კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მშვიდობიანი მიტინგის მონაწილე შინაგან საქმეთა სამინისტროსგან 30 000 ლარს მოითხოვს

10 თებერვალი, 2017
 
ლანა გიორგიძე

8 თებერვალს, ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმომადგენლებმა პრაიმ-ტაიმის პრესკლუბში პრესკონფერენცია გამართეს. პრესკონფერენციაზე ორგანიზაციის წარმომადგენლებმა და დაზარალებულმა ონისე ჩაკვეტაძემ შინაგან საქმეთა სამინისტროს წინააღმდეგ შეტანილი სარჩელის შესახებ ისაუბრეს.

„ადამიანის უფლებათა ცენტრი სასამართლოში იცავს მოქალაქე ონისე ჩაკვეტაძის ინტერესებს და მოითხოვს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ აუნაზღაუროს მიყენებული მატერიალური და მორალური ზიანი, რაც განისაზღვრა 30 000 ლარის ოდენობით“, - განაცხადა ადამიანის უფლებათა ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა, ალეკო ცქიტიშვილმა. 

ონისე ჩაკვეტაძის ადვოკატის, ეკა ლომიძის თქმით, 2011 წლის 26 მაისს ქ. თბილისში, საქართველოს პარლამენტთან მიმდინარეობდა მიტინგი, რომლის ძალადობრივი გზით დაშლისა და მომიტინგეთა მასობრივი დაკავების ბრძანება გასცა ივანე მერაბიშვილმა - იმ დროისთვის საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა. 

„2011 წლის 26 მაისის მიტინგის დარბევისას სხვა მომიტინგეებთან ერთად პოლიციელებმა დააკავეს ონისე ჩაკვეტაძე და მას ფიზიკური და მორალური შეურაცხყოფა მიაყენეს. მშვიდობიანი მომიტინგეების ძალადობრივი გზით დაშლის გამო ივანე მერაბიშვილი, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მიერ 2014 წლის 27 თებერვალს გამოტანილი განაჩენითა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 11 აგვისტოს განაჩენით, დამნაშავედ არის ცნობილი სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის - სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების საფუძვლით“, - აღნიშნა ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტმა, ეკა ლომიძემ.

ლომიძის თქმით, ივანე მერაბიშვილის ბრძანების საფუძველზე, მშვიდობიან მომიტინგეებს საშუალებას არ აძლევდნენ, დაეტოვებინათ ტერიტორია.

„აქციის დარბევის დროს  ვიმყოფებოდი მეტრო „თავისუფლების“ გვერდით მდებარე  ჯიხურთან. ჩემს გვერდით იმყოფებოდნენ ჩემი მეგობრები, ჩემი ძმა და დეპუტატი კარლო კოპალიანი. აქციის დარბევის დროს სპეცრაზმელებმა ჩვენ წინააღმდეგ გამოიყენეს რეზინის ხელკეტები. თავი ხელჯოხით გამიტეხეს და პიონერთა სასახლის წინ უგონო მდგომარეობაში დამაგდეს. აღნიშნულის დამადასტურებელი კადრები ატვირთულია „იუთუბიზე“. გარკვეული დროის შემდეგ აგვიყვანეს და შეგვყარეს ყვითელ სამგზავრო ავტობუსებში, სადაც სისხლის გუბეებში ერთმანეთზე ვიყავით დაწყობილი და თავის აწევის უფლება არ გვქონდა. ავტობუსის დაძვრიდან 10 -15 წამში პოლიციელი აყვირდა „კაცს ვეჯახებითო“ და მძღოლს მოუწოდა, ნელა ევლო, ამის შემდეგ გაისმა შეჯახების ხმა, თუმცა არ მაქვს ინფორმაცია, რა მოხდა იქ. იმედი მაქვს, რომ გენერალური პროკურატურა მოიკვლევს ამ ინფორმაციას“, - განაცხადა პრესკონფერენციაზე დაზარალებულმა ონისე ჩაკვეტაძემ.

ჩაკვეტაძის თქმით, აქციის მონაწილეები ავტობუსით გადაიყვანეს სამმართველოს შენობაში, სადაც მათ ფიზიკური და ფსიქოლოგიური შეურაცხყოფა მიაყენეს.
„გვცემდნენ და შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოგვმართავდნენ. ჩვენ თვალწინ ფიზიკურად გაუსწორდნენ ბიძინა გეგიძეს. (ავტ: ვაკის მაჟორიტარი დეპუტატი,  პარტია „ქართული ოცნების“ წევრი) სათითაოდ შევყავდით დაკითხვის ოთახში, სადაც დეტალურად გამოგვკითხეს ოჯახის წევრებისა და ახლობლების შესახებ ინფორმაცია. დაკითხვის ოთახში გვემუქრებოდნენ: „აი, თქვენ ნახავთ, რა მოგივათ“, „თქვენი ოჯახის წევრებს პრობლემებს შევუქმნით“  და ასე შემდეგ...“, - განაცხადა დაზარალებულმა ონისე ჩაკვეტაძემ.

ჩაკვეტაძის თქმით, მას ასევე დაემუქრნენ, რომ შესაძლოა, ერთ დღესაც მისი ოჯახის წევრი „უბედური შემთხვევის მსხვერპლი“ გამხდარიყო: „ამ ყველაფრის შემდეგ დღემდე ვმკურნალობ, ყველაფერი ამატკივეს, მკურნალობის საშუალებაც აღარ მაქვს“.

დაზარალებულის ადვოკატის, ეკა ლომიძის განცხადებით, საქართველოს მთავარი პროკურატურის 2013 წლის 23 ივლისის დადგენილებით, ონისე ჩაკვეტაძე ცნობილია დაზარალებულდ 2011 წლის 26 მაისს, შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური დანიშნულების რაზმების მიერ ქ. თბილისში, რუსთაველის გამზირზე გამართული საპროტესტო მიტინგის დაშლისას ფიზიკური ძალისა და სპეციალური საშუალებების არაპროპორციული გამოყენების შედეგად მიყენებული მორალური და ფიზიკური ზიანის გამო: „ამის გათვალისწინებით, ადამიანის უფლებათა ცენტრი  მოითხოვს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოქალაქეს აუნაზღაუროს მიყენებული მატერიალური და მორალური ზიანი“.

„როდესაც საქმე ეხება მაღალი თანამდებობის პირის მიერ ჩადენილ დანაშაულს, პასუხი უნდა აგოს სახელმწიფომ. სულერთია, ვინ არის დამნაშავე, მერაბიშვილი თუ კოჭლამაზაშვილი“, - აღნიშნა ადამიანის უფლებათა ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა ალეკო ცქიტიშვილმა.

სახელმწიფოს მხრიდან ფიზიკური და მორალური ზიანის ანაზღაურების პრაქტიკა საქართველოში უკვე არსებობს, რადგან  სასამართლომ დააკმაყოფილა ადამიანის უფლებათა ცენტრის სარჩელი და  სასჯელაღსრულების სამინისტროს დააკისრა პენიტენციურ დაწესებულებაში წამებისა და არაადამიანური მოპყრობის შედეგად დაზარალებული პირისთვის ფიზიკური და მორალური ზიანის ანაზღაურება 60 000 ლარის ოდენობით. 

დაზარალებულის ადვოკატმა შინაგან საქმეთა სამინისტროს წინააღმდეგ სარჩელი საქალაქო სასამართლოში  8 თებერვალს შეიტანა. 

ახალი ამბები