კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ისტორიული სკოლის შენობის დემონტაჟი დროებით შეჩერდა

1 დეკემბერი, 2016
 
ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი

ელენე ბაირამოვა–ადამაშვილი წარმოშობით გორის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა მეჯვრისხევიდან არის. ამჟამად დედაქალაქში ცხოვრობს. თანასოფლელების თხოვნის შემდეგ მან იმ დოკუმენტაციის მოძიება დაიწყო, რის საფუძველზეც გადაწყდა მის მშობლიურ სოფელში 9-კლასიანი საჯარო სკოლის შენობის დემონტაჟი. 

სკოლის შენობას  ისტორია 140 წლის წინ იწყება, როდესაც თავადმა ჩიკოიძეებმა საცხოვრებელ სახლში დაწყებითი საგანმანათლებლო დაწესებულება გახსნეს. სკოლის ფუნქციონირებაში წვლილი ქართველმა მეცენატმა, დავით სარაჯიშვილმა შეიტანა, რომლის და ჩიკოიძეზე იყო გათხოვილი. სწორედ დავით სარაჯიშვილის დამ გახსნა სახლში დაწყებითი საგანმანათლებლო დაწესებულება. ასეთია მოკლედ ის ცნობები, რაც ელენე ბაირამოვა-ადამაშვილმა მოიძია. 

„ადგილობრივები დამიკავშირდნენ და მითხრეს, რომ შენობას აგურ–აგურ შლიან და კახეთში მიაქვთ მარნის მოსაპირკეთებლად. ამის შემდეგ გამოვითხოვე დოკუმენტაცია და აღმოჩნდა, რომ შენობა დემონტაჟისთვის აუქციონზე გავიდა 100 ლარად. აუქციონის პირობის მიხედვით კი დემონტაჟის შედეგად მეორადი მასალა აუქციონში გამარჯვებულს რჩება. 100 ლარი 100 ცალი აგურიც კი არ ღირს და ეჭვი გამოიწვია ამან. თან არის ძველი ქართული აგური, რომლითაც აკეთებენ სასტუმროებისა და მარნების ინტერიერს. თემის შესწავლა დავიწყე და სამხარაულის ექპერტიზის დასკვნამდე მივედი, რომელიც ორაზროვანია - ექსპერტი ნაგებობის დაზიანებებზე წერს, მაგრამ მიუთითებს, რომ მისი აღდგენა-გაძლიერება ტექნიკურად შესაძლებელია. ანუ მოკვლევის გარეშე დაიწყო ისტორიული ძეგლის დანგრევა“, – ამბობს ელენე ბაირამოვა–ადამაშვილი, რომელიც სამართალდამცავებს მოუწოდებს, რომ საქმე გამოიძიონ და შენობის დემონტაჟის საკითხის კანონიერება შეისწავლონ.   

სკოლის დირექტორი ელენე ხუციშვილი აცხადებს, რომ  დავით სარაჯიშვილის მონაწილეობა შენობის რეაბილიტაციასა და სკოლის გახსნაში მას შემდეგ გაიგო, რაც შენობის დემონტაჟი უკვე დაწყებული იყო. მიუხედავად ამისა, ნაგებობის დემონტაჟის დაწყებაში დანაშაულის ნიშნებს ვერ ხედავს და ამბობს, რომ მან ყველა კანონიერი პროცედურების დაცვით გამოაცხადა აუქციონი შენობის დემონტაჟზე. 

ელენე ხუციშვილის გაცხადებით, შენობის ავარიულობის გამო, სკოლაში სასწავლო პროცესის წარმართვა სახიფათო იყო, დემონტაჟი კი - გადაუდებელი აუცილებლობა. ამის დამადასტურებელ მაგალითად სკოლლის დირექტორს სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნიდან ის ნაწილი მოჰყავს, სადაც წერია, რომ შენობის ექსპლუატაციის რესურსის მთლიანად ამოწურვისა და რეალური ტექნიკური მდგომარეობის გამო, უფრო ხელსაყრელია შენობის დემონტაჟი და ახლის მშენებლობა“.

„მე არ ვიცოდი თუ დავით სარაჯიშვილი დაკავშირებული იყო ამ სკოლის სახელთან. თუმცა, მივესალმები თუ ისტორიული შენობა გადარჩება, მაგრამ ის, რომ შენობაში სკოლის ფუნქციონირება საფრთხის შემცველი იყო, ამას სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნა ადასტურებს. შენობის დემონტაჟს რომ ვაპირებდით, საქმის კურსში იყო განათლების სამინისტრო და გორის მუნიციპალიტეტის გამგეობაც. ჩვენ გამოვითხოვეთ ინფორმაცია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოდან და მას შემდეგ, რაც მას შენობას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი არ აღმოაჩნდა, გავიტანეთ აუქციონზე მისი დემონტაჟი საკითხი. აქ გაიმარჯვა გენადი იმერლიშვილმა. მას შემდეგ, რაც ხმაური მოჰყვა შენობის ნგრევას, დემონტაჟის სამუშაოები დროებით შეჩერებულია“, – აცხადებს სკოლის დირექტორი ელენე ხუციშვილი.

შენობის დემონტაჟზე აუქციონის განაცხადში მითითებულია, რომ შენობის დემონტაჟზე თანხმობა გორის მუნიციპალიტეტის გამგეობამ მიმდინარე წლის 26 აპრილს გასცა. როგორც humanrights.ge–ს გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის პრესსამსახურში განუცხადეს, თვითმმართველობის მიერ გაცემული ნებართვა მხოლოდ ფორმალობაა, რადგან შენობა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარეობდა, მაგრამ თვითმმართველობის ბალანსზე არ იყო.

„თუ ასეთი სახიფათო იყო შენობაში სასწავლო პროცესის მიმდინარეობა, სკოლა გადასულიყო სხვა შენობაში და ისტორიული შენობის დემონტაჟი არ მომხდარიყო. მით უფრო, რომ შენობის სარდაფში უნიკალური მარანია, სადაც 20 ქვევრია განთავსებული. ასეთ ისტორიულ შენობებს უნდა ვუფრთხილდებოდეთ და არა ასე ერთი ხელის მოსმით ანადგურებდნენ“, - ამბობს პატრა მეჯვრისხევში მცხოვრები გაბრიელ ილურიძე. 

ადამიანის უფლებათა ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის, ალეკო ცქიტიშვილის თქმით, ქვეყანაში ბევრი ისტორიული ნაგებობაა, რომლებსაც ძეგლის სტატუსი არა აქვს: „ბევრი საერო ნაგებობაა - მე-19 საუკუნის საცხოვრებელი სახლები, რომელთა ისტორიული და კულტურული მნიშვნელობა, სამწუხაროდ, მათ მფლობელებსაც არ ესმით. ამიტომ ადვილად იმეტებენ დასანგრევად და აგურებს ყიდიან ჩალის ფასად. ეს მაშინ, როცა ამ ნაგებობების მოვლით და გადარჩენით, შესაძლებელია, ბევრად მეტი შემოსავალიც მიიღონ, თუკი მათ ახალ - ტურისტულ ან საგანმანათლებლო ფუნქციას შესძენენ. აუცილებელია, სახელმწიფომ აქტიურად განახორციელოს პროექტები, რომლის საშუალებითაც მოხდება ახალი ღირებული ძეგლების გამოვლენა და კატალოგიზება“.

ადგილობრივებმა შენობის დემონტაჟის შეჩერების მოთხოვნით ხელმოწერები შეაგროვეს. ისინი ამბობენ, რომ მათმა პროტესტმა  შედეგი გამოიღო და შენობის დემონტაჟი დროებით შეჩერდა.

ლაურა ტერაშვილი, პატრა მეჯვრისხევში მცხოვრები: „კატეგორიულად მოვითხოვ, რომ შეჩერდეს ეს ბარბაროსობა და ნგრევა და როგორღაც იქნებ მოხერხდეს და სოფლის ეს განძი შეუნარჩუნოთ მომავალ თაობას“.

სოფლის მოსახლეობამ მიიჩნევს, რომ ისტორია ნანგრევებად არ უნდა იქცეს, შენობას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი უნდა მიენიჭოს და მისი რესტავრაცია უნდა მოხდეს.  

ახალი ამბები