კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

კატარინენფელდის გადასარჩენად

14 ნოემბერი, 2016
მანონ ბოკუჩავა, ქვემო ქართლი

ორასი წლის წინ დაიწყო ამბავი, რომლის კვალსაც დღეს მივყვებით. სწორედ, ამ დროს ჩამოასახლეს გერმანელები საქართველოში. 

გერმანული კოლონიების ნაწილი შეიქმნა ქვემო ქართლის რეგიონშიც. ერთ-ერთი მათგანი, კატარინენფელდად წოდებული დღევანდელი ქალაქ ბოლნისის ტერიტორიაზე დაარსდა. ალბათ, არასდროს ყოფილა გერმანია ასე ახლოს საქართველოსთან, როგორც მაშინ, მაგრამ თანაცხოვრება დროებითი აღმოჩნდა. 1941 წელს, სამამულო ომის დაწყებისთანავე, ყველა გერმანელი მოსახლე გადაასახლეს.

თუ ისტორიკოსებს დავუჯერებთ, მხოლოდ ერთი დღე მისცეს გასახლებისთვის გერმანელებს და მათ საკუთარი ნივთების წაღებაც ვერ შეძლეს. დღეს ბოლნისში მოგვიყვებიან „უფროსებისგან“ გაგონილ ამბებს იმის შესახებ, რომ ადამიანებს რომლებიც პირველები შევიდნენ გერმანელების აშენებულ სახლებში - მარნებში ღვინო და ზამთრისთვის მომარაგებული საკვებიც დახვდათ. 
 
(ქ. ბოლნისი, კოსტავას #23, გერმანული თაღოვანი მარანი/ძეგლის სტატუსი ამ დროისთვის არ აქვს) 
დღეს ქალაქ ბოლნისში, დაახლოებით, 330-მდე გოთური სტილის, გერმანელების მიერ აშენებული სახლი შემორჩა. საშენ მასალად, ძირითადად, მუხის ხეებია გამოყენებული. ეს სახლები ხის აივნებით, კრამიტის სახურავებით, უჩვეულოდ სქელი კედლებით და ღრმა მარნებით - ბოლნისს განსაკუთრებულ ხიბლს სძენს. 

დღეს, ბოლნისში, მხოლოდ 12 შენობას აქვს მინიჭებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი. არადა მათ გარდა ათობით სახლია და მარანია, რომელიც ასევე ამავე დროსაა აშენებული და იმავე იერსახით არსებობს. საცხოვრებელი სახლების გარდა არის სხვა დანიშნულების შენობებიც, მათ შორის მცირე საწარმოებისთვის აშენებული ნაგებობი და ყოფილი ლუთერანული ეკლესია, რომლის მდგმურიც ახლა ბოლნისის სპორტულული კომპლექსია.

თანამედროვე ბოლნისის ქუჩებში სამი ტიპის ტენდენციას ვხედავთ:  გერმანული სახლები, რომელიც დრომ და იმან, რომ წლების განმავლობაში ამ მიმართულებით ბევრი არაფერი გაკეთებულა - თითქმის გაქრობის პირას მიიყვანა. ასეთი შენობები, უკვე ნანგრევებს წარმოადგენს. 
  

(ქ.ბოლნისი, კოსტავას #28/კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი არ აქვს )
ასევე გვხვდება სახლები, რომლებიც თანამედროვე ბოლნისელებმა გადააკეთეს. ერთ-ერთი ასეთი სახლი ბოლნისის კოსტავას #28-შია. ამ სახლს ტრადიციული გერმანული ღრმათაღოვანი მარანი აქვს, შენობის პირველი სართულიც გერმანალების ნახელავია, მაგრამ მასზე ახალი სართულია დაშენებული. ეს მაგალითია ტენდენციის - კატარინენფელდზე ბოლნისის დაშენების. 

 
(კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, ქ.ბოლნისი, ფარნავაზ მეფის #46)
მესამე რეალობა კი ეს არის სახლები, რომლებმაც ამ დრომდე შეინარჩუნეს თავისი იერსახე, მათ მცირე ნაწილს კულტურული მემკვიდრეობის სტატუსიც აქვს, (როგორც ზევით უკვე გითხარით) მაგრამ არის ერთი პრობლემა. ამ შენობების უმრავლესობაში დაზიანებულია სახურავი, წვიმის წყალი აზიანებს მათ კედლებს, ხის იატაკი ადგილ-ადგილ დამპალია, აივნები კი ისევე როგორც მთელი სახლი რეაბილიტაციას საჭიროებს. 

ადამიანები, რომელიც ამ სახლებში ცხოვრობენ ამბობენ, რომ ერთადერთი, რაც გაკეთდა ეს გერმანული უბნების მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწყობა და ქუჩებზე ქვაფენილის დაგებაა. ამას ჩვენ ვხედავთ, ქუჩების ნაწილში ქვაფენილის მოწყობა ამ დროისთვისაც მიმდინარეობს. 

89 წლის თამარა ულიხანოვა ბოლნისის ფარნავაზ მეფის ქუჩის #38 ცხოვრობს. (ამ სახლს კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი აქვს) მას სამი კვირის წინ სახურავი ჩამოენგრა და მის აღდგენას ბოლნისის გამგეობისგან ელის. ამბობს, რომ ის აქ ერთადერთია, რომელმაც შვაბური (გერმანული ენის ერთ-ერთი დიალექტი) იცის.


 
(კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, ქ.ბოლნისი #38)
 „ძალიან ცოტა ტურისტი დადის ამ ყველაფარს დასათვალიერებლად. როგორც წესი ისინი გერმანალები არიან. შემოჰყავთ ჩემთან და ველაპარაკები შვაბურად, ზოგი საერთოდ ვერ იგებს და ზოგსაც ესმის. ერთხელ ერთი გერმანელი შემოვიდა და მაჩვენა ალბომი, სადაც აქედან გასახლებული ადამიანების ფოტოები იყო - იცით, ჩვენი მეზობლები ვიცანი. მეც ბევრი ფოტო მქონდა, მაგრამ ამ ტურისტებს მივეცი.
სამწუხაროდ, როგორც ხედავთ არაა კარგი მდგომარეობა. მე სახურავი დამენგრა, სახლები ავარიულია, ხალხს კიდე უჭირს - აქ ტურისტებისგან ბევრი არაფერი შემოსავალი არაა“, - საუბრობს თამარა ულიხანოვა.

  
(კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები, ქ.ბოლნისი, ფრანავაზ მეფის #44, 46)
კუტურული მემკვიდრეობის სახლის სტატუსი აქვს ამავე ქუჩაზე მდებარე სახლებს, სადაც  ნარგიზა გაბიძაშვილი და თამარ ყაველაშვილი ცხოვრობენ. გვაჩვენებენ შენობების მეორე სართულებს, სადაც დაზიანებული სახურავის გამო წვიმა ჩამოდის. ამბობენ, რომ მართალია,  ქუჩებს რეაბილიტაცია ჩაუტარდა, მაგრამ შენობებისთვის ჯერ არავის მიუხედავს. 

„გერმანელი ტურისტები მოდიან და შენობებს გარედან უღებენ ფოტოებს და შიგნითაც არ შემოდიან. ადგილობრივებს ტურისტული კუთხით შემოსავალი არ გვაქვს“, - საუბრობს ნარგიზა გაბიძაშვილი. შიშობენ, რომ სიძველის და სათანადო რეაბილიტაციის ჩატარების გარეშე, შენობები მალე უარეს მდგომარეობაში აღმოჩნდება.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობაში კი გვიხსნიან, რომ  კატარინენფელდის გადასარჩენად ძალებს არ ზოგავენ.
 
კონსტანტიკე კორძაძე ბოლნისის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურისა და არქიტექტურის განვითარების სამსახურის ხელმძღვანელია. ამბობს, რომ ბოლნისის „გერმანული განძის“ მოვლა-პატრონობისთვის წლების განმავლობაში არაფერი გაკეთებულა. მისი თქმით, ამ დროისთვის მიმდინარეობს ბოლნისის გერმანული უბნების ისტორიული ქუჩების ქვაფენილით მოწყობა და მუნიციპალიტეტი გეგმავს, რამდენიმე კვირაში გამოაცხადოს ტენდერი - სამი შენობის პროექტის შესაძენად. საუბარია შენობებზე, რომელთაც  კულტურული მემკვიდრების ძეგლის სტატუსი აქვთ. 

„სამწუხაროდ, ბოლნისის გერმანული შენობების 1/3 გადაკეთებული, ან დანგრეულია. ეს ისაა, რასაც არაფერი ეშველება, მაგრამ ამასთან ერთად ჩვენ გვაქვს, დაახლოებით, 330 სახლი, რომელსაც თავის იერსახე შენარჩუნებული აქვს. რაც შეგვიძლია ვაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ მივხედოთ ამ სახლებს.  ცხადია, შენობების სტატუსიდან გამომდინარე, ყველა საჭირო კონსულტაციას გავივლით კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სამინისტროსთან“, - საუბრობს  კონსტანტინე კორძაძე. 

კორძაძის თქმით, მათ ასევე აქვთ მუნიციპალური პროგრამა, რომელიც 10 000 ლარით აფინანსებს ბოლნისელებს. ძირითადად, ამ თნახით ხდება სახურავის და მსგავსი ტიპის საჭირობების მოგვარება ოჯახებისთვის. 

„მომავალ წელს ამ პროგრამის თანხის გაზრდას ვფიქრობთ, რადგან არსებული თანხა საკმარისი არ არის. თუმცა, ამ შენონების რეაბილიტაციას მხოლოდ ჩვენი ბიუჯეტი ვერ გაწვდება. ყველას მხარდაჭერაა საჭირო საქმის გასაკეთებლად“, - აღნიშნავს ბოლნისის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურისა და არქიტექტურის განვითარების სამსახურის ხელმძღვანელი.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოშიც გვიხსნიან, რომ კატარინენფელდის გადარჩენის გეგმაზე მუშაობენ. საკითხზე მანანა ვარძელაშვილი გვესაუბრება. იგი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს იუნესკოსა და საერთაშორისო ურთიერთობების განყოფილების ხელმძღვანელია.

ამბობს, რომ გერმანული კულტურული მემკვიდრეობის აღრიცხვის და სამომავლო მოვლის საქმეზე ზრუნვა - საქართველომ მხოლოდ ბოლო ორი წლის განმავლობაში დაიწყო. საუბრობს, რომ ერთიან ჭრილში განიხილება გერმანული მემკვიდრეობის შესწავლა ასურეთში, ბოლნისსა და დმანისში.  

„წლის ბოლოს ჩვენ უკვე გვექნება ერთიანი არეალის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაციის სტრატეგია, აღნიშნული კი მოგვცემს შესაძლებლობას, შევქმნათ სამოქმედო გეგმები და დავგეგმოთ სხვადასხვა უწყებასთან ერთად კონკრეტული ნაბიჯები და მათი თანმიმდევრობა“, - საუბრობს მანანა ვარძელაშვილი. ვარძელაშვილის თქმით, შენობებისთვის კულტურული მეკვიდრეობის სტატუსის მინიჭება არ ნიშნავს იმას, რომ მისი რეაბილიტაცია და მასზე ზრუნვა არის მხოლოდ კულტურის სამინისტროს მოვალეობა. გვიხსნის, რომ ეს კომპლექსური თემაა, სადაც ყველა უწყებას თავისი წვლილი აქვს შესატანი. სტატუსის მინიჭების ვადებზე კი აცხადებს, რომ სააგენტო ცდილობს, ბოლნისში გერმანული სახლებისთვის სტატუსის მინიჭება დროში არ გაიწელოს.

კატარინენფელდის გადასარჩენად გერმანული მხარეც აქტიურობს, თუმცა არსებული ვითარება მაინც არაა სახარბიელო და ამას საკითხში ჩართული არც ერთი მხარე უარყოფს. ამგვარი რეალობის პარალელურად, ბოლნისად ქცეული კატარინენფელდი მომავალ წელს ბევრ სტუმარს მიიღებს და მათთნ ერთად აღნიშნავს საქართველოში გერმანელების ჩამოსახლებიდან 200 წლისთავს. იუბილე და საზეიმო ღონისძიებები კი იმ შენობების ფონზე გაიმართება, რომლებსაც ამ დროისთვის საზეიმოდ სულაც არ აქვთ საქმე. 

ახალი ამბები