კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

კოალიცია ეხმიანება ევროსაბჭოს კომიტეტის გადაწყვეტილებას სტრასბურგის სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა სიის არდამტკიცების შესახებ

29 იანვარი, 2017
 კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის“ ეხმიანება ევროპის საბჭოს შესაბამისი კომიტეტის მიერ, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოდან წარდგენილი მოსამართლეობის კანდიდატთა სამკაციანი სიის არდამტკიცების ფაქტს. 

საზოგადოებისათვის ცნობილია, რომ კოალიცია წარმოდგენილი იყო ეროვნულ დონეზე კანდიდატთა შერჩევის მიზნით შექმნილ კომისიაში. როგორც გასაუბრებების მიმდინარეობისას, ასევე მოგვიანებით, კოალიციამ კომისიის სხვა წევრების, საქართველოს მინისტრთა კაბინეტისა და ფართო საზოგადოების ყურადღება გაამახვილა იმ ხარვეზებსა და ნაკლოვანებებზე, რაც ახასიათებდა კომისიის მიერ განხორციელებულ კანდიდატთა შერჩევის პროცესს. აღნიშნული  შენიშვნები და მოსაზრებები, კოალიციამ, ასევე გაუგზავნა ევროპის საბჭოს შესაბამის ორგანოებს.

მოსამართლეობის კანდიდატების შესარჩევ კომისიის საქმიანობაში  უშუალო მონაწილეობამ თვალნათლივ გვაჩვენა, რომ აღმასრულებელი ხელისუფლებისა და მმართველ პოლიტიკური ძალის წარმომადგენელი წევრების მიერ გაკეთებული შეფასებები, ეფუძნებოდა არა დადგენილებით განსაზღვრული საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან კანდიდატთა შესაბამისობის დადგენას, არამედ - მიზნად ისახავდა, წინასწარ განსაზღვრული კანდიდატების უპირობო მხარდაჭერას და მათ მთავრობისადმი წარსადგენ კანდიდატთა შორის მოხვედრას. სწორედ ამიტომ, ვთვლიდით, რომ ფაქტობრივად, აზრი დაეკარგა კომისიის მუშაობას და იმ მნიშვნელოვან ინიციატივას - შერჩევა განხორციელებულიყო გამჭვირვალე და ინკლუზიური პროცესის მეშვეობით - შინაარსი გამოეცალა. 

ამასთანავე, მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ მოგვიანებით, იუსტიციის სამინისტროს მიერ განხორციელდა წარდგენილ სამკაციან სიაში კანდიდატის ჩანაცვლება ბუნდოვანი პროცედურისა და არგუმენტაციის საფუძველზე.

სამწუხაროა, რომ ხელისუფლებამ არ გაითვალისწინა კონკურსში ჩართული სამოქალაქო საზოგადოების პოზიციები და რჩევები, რაც დიდი ალბათობით, თავიდან ააცილებდა საქართველოს კანდიდატთა სიის ჩავარდნას ევროსაბჭოში. 

აღსანიშნავია, რომ ევროსაბჭოს შესაბამისი კომიტეტი, სახელმწიფოების მიერ წარდგენილ სიას არ ამტკიცებს იშვიათ და უკიდურეს შემთხვევებში და, ძირითადად, ორი მიზეზის გამო: 1) ხელისუფლების მიერ ჩატარებული შიდა კონკურსი ხარვეზიანია და ვერ უზრუნველყოფს ღირსეული კანდიდატების შერჩევას; 2)  კონკურსის შედეგად შერჩეული კანდიდატურების კვალიფიკაცია და სხვა თვისებები ვერ პასუხობს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით განსაზღვრულ მოთხოვნებს. 

საქართველოს შემთხვევაში, ევროპის საბჭომ მიიჩნია რომ ყველა კანდიდატი ვერ აკმაყოფილებდა კვალიფიკაციის კრიტერიუმს.  ცხადია,  ამგვარი ნეგატიური პრეცედენტი უარყოფითად აისახება ქვეყნის საერთაშორისო იმიჯზე. აღნიშნულზე პასუხისმგებლობა ეკისრებათ იმ თანამდებობის პირებს, რომლებსაც ევალებოდათ შიდა შესარჩევი კონკურსის სათანადოდ ჩატარება და კვალიფიციური კანდიდატების შერჩევა.

კოალიცია მოუწოდებს ხელისუფლებას, ყურადღებით მოეკიდოს იმ ნაკლოვანებებს, რაც  ახასიათებდა აღნიშნული პროცესს და  შესაბამისი ცვლილებები  ასახოს ახალი კომისიის დაკომპლექტების, საქმიანობის წესის განსაზღვრისა და მუშაობის პროცესში, რაც თავის მხრივ, უზრუნველყოფს პროცესის სიჯანსაღეს და მის შესაბამისობას ევროსაბჭოს მიერ დადგენილ სტანდარტებთან.

კოალიცია  მზადყოფნას გამოთქვამს, ითანამშრომლოს ხელისუფლების შესაბამის წარმომადგენლებთან ხარვეზების დასაძლევად და დასახელებული მიზნების მისაღწევად.

ახალი ამბები