კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„ინფორმაციული გეტოები“

31 იანვარი, 2017
 
საინფორმაციო გარემო ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში
ლანა გიორგიძე

27 იანვარს, სასტუმრო „ტიფლის პალასში“  საქართველოს სახალხო დამცველმა საჯარო დებატები - „საინფორმაციო გარემო ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში“ გამართა. ევროკავშირის პროექტის ფარგლებში გამართულ საჯარო დებატებში მონაწილეობა მიიღეს სახელმწიფო უწყებების, არასამთავრობო სექტორისა და მედიის წარმომადგენლებმა. 

„დღევანდელი შეხვედრა ეხება აქტუალურ თემას - საინფორმაციო გარემო ეროვნული უმცირესობებისთვის. ამ საკითხის შესახებ სხვადასხვა ანგარიშში გამოვთქვით კრიტიკული მოსაზრებები, თუმცა, წლების განმავლობაში, მდგომარეობა არ უმჯობესდება და პრობლემები კვლავ რჩება. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო პერიოდში ამ მიმართულებით ბევრი ინიციატივა განხორციელდა, ეს საკმარისი არ არის და უფრო მეტის საჭიროება არსებობს“, - განაცხადა საქართველოს სახალხო დამცველმა, უჩა ნანუაშვილმა. 

სახალხო დამცველის შემდეგ საჯარო დებატების მომხსენებლებმა მიმართეს დისკუსიის მონაწილეებს. მომხსენებელთა შორის იყო შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე პეტრე კანკავა, რომელმაც დამსწრე საზოგადოებას სახელმწიფოს მიერ გადადგმული ნაბიჯების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. მისი თქმით, სახელმწიფოს აქვს სურვილი, უფრო ხელმისაწვდომი გახადოს მედია ეროვნული უმცირესობებისთვის.

„მიუხედავად იმისა, რომ ახალგაზრდები აქტიურად იყენებენ ელექტრონულ მედიას, უფროსი თაობა,  ჯერ კიდევ, უპირატესობას ანიჭებს ბეჭდურ მედიას, ამიტომ სახელმწიფო ფინანსურ დახმარებას უწევს საქართველოს რეგიონებში მოქმედ აზერბაიჯანულ და სომხურ გამოცემებს. ამასთან, ჩვენს ვებ-გვერდზე განვათავსეთ სახალხო დამცველის მიერ შექმნილი 5 - ენოვანი ვებ-გვერდი. ჩვენი პრიორიტეტია, მხარი დავუჭიროთ ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში მაუწყებელ რადიო სადგურებს და ამ მიმართულებით გვაქვს სიახლე - მაუწყებლობა დაიწყო ქურთულენოვანმა რადიომ. რაც შეეხება ტელევიზიებს, საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო გამოშვებები მზადდება ასევე ეროვნული უმცირესობების ენებზეც, რაც ინფორმაციის ხელმისაწვდომობას უწყობს ხელს. ვფიქრობთ, ამ პროცესში უფრო მეტის გაკეთებაა შესაძლებელი და მზად ვარ, მოვისმინო რეკომენდაციები“, - აღნიშნა პეტრე კანკავამ.

სახალხო დამცველთან არსებული ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს კოორდინატორის, კობა ჩოფლიანის თქმით, ინფორმაციის ხელმისაწვდომობას ხელს უშლის ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლაც, რადგან ეროვნული უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში, სპეციალური მოწყობილობის გარეშე, საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ შეთავაზებულ რამდენიმეენოვან მაუწყებლობას ვერ იღებენ.

„სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელებაში უამრავი ადამიანია ჩართული, თუმცა მისი ეფექტი სუსტია, რადგან მედია-კომპონენტია სუსტი. აღსანიშნავია, რომ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები ინფორმაციას სხვა ქვეყნების საინფორმაციო საშუალებებიდან იღებენ, რადგან მათ ინფორმაცია ქართულ ენაზე არ მიეწოდებათ.  ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი მაუწყებლის როლი, თუმცა - არასაკმარისი. ზემოაღნიშნულის გათვალისწინენით კი, შექმნილია ე.წ. „ინფორმაციული გეტოები“, - განაცხადა კობა ჩოფლიანმა.

მედიის უარყოფით როლზე ისაუბრა სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, ზაურ ხალილოვმა, რომელმაც აღნიშნა, რომ ეთნიკური უმცირესობები მედიაში არ არიან, თუ ჩნდებიან, მხოლოდ -  უარყოფით კონტექსტში: „თუ მასალებს ეთნიკურ უმცირესობებზე არ მოამზადებს მედია, მაშინ ისინი ამ საინფორმაციო საშუალებებს არ უყურებენ, თუნდაც ინფორმაცია ხუთ ენაზე იყოს მოწოდებული. მედია უნდა შეეცადოს, რომ ეს ადამიანები დააინტერესოს და ჩართოს პროცესში. რაც შეეხება რეგიონულ მედიას, მათი სიცოცხლისუნარიანობა დამოკიდებულია მიღებულ გრანტებზე, რაც აისახება მათი მუშაობის სტაბილურობაზე”.

ის, რომ ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლები ქართული მედიასაშუალებებიდან არ იღებენ ინფორმაციას დაადასტურა J News-ის რედაქტორმა რიმა გარიბიანმა. გარიბიანმა აღნიშნა, რომ ეთნიკურად სომეხი მოსახლეობის ტელევიზიების პირველ ათეულში ხვდება სომხური და რუსული ტელევიზიები. 

მომხსენებლების გამოსვლის შემდეგ გაიმართა დისკუსია, გამოითქვა შეფასებები ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებული რეგიონებისთვის ინფორმაციის ხელმისაწვდომობის შესახებ. 
სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის წარმომადგენლის, ბექა მინდიაშვილის თქმით, წლების წინაც მსგავსი პრობლემები არსებობდა და ამ მიმართულებით არაფერი გაკეთებულა.

„15 წლის წინ დავესწარი შეხვედრას, სადაც სწორედ აღნიშნულ პრობლემებზე იყო საუბარი, მას შემდეგ არა თუ გაუმჯობესდა მდგომარეობა, არამედ უკუსვლაც კი მოხდა, საზოგადოებრივ მაუწყებელზე დაიხურა ერთადერთი გადაცემა, რომელიც ეთნიკურ უმცირესობების პრობლემებს აშუქებდა. საზოგადოებრივ მაუწყებელს ვალდებულება აქვს, გააშუქოს უმცირესობები, თუმცა ეს უკანასკნელი 42 მილიონს შეიძლება ითქვას, რომ ფლანგავს,  რადგან იგი ერთ-ერთი ყველაზე დაბალრეიტინგული ტელევიზიაა და კონკურენციას ვერ უწევს სხვა მედიასაშუალებებს. ალბათ, კარგი იქნებოდა, თუ ამ თანხის ნახევარი მოხმარდებოდა უმცირსობებისთვის ინფორმაციის ხელმისაწვდომობას. ადრე საუბარი იყო „ბი ბი სი“-ს მოდელზე, რომელიც მიივიწყეს იმის გამო, რომ დიდ თანხებთან იყო დაკავშირებული ამ პროექტის განხორციელება“, - აღნიშნა ბექა მინდიაშვილმა.

საჯარო დებატების მონაწილეთა მიერ საზოგადოებრივი მაუწყებლის მისამართით გამოთქმულ უარყოფით შეფასებებს გამოეხმაურა საზოგადოებრივი მაუწყებლის წარმომადგენელი ნინო ხიდაშელი.
„ხანდახან მრჩება შთაბეჭდილება, რომ მსგავს შეხვედრებზე ბევრი ჩვენგანი საუბრობს იმ პრობლემებზე, რომელიც უკვე აღარ არსებობს. საზოგადოებრივმა მაუწყებელმა 2016 წლის სექტემბრის თვიდან დღემდე ეთნიკური უმცირესობებისთვის საინფორმაციო გარემოს შესაქმნელად გააკეთა იმდენი რამ, რაც ბოლო ათი წელია, არ გაკეთებულა. საზოგადოებრივ მაუწყებელზე ბევრი კარგი გადაცემა გადის, რომელთაც საკმაოდ მაღალი რეიტინგიც აქვს. აქ შეკრებილებმა აღნიშნეთ,რომ ეთნიკური უმცირესობები ვერ ხედავენ საკუთარ თავს ტელეეთერში, გულზე ხელი დაიდეთ და გულწრფელად მითხარით, ბოლოს როდის უყურეთ ექვსსაათიან და რვასაათიან მოამბეს“, - მიმართა საჯარო დებატების მონაწილეებს საზოგადოებრივი მაუწყებლის წარმომადგენელმა, ნინო ხიდაშელმა.

შეხვედრის ბოლოს დისკუსიაზე წამოჭრილი საკითხები შეაჯამა მოდერატორმა ზვიად ქორიძემ და აღნიშნა, რომ  მედიას დიდი გამოწვევა აქვს და ამიტომ კარგი იქნება, თუ მსგავს დებატებში საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა ჩაერთვება.

ახალი ამბები