კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მარნეულის რაიონში 7000 ბავშვისთვის სკოლამდელი განათლება ხელმისაწვდომი არ არის

21 დეკემბერი, 2016
 
ნურლან ჰუსეინოვი

მარნეულის რაიონის სოფელ საბირქენდში მცხოვრებ საქინს ორი მცირეწლოვანი შვილი ჰყავს.  იმის გამო, რომ მათ სოფელში საბავშვო ბაღი არ არის, საქინის შვილები მთელ დღეს სახლში ატარებენ. „მარნეულში რამდენიმე  საბავშვო ბაღია. ჩვენს სოფელში მცხოვრებ ზოგიერთ ოჯახს ბავშვები იქ დაჰყავთ, მაგრამ ყველას არ აქვს საშუალება, რომ შვილები იქ ატაროს. ძალიან დიდი სხვაობა ჩემს შვილებსა და იმ ბავშვებს შორის, რომლებიც საბავშვო ბაღში დადიან. მათ უფრო ბევრი ლექსები და სიმღერები იციან. ქართულ ენასაც პატარაობიდანვე სწავლობენ.  ის ბავშვები კი, რომლებიც საბავშვო ბაღში არ დადიან, მთელ დღეს ტელევიზორის წინ ატარებენ,” - ამბობს საქინი.

მარნეულის რაიონის საბავშვო ბაღების გაერთიანების თავმჯდომარე, თოფიქ ჰაჯიევი აცხადებს, რომ რაიონში, ისევე როგორც მთელ ქვეყანაში, საკმარისი რაოდენობის საბავშვო ბაღები არ არის: „რაიონის 72 სოფლიდან საბავშვო ბაღი მხოლოდ 13 სოფელში  ფუნქციონირებს.  რაიონის საბავშვო ბაღებში 2000-მდე ბავშვი დადის, მაშინ, როცა სკოლამდელი განათელების მიღება 9000-მდე ბავშვს სჭირდება. საბავშვო ბაღის არარსებობის გამო სკოლამდელ განათლებას 7000 ბავშვი  ვერ იღებს.”

გაჩიანი  მარნეულის რაიონის ერთ-ერთი დიდი სოფელია. სოფლის მოსახლეობა ამბობს, რომ სოფელში საბავშვო ბაღის შენობა არის, მაგრამ ბაღი აღარ ფუნქციონირებს, რადგან შენობა პრივატიზებულია. სანაცვლოდ, სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვის სკოლასთან ერთწლიანი მოსამზადებელი კურსი მოქმედებს. კურსზე მხოლოდ 5 წლის ბავშვებს იღებენ და მათ სკოლისთვის ამზადებენ.

მარნეულის რაიონის სოფელ სარალში  მცხოვრები ასუდა პროფესიით მასწავლებელია. მას ორი შვილი ჰყავს. სოფელში საბავშვო ბაღის არარსებობის გამო სკოლამდელ განათლებას ვერც მისი შვილები იღებენ. ასუდა ფიქრობს, რომ მისი შვილები ცოდნის დონით ჩამორჩებიან იმ ბავშვებს, რომლებიც საბავშვო ბაღში დადიან. “მასწავლებელი ვარ და ჩემთვის ძალიან  რთულია, სამსახურის შემდეგ მომავალი დღის გაკვეთილების მომზადების პარალელურად შვილებს საკმარისი დრო რომ დავუთმო. საბავშვო ბაღი რომ იყოს ჩვენს სოფელში, ჩემთვის და ზოგადად, ქალებისთვის  ეს დიდი დახმარება და შეღავათი იქნებოდა. ბავშვები იქ ცოდნასაც მიიღებდნენ და ზედამხედველობის ქვეშაც იქნებოდნენ,”  - ამბობს ასუდა.

მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველი მოადგილე ზაურ ტაბატაძე აცხადებს, რომ რაიონში კიდევ რამდენიმე საბავშვო ბაღი შენდება: ”სოფელ სადახლოში 150 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღის მშენებლობა უკვე დასრულდა. სოფელ ალგეთში კი კიდევ ერთი -  150 ბავშვზე გათვალისწინებულ საბავშვო ბაღის მშენებლობას ჩაეყარა საფუძველი.“

მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებლის  მოადგილე, ქამანდარ ისმაილოვი ამბობს, რომ მთავარი კრიტერიუმი, რის მიხედვითაც ამა თუ იმ სოფელში საბავშვო ბაღის აშენება წყდება, იქ მცხოვრები მოსახლეობის რაოდენობაა. ისმაილოვის თქმით, 2020 წლამდე საბავშვო ბაღი ყველა დიდ სოფელში აშენდება. 

სტატია მომზადებულია თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის პროექტის ფარგლებში, რომელიც საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. სტატიის შინაარსზე პასუხისმგებელია თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი. ავტორის/ავტორების მიერ სტატიაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა, არ გამოხატავდეს ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს  პოზიციას.

ახალი ამბები