კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საარჩევნო სარჩელები, დაუბალანსებელი ოქმების შესახებ, არ დაკმაყოფილებულა

27 დეკემბერი, 2016
 
ნათია გოგოლაშვილი

პარლამენტის არჩევნებთან დაკავშირებით, რამდენიმე ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის მიერ მომზადებული საარჩევნო სარჩელები დაუბალანსებელ შემაჯამებელ ოქმებს შეეხებოდა. თუმცა, არცერთი მათგანი სასამართლომ არ დააკმაყოფილა. ოპოზიციონერთა განცხადებით, არჩევნები მასშტაბურად გაყალბდა. 

საქართველოს პარლამენტის არჩევნებზე საარჩევნო ბლოკმა „ნინო ბურჯანაძე-დემოკრატიული მოძრაობა" გაასაჩივრა საუბნო საარჩევნო კომისიების მიერ დარღვევებით შედგენილი ოქმები. პარტიიდან მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, საოლქო საარჩევნო კომისიებში სულ  300-მდე საჩივარი დაიწერა. იმის გათვალისწინებით, რომ არც საოლქო კომისიებმა და არც ცესკომ არ დააკმაყოფილა არცერთი საჩივარი, ბლოკმა სასამართლოში 15-მდე სარჩელი შეიტანა, თუმცა საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებმაც უარი თქვეს სარჩელების დაკმაყოფილებაზე. ამასთან, საარჩევნო ბლოკმა გაასაჩივრა ცესკოსა და უსკოს შემაჯამებელი ოქმები, საუბნო საარჩევნო კომისიების შედეგების გადათვლის მოთხოვნით, თუმცა უშედეგოდ.

დემოკრატიული მოძრაობის წევრის, მანუჩარ ომანაძის განცხადებით, მიუხედავად ბევრი დარღვევისა, სარჩელები მომზადდა მხოლოდ იმ შემთხვევებზე, სადაც ყველაზე სერიოზული დარღვევები დაფიქსირდა.

„განსაკუთრებით აღსანიშნავია საუბნო საარჩევნო კომისიის მიერ შედგენილი, დაახლოებით, 12 შემაჯამებელი ოქმი, სადაც დარღვევები ძალიან თვალშისაცემია. მაგალითად, ერთ-ერთ უბანზე მომსვლელ ამომრჩეველთა რაოდენობა იყო 800, ხმა კი მიცემული ჰქონდა 860 ამომრჩეველს. საერთოდ, არ ეწერა მომსვლელთა რაოდენობა, ისე იყო ბალანსი გამოყვანილი. ისმის კითხვა: თუ არ იცი უბანზე რამდენი ამომრჩეველი მოვიდა, ბალანსი როგორ შეადგინე?! რიგ შემთხვევებში საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები საერთოდ ჩამოაშორეს ამ პროცესს და უბნებიდან გამოაძევეს. იყო შემთხვევა, როდესაც საუბნო საარჩევნო კომისიაში ჩვენი პარტიის წარმომადგენელმა შემაჯამებელი ოქმის შედგენისას დააფიქსირა დარღვევა, მაგრამ საოლქოში უკვე სხვა ოქმი შეადგინეს და, საოლქოში შედგენილი ოქმის საფუძველზე, გადასცეს ცესკოს მონაცემები. ჩვენ გვაქვს ამ ოქმის დედანი, ხელმოწერილი და ბეჭედდარტყმული, მაგრამ საოლქოში უკვე სხვა ოქმი შედგა. ეს შემთხვევა საბურთალოს ერთ-ერთ უბანზე დაფიქსირდა. ამ უბანზე 760 ბიულეტენი იყო გაუქმებული, 700 მომსვლელი იყო, თუ არ ვცდები, და 760 გაუქმებული ბიულეტენი. იმდენად სერიოზული დარღვევა იყო, რომ საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ხმების გადათვლის გადაწყვეტილება მიიღო.  თუმცა, ცესკოდან რამდენიმე ზარის შემდეგ, საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ გადაწყვეტილება შეცვალა და ძალაში დატოვა საოლქო კომისიაში შედგენილი შემაჯამებელი ოქმი“, - განაცხადა, humanrights.ge-სთან საუბრისას, მანუჩარ ომანაძემ.

ომანაძის თქმით, სასამართლომ მათი არცერთი სარჩელი არ დააკმაყოფილა. მისი აზრით, სასამართლომ არ დაუშვა ის ფაქტი, რომ გარკვეულ საარჩევნო უბნებზე ხმები გადათვლილიყო, რადგან არჩევნებზე დაფიქსირებული დარღვევები სხვა უბნებზეც ხმების ხელახალი გადათვლის საფუძველს იძლეოდა. 

სასამართლომ არც საქართველოს პატრიოტთა ალიანსის სარჩელები დააკმაყოფილა. გოჩა თევდორაძის თქმით, დარღვევები მთელი ქვეყნის მასშტაბით დაფიქსირდა.

„მთელი საქართველოს მასშტაბით 38-40 სარჩელი გვქონდა სასამართლოში შეტანილი, რომლებიც დაუბალანსებელ ოქმებს უკავშირდებოდა, შემაჯამებელი ოქმები არ ბალანსდებოდა. ვითხოვდით გარკვეულ უბნებზე ხმების ხელახალ გადათვლას, თუმცა სასამართლომ ჩვენი არცერთი სარჩელი არ დააკმაყოფილა. ოქმი არ ბალანსდებოდა, მაგალითად, ამბობდნენ, რომ 200 ბიულეტენი მიიღო საარჩევნო კომისიამ, რომ დააჯამებდი, გამოდიოდა, რომ 205-მა კაცმა მისცა ხმა, ეს როგორ შეიძლება?! როცა ვითხოვდით უბნებზე ხმების თავიდან გადათვლას, ჩვენი მოთხოვნა არ კმაყოფილდებოდა. ასეთი ტიპის დარღვევები უმეტესად რეგიონებში დაფიქსირდა, თუმცა თბილისშიც მრავლად იყო. ამჟამად, საკონსტიტუციო სასამართლოში, პარლამენტში მანდატების არასწორად განაწილებასთან დაკავშირებით, გვაქვს სარჩელი შეტანილი“, - გვითხრა საქართველოს პატრიოტთა ალიანსის წევრმა გოჩა თევდორაძემ.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, პარლამენტის არჩევნების პირველ ტურზე, შემაჯამებელი ოქმის ბათილობის მოთხოვნით, 186 საჩივარი შევიდა, ხოლო ხმების გადათვლის მოთხოვნით - 430 საჩივარი.  რაც შეეხება არჩევნების მეორე ტურს: შემაჯამებელი ოქმის ბათილობის მოთხოვნით 13, ხოლო ხმების გადათვლის მოთხოვნით - 24 საჩივარი შევიდა.

„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" (ISFED) აღმასრულებელი დირექტორის, მიხეილ ბენიძის თქმით, სასამართლოში საარჩევნო დავების განხილვებს გარკვეული სახის პრობლემები ახლდა: „საერთო სურათს თუ შევხედავთ, ჩვენ გვქონდა არა მარტო არჩევნების შემდეგ, არამედ წინასაარჩევნო პერიოდში, გარკვეული პრეტენზიები სასამართლოსთან იმ კუთხით, თუ როგორ განიხილავდნენ ისინი საარჩევნო დავებს. ამ კუთხით ბევრი რამ არის გამოსასწორებელი, რიგ შემთხვევაში არის კომპეტენტურობისა და კანონის სწორად განმარტების პრობლემა. ხშირად გვექმნებოდა შთაბეჭდილება, რომ მოსამართლეებს სწორად არ ესმოდათ კანონის ფორმულირება“, - გვითხრა მიხეილ ბენიძემ.

ახალი ამბები