კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ქუთაისს პარლამენტში სამი დეპუტატი ეყოლება

9 ნოემბერი, 2016
 
შორენა კაკაბაძე, ქუთაისი

მე-9 მოწვევის პარლამენტში ქუთაისელი ამომრჩევლის ინტერესებს 3 მაჟორიტარი დეპუტატი დაიცავს. 30 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში სახელისუფლებო პარტიის კანდიდატებმა გაიმარჯვეს. 47-ე საარჩევნო ოლქში 69, 28%-ით გენადი მარგველაშვილმა, 48-ე ოლქში 75, 28%-ით დიმიტრი მხეიძემ, ხოლო 49-ე საარჩევნო ოლქში 67, 33%-ით კობა ნარჩემაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატები დაამარცხეს.

რა გეგმები აქვთ, რომელი საკითხები იქნება მათთვის პრიორიტეტული მომავალ სამუშაო პერიოდში და როგორ დააკომპლექტებენ მაჟორიტარულ ბიუროებს - ამ შეკითხვებით humanrights.ge-მ პარლამენტარებს მიმართა.

გენადი მარგველაშვილი, რომელიც არჩევნებამდე ქუთაისის 41-ე საჯარო სკოლის დირექტორის პოზიციას იკავებდა, „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს დაგაწყვეტილებით, მე-9 მოწვევის პარლამენტში განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის პოსტს მოირგებს. 

„სამომავლო გეგმები დიდია. ეს ის საკითხებია, რომელზეც წლების მანძილზე მიფიქრია. აუცილებელია საერთაშორისო კავშირების გაფართოება. ვგულისხმობ ოლიმპიადებს, რომელშიც ჩვენი ახალგაზრდები მონაწილეობენ. თუმცა, მხოლოდ ეს არ იქნება საკმარისი. აუცილებელია, ყურადღება გამახვილდეს, როგორც სკოლამდელი, ისე უმაღლესი განათლების საკითხებზე“,- აცხადებს მარგველაშვილი. 

საკანონმდებლო ორგანოში ქალაქის ინტერესების გატარებას გეგმავს 48-ე საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი დეპუტატი დიმიტრი მხეიძე. პროფესიით ექიმი ქუთაისელ ამომრჩეველს საქართველოს პარლამენტში მდიდარი პროფესიული გამოცდილების მაქსიმალურად გამოყენებას ჰპირდება. 

„წინასაარჩევნო პერიოდში ვეუბნებოდი კიდეც ჩემს ამომრჩეველს, რომ ვერაფერს განსაკუთრებულს ვერ გავუკეთებ. რაშიც მაშინაც და დღესაც დარწმუნებული ვარ, ისაა, რომ ჩემს გამოცდილებას სამედიცინო მიმართულებით, მაქსიმალურად მივმართავ ქალაქის მომავალი განვითარებისთვის. ამას ნათლად დაინახავს ჩემი ამომრჩეველი და ამაზე ჯობია მომავალში, უკვე განხორციელებული პროექტების ფონზე ვისაუბროთ“, - ამბობს დიმიტრი მხეიძე.

ქუთაისელების ინტერესების გატარებასა და ქალაქის ფუნქციურად დატვირთვის მიმართულებით პროექტებზე ინტენსიურ მუშაობას გეგმავს საქართველოს ყოფილი შს მინისტრი, პროფესიით იურისტი კობა ნარჩემაშვილი. თუმცა, კონკრეტულ გეგმებზე არ  საუბრობს. 

რაც შეეხება მაჟორიტარების ბიუროების დაკომპლექტებას, როგორც ირკვევა, სამივე დეპუტატს ცალ-ცალკე ბიუროები ექნება. თუმცა, როგორ მოხდება კადრების შერჩევა, კონკურსის თუ სხვა (ნაცნობ-მეგობრების რეკომენდაციებისა თუ წინასაარჩევნო პერიოდში გამოჩენილი  დამსახურებების) გზით, ამაზე დეპუტატებს ჯერ პასუხი არ აქვთ. ამბობენ, რომ აღნიშნულ საკითხზე კონსულტაციებს იღებენ, რის შემდეგაც მიიღებენ გადაწყვეტილებას. დეპუტატები აღნიშნავენ, რომ არ არის გამორიცხული, კადრები საკუთარი საარჩევნო შტაბებიდანაც შეირჩეს. 

საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტი უფლებამოსილების განხორციელებას 19 ნოემბერს შეუდგება.            

ახალი ამბები