კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პოლიტიკური თავშესაფრის მაძიებელს საქართველოს სპეცსამსახურების სახელით ავიწროებენ

19 დეკემბერი, 2016
აზერბაიჯანის მოქალაქე დაშგინ აღალარლის, რომელიც საქართველოში პოლიტიკურ თავშესაფარს ითხოვს, საქართველოს სპეცსამსახურების სახელით უთვალთვალებენ და ავიწროებენ. 

ბოლო თვეების განმავლობაში დაშგინ აღალარლის ორჯერ დაურეკა მობილურ ტელეფონზე გაურკვეველმა პირმა და მოსთხოვა თბილისში, რომელიმე სკვერში შეხვედრა, გასაუბრების მიზნით. პირველი ზარის დროს უცნობმა განაცხადა, რომ  იყო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი. მეორე ჯერზე კი სახელმწიფო უშიშროების სამსახურის წარმომადგენლად გაეცნო.

ადამიანის უფლებათა ცენტრი შეშფოთებას გამოხატავს პოლიტიკური თავშესაფრის მაძიებელთან სამართლებრივი პროცედურების უხეში დარღვევით განხორციელებული კომუნიკაციის თაობაზე, რაც გამოკვეთილად ატარებს უკანონო თვალთვალისა და დევნის ხასიათს. შემაშფოთებელია, რომ ზარები განხორციელდა დაშიფრული მობილური ნომრიდან და შეუძლებელია დადგენა, ნამდვილად შსს-ს ან სუს-ის წარმომადგენელი იყო დაინტერესებული შეხვედრით, თუ სხვა პირები, რომლებსაც შესაძლოა, კანონსაწინააღმდეგო მიზნები ამოძრავებდეთ.

დაშგინ აღალარლი არის აზერბაიჯანის ოპოზიციური პარტიის ,,მუსავათის“ წევრი. იგი წლების განმავლობაში იდევნებოდა აზერბაიჯანის ხელისუფლებისაგან განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების გამო. 2013 წელს, სხვა პოლიტიკური და საზოგადოებრივი აქტივისტების მსგავსად, აღალარლის აზერბაიჯანის ხელისუფლებამ წაუყენა დაუსაბუთებელი ბრალი -  გადასახადებისგან თავის არიდება. 2014 წელს დაშგინ აღალარლი საქართველოს სამართალდამცველმა ორგანოებმა დააკავეს თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოში შემოსვლისას, როცა მას გადაწყვეტილი ჰქონდა საქართველოს ხელისუფლებისთვის პოლიტიკური თავშესაფარი ეთხოვა. ადამიანის უფლებათა ცენტრის დახმარებით, 2014 წლის აგვისტოში იგი პატიმრობიდან გათავისუფლდა.

2014 წელს დაშგინ აღალარლიმ მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს და მოითხოვა მისთვის და მისი შვილისთვის ლტოლვილის სტატუსის მინიჭება, რაზეც 2 წლის შემდეგ, სამინისტროსგან დაუსაბუთებელი უარი მიიღო. ადამიანის უფლებათა ცენტრის სამართლებრივი დახმარებით, დაშგინ აღალარლიმ სამინისტროს უარი ადმინისტრაციული წესით თბილისის საქალაქო სასამართლოში გაასაჩივრა. თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა მოთხოვნა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დაავალა  დაშგინ აღალარლისთვის და მისი შვილისთვის ლტოლვილის სტატუსის მინიჭება. ამავე დროს, თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა მოსარჩელეების პოზიცია, რომ აღალარლების აზერბაიჯანისთვის გადაცემის შემთხვევაში, საფრთხე დაემუქრებოდა მათ სიცოცხლეს და დაექვემდებარებოდნენ  წამებას და პოლიტიკურ დევნას. 

თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიუხედავად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დღემდე არ მიუნიჭებია ლტოლვილის სტატუსი დაშგინ აღალარლისთვის და მისი შვილისვის. ამავე დროს, პოლიტიკური დევნილის მიმართ არ წყდება დევნა და ფსიქოლოგიური ზეწოლა. 

ადამიანის უფლებათა ცენტრი მოითხოვს, საქართველოს ხელისუფლებამ მიიღოს შესაბამისი ზომები იმ პირთა იდენტიფიცირებისთვის, რომლებიც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სახელმწიფო უშიშროების სამსახურის სახელით დაუკავშირდნენ დაშგინ აღალარლის. ამავე დროს, ხელისუფლებამ უნდა შეაფასოს ყველა საფრთხე, რაც კი შეიძლება ემუქრებოდეს ლტოლვილის სტატუსის მაძიებელს და მაქსიმალურად უზრუნველყოს მისი უსაფრთხოება.

ადამიანის უფლებათა ცენტრი

დაშგინ აღალარლისთან დაკავშირება შესაძლებელია მისი ადვოკატის მეშვეობით. ტელ.: 593 75 54 44 - ეკა ქობესაშვილი.

ახალი ამბები