კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საქართველოს პარლამენტი დედაქალაქში დაბრუნდება

29 ნოემბერი, 2016
 
შორენა კაკაბაძე, ქუთაისი

საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტი საგაზაფხულო სესიებს დედაქალაქში, პარლამენტის ძველ შენობაში განაახლებს. ქუთაისი კი, რომელმაც როგორც აღმოჩნდა, საპარლამენტო ქალაქის  სტატუსი ძალზედ მცირე დროით მოირგო, ცხოვრების ძველ რიტმს დაუბრუნდება.

როგორც წინა, ისე მე-9 მოწვევის საპარლამენტო უმრავლესობა მიიჩნევს, რომ საკანონმდებლო ორგანოს ქუთაისში დარჩენა სხვა არაფერია, თუ არა ქვეყნის ეკონომიკისთვის ზედმეტი ხარჯი, რომლის ფუფუნება საქართველოს ნამდვილად არ აქვს. მით უფრო, რომ ქუთაისში არსებული პარლამენტის შენობა, რომლის აგება-კეთილმოწყობა  საქართველოს ბიუჯეტს 37 მილიონი ლარი დაუჯდა,  ბოლომდე დასრულებულიც არ არის. სპეციალისტთა განმარტებით, მისი სრულყოფილებამდე მიყვანისთვის დამატებით   20 მილიონამდე ლარია საჭირო. თუმცა, „ქართული ოცნების“ მთავრობის წარმომადგენლები ხელისუფლებაში მოსვლის პირველივე დღიდან აკეთებენ განცხადებებს, რომ არცერთი თეთრის დახარჯვას აღარ აპირებენ. 

„დავიწყოთ იქიდან, რომ საქართველოს პარლამენტი უნდა იყოს დედაქალაქში. ამ საკითხთან დაკავშირებით ასე ვფიქრობდი მაშინაც, 2012 წელს, როცა მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი გავხდი და ამას ვფიქრობ დღესაც. მიზეზი კი, ძალიან მარტივია და ცალსახა -  პარლამენტი უნდა იყოს იქ, სადაც სხვა სახელმწიფო უწყებებია განთავსებული და თანამდებობის პირებმა, რომელთაც ისედაც ბევრი საქმე აქვთ, დრო და ფინანსები იქით-აქეთ სიარულში არ უნდა დახარჯონ. ეს, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს, რომ ქუთაისი ჩვენთვის ნაკლებად მნიშვნელოვანი ქალაქია. მაგრამ იმისთვის, რომ იგი განვითარდეს, პარლამენტის ყოფნა საკმარისი არ არის. ამისთვის სხვა, უფრო საჭირო და ქმედითი ღონისძიებებია დასაგეგმი", - აცხადებს პარლამენტარი ზვიად ძიძიგური.

მოსაზრებას არ იზიარებს სამოქალაქო საზოგადოება. ქუთაისში მოქმედმა  არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა სოციალურ ქსელში  სპეციალური ჯგუფი „პარლამენტი ქუთაისში უნდა დარჩეს“ შექმნეს და იდეის მხარდაჭერის მიზნით ბოლო ოთხი წლის მანძილზე არაერთი აქცია გამართეს. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების დამთავრებისთანავე კი, აღნიშნულ საკითხზე, საკმაოდ მასშტაბური, წარმომადგენლობითი შეხვედრა მოაწყვეს. შეიმუშავეს წერილობითი მოთხოვნა, რომლითაც საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტარებს საკანონმდებლო ორგანოს ქუთაისში დატოვებისკენ მოუწოდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, პერმანენტული საპროტესტო აქციები დააანონსეს.

„მიგვაჩნია, რომ პარლამენტი ქუთაისში უნდა დარჩეს. საკანონმდებლო ორგანოს აქ არსებობა ამ ქალაქის გადარჩენის ერთადერთი ხსნაა. თუკი საწინააღმდეგო გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ჩავთვალოთ, რომ ეს ქალაქი ჩამორჩება განვითარების ტემპს და ამოვარდება საერთო სივრციდან“,  - ამბობს ქუთაისის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი ხვიჩა ვაშაყმაძე.  

იგივე მოსაზრებები აქვთ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებსაც. აკაკი ბობოხიძის განმარტებით: „თუკი ამ ქალაქში აღარ იქნება პარლამენტი, ჩავთვალოთ, რომ აღარ იქნება სიცოცხლეც. პარლამენტის ქუთაისში გადმოტანით ჩვენ უამრავი გეგმა დავსახეთ. გვქონდა პროექტები, რომლის მიხედვითაც ამ ქალაქში ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო უნდა აშენებულიყო. ჩამოვიდოდნენ უცხოელები, საერთაშორისო ორგანიზაციები,   ქუთაისი განვითარდებოდა და გახდებოდა ევროპული ტიპის ქალაქი. სწორედ ეს იყო ჩვენი მიზანი, რომლის განხორციელებისთვის ძალებს არ ვზოგავდით. ჩვენი კოლეგები კი დღეს აცხადებენ, რომ პარლამენტის ადგილი იქაა, სადაც მთავრობაა და ყველაფერს აკეთებენ, რომ საკანონმდებლო ორგანო თბილისში დააბრუნონ.“

თუმცა, მანამდე ქვეყნის კანონმდებლებს საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანა მოუწევთ. რადგან დღევანდელი მონაცემებით, ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს ადგილსამყოფელის შეცვლა მხოლოდ დროებით, ისიც საგანგებო და საომარი მდგომარეობის დროსაა დასაშვები.

ახალი ამბები