კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მარგველაშვილმა ე.წ. კაბელების საქმეზე მსჯავრდებულები შეიწყალა

30 იანვარი, 2017
 
Civil Georgia

პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა 27 იანვარს  ე.წ. კაბელების გახმაურებულ საქმეზე სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით მსჯავრდებული თავდაცვის სამინისტროს ხუთი ყოფილი თანამშრომელი შეიწყალა.

მარგველაშვილის პოლიტიკურმა მდივანმა ფიქრია ჩიხრაძემ განაცხადა, რომ პრეზიდენტი თვალყურს ადევნებდა ე.წ. კაბელების საქმის მთლიან მსვლელობას და დასძინა, რომ „პოლიტიკოსები აკეთებდნენ შეფასებებს წინსწრებად, რომელიც ამძიმებდა საქმის ვითარებს და აჩენდა შეკითხვებს მიკერძოებული მიკერძოებული მართლმსაჯულებისა და პოლიტიკურად მოტივირებული სისხლის სამართლებრივი დევნის თაობაზე“.   

„ამ ხნის განმავლობაში, პროცესის ვერც ერთ ეტაპზე საქართველოს პროკურატურამ ვერ მოახერხა, რომ სათანადოდ დაესაბუთებინა ამ ადამიანებისთვის წარდგენილი ბრალი, რამაც არა ერთი მწვავე და კრიტიკული შეფასება დაიმსახურა როგორც ქართულო საზოგადოებაში, ისე საერთაშორისო საზოგადოებაში. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს პრეზიდენტმა მიიღო გადაწყვეტილება ხსენებული პირების შეწყალების თაობაზე“, – აღნიშნა ჩიხრაძემ.

პრეზიდენტის შეწყალებამდე ერთი დღით ადრე, თბილისის სააპელაციო სასამართლომ თავდაცვის სამინისტროს ხუთ ყოფილ თანამშრომელს გაფლანგვის ბრალდება სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მუხლით გადაუკვალიფიცირა და 7-წლიანი პატიმრობა 1.5 წლამდე შეუმცირა.

თავდაცვის სამინისტროსა და გენშტაბის ერთი ყოფილი და ოთხი მოქმედი თანამშრომელი 2014 წლის ოქტომბერში დააკავეს და 4.1 მლნ ლარის ოდენობით საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვაში დასდეს ბრალი ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალის გაყვანისა და ქსელური აპარატურის შეძენის შესახებ  2013 წელს  გამოცხადებულ  საიდუმლო ტენდერთან დაკავშირებით - ამ საქმემ თავდაცვის მაშინდელი მინისტრის ირაკლი ალასანიას თანამდებობიდან დათხოვნა და მისი პარტიის „თავისუფალი დემოკრატების“ ქართული ოცნების მაშინდელი მმართველი კოალიციიდან ოპოზიციაში გადასვლა გამოიწვია.

„კაბელების საქმის“ ფიგურანტებმა წინასწარ პატიმრობაში თითქმის 8 თვე დაჰყვეს, სანამ მათ თავდებობით 2015 წლის 19 ივნისს სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლებდნენ. ამის შემდეგ, თავდაცვის სამინისტრომ მაშინდელი მინისტრის თინა ხიდაშელის გადაწყვეტილებით მისი ყოფილი თანამშრომლები სამსახურში აღადგინა იმ პირობებში, როცა მათ მიმართ სასამართლოს პროცესი გრძელდებოდა. დაახლოებით 11-თვიანი დროებით თავისუფლების შემდეგ, თბილისის საქალაქო სასამართლომ მათ მიმართ 2016 წლის მაისში გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა და ხუთ ბრალდებულს 7-წლიანი პატიმრობა შეუფარდა, რაც ოპოზიციურმა და სამოქალაქო საზოგადოებრივმა ჯგუფებმა მწვავედ გააპროტესტეს, როგორც პოლიტიკურად მოტივირებული "უსამართლო, უკანონო და დაუსაბუთებელი" გადაწყვეტილება.

„კაბელების საქმე“ გაფლანგვის ბრალდების მოხსნის უკვე მეორე გახმაურებული შემთხვევაა ბოლო პერიოდში. ამავე ბრალდებით გასამართლებულ თბილისის ყოფილ მერს გიგი უგულავას იანვრის დასაწყისში სააპელაციო სასამართლომ ასევე გადაუკვალიფიცირა გაფლანგვის ბრალდება სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებაში და შეუმცირა სასჯელი, რის შემდეგაც ის საპატიმროდან იმავე დღეს გათავისუფლდა.


ახალი ამბები