეობა  აღარ მიიღო. 
- ბატონო ალი, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“  მიერ გამოქვეყნებული მე-8 მოწვევის პარლამენტის საქმიანობის შემაჯამებელი შეფასების თანახმად,  თქვენ იმ 16 დეპუტატთა შორის მოხვდით, რომელთაც პარლამენტში სიტყვით გამოსვლის უფლება არასოდეს გამოუყენებიათ. რატომ იყავით ჩუმად?
- დიახ, მე ამ ოთხ წელიწადში ერთხელაც კი არ მისაუბრია. ჩემი აზრით, პარლამენტის წევრი უნდა ცდილობდეს, რომ პრობლემა პლენარულ სხდომაზე განხილვამდე გადაჭრას. მეც ასე გავაკეთე. ჩემი ხალხისთვის და ქვეყნისთვის საჭირო საქმეს უხმოდ ვაკეთებდი.
- თქვენს მიერ გაკეთებული  საქმეებიდან რას გამოყოფდით?
- დაახლოებით ორი წლის წინ პლენარულ სხდომაზე განსახილველად შემოიტანეს საკითხი, რომ ბალტიისპირეთის ქვეყნების მსგავსად სახელმწიფო ენის არმცოდნე მოქალაქეებისთვის ჯარიმები საქართველოშიც დაეწესებინათ. საუბარი იყო დიდ ჯარიმაზე. მე და რამდენიმე დეპუტატი ამ პრაქტიკის  დანერგვის წინააღმდეგ გამოვედით და მიზანსაც მივაღწიეთ. 
- რატომ არ მიიღეთ მონაწილეობა  2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში?
- ვფიქრობ, ახლა პოლიტიკიდან ცოტა შორს დგომა ჯობია -  პოლიტიკური საქმიანობა ადამიანს სულიერად ღლის. თუმცა, ხალხის დასახმარებლად ყოველთვის მზად ვიქნები. 
- საპარლამენტო არჩევნებს როგორ შეაფასებთ?
- ეს არჩევნები ეთნიკური უმცირესობების ყველაზე აქტიური მონაწილეობით გამოირჩეოდა. ეს მათი პოლიტიკური ცხოვრებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ეთნიკურმა უმცირესობებმა თავიანთი კანდიდატების არჩევისთვის იბრძოლეს და პოლიტიკური სიმტკიცეც გამოიჩინეს.

მახირ დერზიევი

„ქართული ოცნების” წევრი და ყოფილი დეპუტატი, მახირ დერზიევი ინტერვიუს დროს ყურადღებას ხარისხიანი განათლების დეფიციტზე ამახვილებს. ის ეთნიკურ აზერბაიჯანელთა შორის აზერბაიჯანულენოვანი სკოლების დახურვის საკამათოდ ქცეული  ინიციატივით არის ცნობილი.
- თქვენი წინადადება აზერბაიჯანულენოვანი სკოლების დახურვასთან დაკავშირებით ცხარე განხილვის საგანი გახდა. რატომ ფიქრობთ, რომ აზერბაიჯანულენოვანი სკოლები უნდა დაიხუროს?
- ეს არასწორი ინფორმაციაა. მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ კანონის თანახმად, ეთნიკური უმცირესობების უფლება, საკუთარ ენაზე მიიღონ განათლება, აღიარებულია. მე აზერბაიჯანულენოვანი სკოლების დახურვა არ მომითხოვია, ვითხოვდი მხოლოდ ტექნიკური საგნების ქართულ ენაზე სწავლებას.
- ეს ინიციატივა ეთნიკურ აზერბაიჯანელებს რას მოუტანს?
- სკოლის მოსწავლეები ტექნიკურ საგნებს კარგად თუ ვერ აითვისებენ, უმაღლესი განათლების მიღება გაუჭირდებათ. მშობლიური ენა და ლიტერატურა კი აზერბაიჯანულ ენაზე უნდა ისწავლებოდეს. სამწუხაროდ, ეთნიკური აზერბაიჯანელების  სასაუბრო ენა ლიტერატურულისგან შორს დგას. ჩემი წინადადება იყო, რომ მშობლიური ენისა და ლიტერატურის წიგნები აზერბაიჯანიდან ჩამოეტანათ, რადგან აქ სახელმძღვანელოები ხარისხიანად ვერ ითარგმნება. 
- პარმლამენტში თქვენი ოთხწლიანი მოღვაწეობის  პერიოდში ეთნიკური აზერბაიჯანელების განათლების საკითხები თუ წამოჭერით?
- თითქმის ყოველ გამოსვლაში ვსაუბრობდი იმაზე, რომ ეთნიკურ უმცირესობებში  კვალიფიციური, ახალგაზრდა პედაგოგების დეფიციტია. მაგრამ ამ სფეროში რაიმე რეალური შედეგის მიღწევა ძალიან რთულია, რადგან საქართველოს მთავრობას ამისთვის საჭირო პილიტიკური ნება და მზაობა არ აქვს.
- მომავალი ოთხი წლის განმავლობაში პარლამენტში რომელი ინიციატივების დაყენებას გეგმავთ?
- განათლების საკითხი ჩემთვის  ისევ ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. პროფესიით პედაგოგი ვარ და ეს საკითხი მაწუხებს. მოლაპარაკებები მაქვს აზერბაიჯანის განათლების სამინისტროსთან. მინდა, რომ მათ საქართველოში აზერბაიჯანული ენისა და ლიტერატურის კვალიფიკაციური მასწავლებლები გამოგზავნონ.
- განათლების დეფიციტი და ქართული ენის არცოდნა ეთნიკური აზერბაიჯანელების  ქართულ საზოგადოებაში ინტეგრაციის გზაზე მთავარ დაბრკოლებად ითვლება. როგორ ფიქრობთ, ამ პრობლემის გადაუჭრელობა შეიძლება თუ არა, ჩაითვალოს ეთნიკური აზერბაიჯანელების წინააღმდეგ დისკრიმინაციად?
- სწორი არ იქნება, თუ ვიტყვით, რომ ეთნიკური აზერბაიჯანელები დისკრიმინაციას განიცდიან. თუმცა, ისინი რატომღაც საზოგადოებისგან საკუთარი თავის იზოლაციას ახდენენ და როცა რაიმე პრობლემა ჩნდება, დახმარებას აზერბაიჯანისგან ითხოვენ. მათ უნდა იცოდნენ, რომ ისინი საქართველოს სრულუფლებიანი მოქალაქეები არიან. როგორც მოქალაქეები, ისინი საკუთარი  უფლებების რეალიზებას ვერ ახდენენ: საკუთარი პრობლემის წარმოსაჩენად რომელიმე ორგანიზაციაში მისვლა არ შეუძლიათ. ამის გამო გაჩნდა ერთგვარი აპათია  - ფიქრობენ, რომ  არაფრის გაკეთება არ არის საჭირო, რადგან ეთნიკური აზერბაიჯანელები არ ჩივიან და არაფერს ითხოვენ. ამ კუთხით თუ ვიმსჯელებთ, დისკრიმინაცია ნამდვილად გვაქვს.

სტატია მომზადებულია თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის პროექტის ფარგლებში, რომელიც საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. სტატიის შინაარსზე პასუხისმგებელია თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი. ავტორის/ავტორების მიერ სტატიაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს  პოზიციას.

ახალი ამბები