კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადამიანის უფლებათა ცენტრმა კლინიკა „ლანცეტის“ წინააღმდეგ სასამართლოს მიმართა

17 ნოემბერი, 2016
 
ხვალ, 12:30  საათზე, საინფორმაციო სააგენტო „პირველის“ პრესკლუბში, ადამიანის უფლებათა ცენტრი კლინიკა „ლანცეტში“ ღვიძლის ტრანსპლანტაციის შედეგად გარდაცვლილი მოქალაქეების საქმეებთან დაკავშირებით პრესკონფერენციას გამართავს.

ადამიანის უფლებათა ცენტრი შეშფოთებულია დარღვევების კასკადით, რამაც გამოიწვია კლინიკა „ლანცეტში“ მოთავსებული მოქალაქეების გარდაცვალება. საავადმყოფოში შეყვანიდან მოქალაქეთა გარდაცვალებამდე ჩატარებული მკურნალობა და სამედიცინო მანიპულაციების მთელი ისტორია წარმოებულია კანონმდებლობის სრული უგულებელყოფით, რასაც სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოც ადასტურებს. ექიმებს, რომლებმაც ჩაატარეს ოპერაცია, არ ჰქონდათ ღვიძლის ტერანსპლანტაციისათვის საჭირო ლიცენზია და დაცული არ იყო ყველა ის პროცედურა, რაც ტრანსპლანტაციისთვის არის საჭირო.  

16 ნოემბერს ადამიანის უფლებათა ცენტრმა სარჩელი შეიტანა სასამართლოში მოქალაქე გიორგი ჩუბინიძის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით. 

გიორგი ჩუბინიძემ 2016 წლის 12 თებერვალს ღვიძლის პრობლემით მიმართა კლინიკა „ლანცეტს“, სადაც უფასო კონსულტაციებს უცხოელი ექიმები ატარებდნენ. გასაუბრების შემდეგ, ექიმმა მირჯალარ კიარიმიმ მას განუცხადა, რომ სასწრაფოდ უნდა ჩატარებულიყო ოპერაცია, რადგან ღვიძლის კარის ვენაში თრომბი დადგინდა.

ღვიძლის პრობლემა გიორგი ჩუბინიძეს 7 წელი აწუხებდა. 2014 წელს მას ესპანეთში ჩაუტარდა სრულყოფილი გამოკვლევები და დაუდგინდა ღვიძლის ცეროზი.  განმეორებით გამოკვლევებზე ესპანეთში ჩავიდა 2015 წელს. ვინაიდან ამ დროის განმავლობაში მდგომარეობა არ შეცვლილა და სტაბილური იყო, მას განუმარტეს, რომ 6 თვის განმავლობაში არანაირი სამედიცინო ჩარევა აღარ იყო საჭირო. კლინიკა „ლანცეტში“ კი ექიმები არწმუნებდნენ, რომ ფიქრისა და ესპანეთში კიდევ ერთხელ გადაფრენის დრო აღარ ჰქონდა, რადგან აუცილებელი იყო სასწრაფო ქირურგიული ჩარევა.

ოჯახს ოპერაციისთვის საჭირო თანხა, კერძოდ კი, 40 000 აშშ დოლარი არ ჰქონდა, მაგრამ კლინიკაში განუმარტეს, რომ მათ „შეღავათს გაუკეთებდნენ“. 2016 წლის 7 მარტს, გიორგი ჩუბინიძეს სანოტარო წესით გააფორმებინეს ვალის აღიარების ხელშეკრულება, სადაც აღნიშნულია, რომ მან ყოველგვარი ძალდატანების გარეშე აღიარა, რომ ნამდვილად აქვს გიორგი არჩვაძის ვალი 40 000 აშშ დოლარის ოდენობით. ვალის აღიარების ხელშეკრულებაში საერთოდ არ არის მოხსენებული  კლინიკა „ლანცეტი“ და არც ვალის დანიშნულება. არ არის აღნიშნული, რომ გიორგი არჩვაძე კლინიკის თანამშრომელია. გაუგებარია, რატომ დასჭირდა კლინიკას მსგავსი შინაარსის ხელშეკრულების გაფორმება?!

საინტერესო დეტალი: „სასწრაფო ოპერაციისათვის“ პალატაში შეყვანილ გიორგი ჩუბინიძეს გადასხმის აპარატი მოუხსნეს და 22:00 საათზე ნოტარიუსთან გადაიყვანეს სესხის გასაფორმებლად. დილით კი ჩაუტარეს ღვიძლის ტრანსპლატაცია. ოპერაციიდან მეხუთე დღეს მისი მდგომარეობა გართულდა, დაეწყო სისხლდენა და შეუშუპდა სახე, რის შედეგადაც რამდენიმე დღეში გარდაიცვალა.

ოპერაციამდე გიორგი ჩუბინიძეს ძვირადღირებული ანალიზებიც ააღებინეს, რამდენიმე ნიმუში გერმანიაშიც გადაგზავნეს, მაგრამ პასუხებს არ დაელოდნენ, რაზეც ექიმმა აღნიშნა, რომ საჭირო არ იყო ანალიზის პასუხისთვის დალოდება. 

ადამიანის უფლებათა ცენტრი მოითხოვს: 

შესაბამისმა უწყებებმა შეისწავლონ კლინიკა „ლანცეტის“ საქმიანობა და პასუხისმგებლობა დაეკისროს არა მხოლოდ იმ ექიმებს, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს ღვიძლის ტერანსპლანტაციის პროცესში, არამედ მთლიანად სამედიცინო დაწესებულებას, სადაც ბოლო პერიოდში მსგავსი ფაქტი არაერთხელ განმეორდა. 

სამედიცინო პერსონალს, რომლებმაც მონაწილეობდნენ გიორგი ჩუბინიძის საქმეში, სამუდამოდ ჩამოერთვათ საქმიანობის ლიცენზია, კლინიკა „ლანცეტს“ კი აეკრძალოს  ტრანსპლანტაციის ოპერაციების წარმოება. 

                                                                                                  ადამიანის უფლებათა ცენტრი

ახალი ამბები