კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სენები - სოფელი წყლის, გაზისა და გზის გარეშე

5 დეკემბერი, 2016
 
გულნურ ქაზიმოვა

ტალახიანი ჩექმებით და წყლით სავსე ბიდონებით წყაროდან მომავალ ადამიანებს ბოლნისის რაიონის სოფელ სენებში თითქმის ყოველ ფეხის ნაბიჯზე შეხვდებით.  ოღროჩოღრო, მტვერსა და ბუღში გახვეული გზაც ამ შორეულ სოფელში არსებულ  ცხოვრების რთულ პირობებზე მიუთითებს.

სენებში მცხოვრები 78 წლის ჯელალ ბაირამოვი ამბობს, რომ სოფელში საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ დადის, რადგან  სამარშრუტო ტაქსების  მძღოლებს დანგრეულ გზებზე  გადაადგილებისთვის საკუთარი ტრანსპორტი არ ემეტებათ: 
„ამ ხნის კაცი ვარ და ჯერ არ მინახავს, რომ ეს გზა ოდესმე  მოეხრეშოთ. ზამთარში  აქ ისეთი ტალახია, მანქანა ვერ გაივლის. სოფელში არც ბაზარია და არც აფთიაქი. წამლის საყიდლად მარნეულში ან ბოლნისში უნდა წავიდეთ და ტაქსიში 20 ლარი გადავიხადოთ ან გამვლელ მანქანებს უნდა ვეხვეწოთ, რომ ჩანთები წამოგვაღებინონ“, - აღნიშნა ჯელალ ბაირამოვმა.

სენებში სულ 38 ოჯახი ცხოვრობს. სოფელს არც გაზი აქვს და არც წყალი. ჯაფარ ჯაფაროვი ამბობს, რომ ასეთი პირობების გამო ახალგაზრდები სოფელს ტოვებენ და საზღვარგარეთ  მიდიან:
„ერთი მანქანა შეშა რომ ვიყიდოთ, 350-400 ლარი უნდა გადავიხადოთ. სოფლის ახალგაზრდებისთვის  სამუშაო არსად არის, შავ მუშად მუშაობით კი პურის ფულსაც ვერ შოულობენ. იძულებულები არიან, სამუშაოდ უკრაინაში ან რუსეთში წავიდნენ.“

სენებში  ყველა სახლის ეზოში წყლის კუსტარული ავზები და წყლით სავსე ბიდონები ჩანს. მუშკუნაზ ბაირამოვა ამბობს, რომ  ის და მისი ოჯახის წევრები სოფლიდან 3 კილომეტრით დაშორებულ  წყაროზე წყლის მოსატანად ყოველდღე,  რიგრიგობით,  დადიან:
„დიდი ბიდონები ვირის მეშვეობით, 10-ლიტრიანი  ჭურჭელი კი ხელით მოგვაქვს, თეფშების დასარეცხი და ჩაის დასალევი წყალი  მაინც ხომ უნდა გვქონდეს. ნახევრად მშიერმა შეიძლება იცხოვრო, მაგრამ წყლის გარეშე ვერ იცხოვრებ. მრავალშვილიანი ოჯახი ვართ, ბევრი წყალი გვჭირდება. 10 წელია ყოველ წელს წყლის გამოყვანას გვპირდებიან, მაგრამ დაპირების შესრულება მერე ყველას ავიწყდება.“

80 წელს მიღწეული სალიმანაზი ამბობს, რომ შვილთაშვილების ქორწილს მოესწრო, სოფელში წყლის და გაზის გაყვანას კი ვერა:
„აქ არავის აწუხებს ჩვენი სადარდებელი. მთელი ჩემი პენსია შეშაზე დამეხარჯა, სიცივეში ხომ არ ვიქნებით?  მთავრობას ხალხი არ აღელვებს, მარტო არჩევნების დროს ვჭირდებით, რომ ხმა მივცეთ. არაფერში არ გვეხმარებიან. გზა მაინც გაიყვანონ, რომ ხალხმა  სადმე წასვლა შეძლოს და პურის ფული იშოვოს.“

წვიმის წყლის მოსაგროვებლად ყველა ეზოში წყლის  დიდი ავზი დგას. სურაია ჯაფაროვა ამბობს, რომ წყაროდან მოზიდულ წყალს მხოლოდ საჭმლის მოსამზადებლად, ჭურჭლის დასარეცხად და დასალევად იყენებს, ტანსაცმელს კი წვიმის წყლით რეცხავს:
„ღმერთის იმედად ვართ დარჩენილები. ავზი დავამზადეთ, რომ იქ მოგროვილი წვიმის წყლით  ტანსაცმელი მაინც გავრეცხოთ. ბაღ-ბოსტანსაც ამ წყლით ვრწყავთ. გვალვის დროს ეზოში  ბოსტნეული ხმება. ერთადერთი იმით ვარ კმაყოფილი, რომ გოგონები ბოლნისში გავათხოვე და ასეთ პირობებში არ იცხოვრებენ.  სოფელში მაღაზიაც კი არა გვაქვს, რომ პური ვიყიდოთ.“

ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე ლონგინოზ გასანოვი ამბობს, რომ სენებში სოფლის ინფრასტრუქტურის მოწყობის მიზნით ახლო მომავალში არაფერია დაგეგმილი:
„სენები მთიანი სოფელია და გზის მოწესრიგების საჭიროება ნამდვილად არის, მაგრამ გზის დაგების პროექტი, ჯერჯერობით, არ არსებობს. რაც შეეხება სარწყავ წყალს, სოფლის  მოსახლეობა სარწყავი წყლით მარაგდება. არის ტექნიკური პრობლემა, რაც ძირითადად თავს მორწყვის დროს, წყლის თანაბარი გადანაწილებისას იჩენს ხოლმე. ბოლნისის რაიონის 60% ბუნებრივი აირით უკვე მარაგდება. უახლოეს პერიოდში ყველა სოფლის გაზიფიცირება მოხდება. როდის დადგება სოფელ სენების გაზიფიცირების რიგი, ჯერჯერობით, უცნობია.”
სენები ბოლნისიდან 18 კილომეტრის მოშორებით მდებარეობს, თუმცა, პრობლემებით დამძიმებული მოსახლეობა ფიქრობს, რომ  ქალაქის ცენტრიდან ასობით კილომეტრის მოშორებით,  ღვთისგან და ხელისუფლებისგან სამუდამოდ მივიწყებულ ადგილზე ცხოვრობს.

სტატია მომზადებულია თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის პროექტის ფარგლებში, რომელიც საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. სტატიის შინაარსზე პასუხისმგებელია თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი. ავტორის/ავტორების მიერ სტატიაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა, არ გამოხატავდეს ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს  პოზიციას.

ახალი ამბები