კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მაჟორიტარის ბიუროს პროცედურების დარღვევით ავტომობილი გადასცეს

10 იანვარი, 2017
 
ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი

ქ. გორის საკრებულოს წევრების ნაწილი გორის მერის მხრიდან საკრებულოს ფუნქციებში ჩარევაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ზურაბ ჯირკველიშვილმა  მუნიციპალიტეტის ბალანსზე მყოფი ავტომანქანა პარლამენტში გორის მაჟორიტარი დეპუტატის, იოსებ მაკრახიძის ბიუროს საკრებულოზე საკითხის განხილვამდე გადასცა.   
,,ქართული პარტიიდან" საკრებულოს წევრის ილია მეტრეველის განცხადებით, უკანონობის დასაკანონებლად ავტომანქანის გადაცემის შემდეგ საკითხი საკრებულოს 6 იანვრის სხდომის დღის წესრიგში დადგა.

 „ავტომობილი ჩვენგან უკითხავად, საკრებულოს გადაწყვეტილების გარეშე, გადასცა. 6 იანვარს კი საკრებულოს სხდომა ფორმალურად ჩატარდა, სადაც უკვე გადაცემული ავტომობილის გადაცემის საკითხს საკრებულოს წევრებმა მხარი დაუჭირეს“, - აღნიშნა საკრებულოს წევრმა ილია მეტრეველმა humanrights.ge-სთან საუბრისას.

საკრებულოს წევრის თამარ თედლიაშვილის განცხადებით, ქალაქის მერი საკრებულოს დასცინის.
„ქალაქის მერი საერთოდ არ სცემს პატივს საკრებულოს და მისი წევრების აზრს არ ითვალისწინებს. როცა ავტომობილის გადაცემის შესახებ ინფორმაცია შემოვიდა საკრებულოში განსახილველად, ამ დროისთვის მას ავტომობილი უკვე გადაცემული ჰქონდა ბიუროსთვის“, - აღნიშნა თედლიაშვილმა.

ქალაქის მერი ზურაბ ჯირკველიშვილი საკრებულოს წევრების აღნიშნულ განცხადებებს არ გამოხმაურებია, მერიის იურისტი კი დეპუტატების განცხადებებს აბსურდულს უწოდებს. 

„ამ ფაქტს არ ვადასტურებ. დეპუტატებს კი ამ ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულებები არ წარმოუდგენიათ. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ აზრს მოკლებულია ამ საკითხზე მსჯელობა. ავტომობილი ამ დროისთვისაც კი მუნიციპალიტეტის ბალანსზეა“, - განაცხადა ქ. გორის მერიის იურისტმა გიორგი ბატონისაშვილმა.

საკითხთან დაკავშირებით მერიის წარმომადგენლისგან განსხვავებული პოზიცია აქვს პარლამენტში ქალაქ გორის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს ხელმძღვანელს. ზურაბ კაპანაძე ამბობს, რომ სიტყვიერი შეთანხმების შედეგად, გორის მერიამ ავტომანქანა მაჟორიტარის ბიუროს შეკეთების მიზნით გადასცა და ეს 6 იანვრის საკრებულოს სხდომამდე რამდენიმე დღით ადრე მოხდა: “ავტომობილი ახლა შეკეთების მიზნით გვყავს, 6 იანვრის საკრებულოს სხდომაზე კი იმსჯელეს, 1 წლით გადმოცემის საკითხთან დაკავშირებით“.

ადამიანის უფლებათა ცენტრის შიდა ქართლის ოფისის იურისტის, ალექსი მერებაშვილის განცხადებით, გარდა იმისა, რომ დაფიქსირდა პროცედურული დარღვევები, აშკარაა თანხების არამიზნობრივი ხარჯვის ფაქტიც.

,,ვიდრე არ დასრულდება კანონით გათვალისწინებული პროცედურები და შესაბამისი დოკუმენტაციის საფუძველზე არ მოხდება ავტომობილის გადაცემა სახელმწიფო ორგანოსთვის, დაუშვებელია მისი გადაცემა ზეპირსიტყვიერი შეთანხმებით, და მით უმეტეს, მასზე რაიმე ხარჯის გაწევა მიმღები ორგანოს მიერ. რემონტის ხარჯები უნდა გაწიოს იმ ორგანომ, რომლის ბალანსზეც ირიცხება ესა თუ ის ქონება. წინააღმდეგ შემთხვევაში სახეზე გვექნება არამიზნობრივი ხარჯი", -აცხადებს ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტი. 

6 იანვრის საკრებულოს სხდომაზე პარლამენტში გორის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროსთვის ავტომანქანის გადაცემის საკითხის განხილვის დროს ერთი ხმა აღმოჩნდა გადამწყვეტი. ექვსმა დეპუტატმა საკითხს მხარი დაუჭირა, ხოლო ხუთი წინააღმდეგი წავიდა.

ახალი ამბები