კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ხაშურში ადმინისტრაციული რესურსის მობილიზება ხდება

27 ოქტომბერი, 2016
 
ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი

„თუ ჩანაწერი ავთენტურია, ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილეს ზურაბ ჩხიტუნიძეს და მაჟორიტარ კანდიდატს ვალერი გელაშვილს  საარჩევნო კოდექსის მიხედვით 2000 - 2000 ლარიანი ჯარიმა უნდა დაეკისროს” - ამ განცხადებას ადამიანის უფლებათა ცენტრის შიდა ქართლის ორგანიზაციის იურისტი ალექსი მერებაშვილი შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის მიერ გავრცელებულ ჩანაწერზე დაყდნობით აკეთებს. 

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის მიერ გავრცელებულ ფარულ ჩანაწერში ,,ქართული ოცნებიდან" ხაშურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ვალერი გელაშვილი მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომლებს, არჩევნებზე მხარდაჭერის სანაცვლოდ, ხელფასების მომატებას დაჰპირდა. შეხვედრა ორი დღის წინ სასტუმრო ივერიაში შედგა. აუდიოჩანაწერის მიხედვით, ვალერი გელაშვილი და გამგებლის მოადგილე ზურაბ ჩხიტუნიძე ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების აუცილებლობაზე საუბრობენ. როგორც საინფორმაციო სააგენტოში განმარტავენ, აუდიოჩანაწერი მათ ერთ-ერთმა პირმა მიაწოდა, რომელიც შეხვედრას ესწრებოდა. 

,,იმ შემთხვევაში, თუ დადგინდება გამოქვეყნებული ჩანაწერის ავთენტურობა, სახეზე გვექნება საარჩევნო კოდექსის ნორმების დარღვევა. კერძოდ, სამსახურებრივად დაქვემდებარებული ან სხვაგვარად დამოკიდებული პირის ჩაბმა ისეთ საქმიანობაში, რომელიც ხელს უწყობს კანდიდატის წარდგენას ან/და არჩევას, რაზეც საარჩევნო კოდექსის 88-ე მუხლით გათვალისწინებულია ჯარიმა 2 000 ლარის ოდენობით. ჯარიმის დაკისრების საკითხზე საოლქო საარჩევნო კომისიამ უნდა იმსჯელოს. ასევე, უნდა დაიწყოს შესწავლა ამომრჩევლის მოსყიდვის ფაქტზე და სასამართლოს გადაწყვეტილებით ფაქტის დადასტურების შემთხვევაში დამრღვევ სუბიექტს გაუუქმდეს რეგისტრაცია. ამავე ფაქტზე უნდა აღიძრას საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 164 პრიმა 1 მუხლის საფუძველზე, გათვალისწინებულ ქმედებაზე (ამომრჩევლის მოსყიდვა)" -აცხადებს ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტი ალექსი მერებაშვილი.

ვალერი გელაშვილი შეხვედრასაც ადასტურებს და მსგავს საუბარსაც, თუმცა აღნიშნავს, რომ მის ქმედებაში ვერც  ამომრჩევლის მოსყიდვას და ვერც ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ნიშნებს ვერ ხედავს.

,,მე, როგორც მოქმედი პარლამენტის წევრი, დავპირდი, რომ ხელფასების მომატების საკითხზე შუამდგომლობას გავუწევდი საკრებულოსთან. მე ისეთი დაპირებები არ მიმიცია, რომელიც დანაშაულის ნიშნებს შეიცავდა", - ამბობს ფაქტის შეფასებისას ვალერი გელაშვილი.

გავრცელებულ ჩანაწერში ისმის გამგებლის მოადგილის, ზურაბ ჩხიტუნიძის ფრაზა, სადაც იგი ამბობს რომ ადმინისტრაციული რესურსი ისეთი რამ არის, რაც უნდა გამოიყენო. ჩხიტუნიძე აღნიშნავს, რომ გავრცელებული ჩანაწერი დამონტაჟებულია და მისი საუბარი კონტექსტიდან არის ამოვარდნილი. 

„შეხვედრაზე ვიმყოფებოდი როგორც გელაშვილის მხარდამჭერი, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაზე საუბარი აბსოლუტურად გამორიცხულია. ეს  დამონტაჟებული და კონტექსტიდან ამოგლეჯილი სიტყვებია", -აცხადებს ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე ზურაბ ჩხიტუნიძე. 

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრში აცხადებენ, რომ ჩანაწერი არ არის დამონტაჟებული. რაც შეეხება ხაშურის საოლქო საარჩევნო კომისიას, როგორც მისი თავმჯდომარე იმედო ლაცაბიძე განმარტავს, აღნიშნულთან დაკავშირებით ამ დრომდე მათთვის განცხადებით არავის  მიუმართავს.

ახალი ამბები