კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადამიანის უფლებათა ცენტრი გამოხატავს შეშფოთებას მარნეულის რაიონული პროკურატურის დანაშაულზე არაეფექტური რეაგირების გამო

13 თებერვალი, 2017
 
ადამიანის უფლებათა ცენტრი გამოხატავს შეშფოთებას მარნეულის რაიონული პროკურატურის არაეფექტური რეაგირების გამო დანაშაულზე,  რომელიც მოიცავს ქალის სიცოცხლის მოსპობისა და ქონების განადგურების მუქარას ყოფილი მეუღლის მხრიდან

ორგანიზაციის დაცვის ქვეშ მყოფი ქალი, 30 წლის განმავლობაში იყო ფიზიკური, ფსიქოლოგიური და ეკონომიკური ძალადობის მსხვერპლი მეუღლის მხრიდან. ის ამჟამად განქორწინებულია, მაგრამ ყოფილი მეუღლე კვლავ აგრძელებს მასზე ფსიქოლოგიურ და ეკონომიკურ ძალადობასა და მუქარას როგორც მისი, ისე მისი შვილების სიცოცხლის მოსპობითა და ქონების განადგურებით.

2016 წლის 9 ნოემბერს ბოლნისის რაიონულ სასამართლოში გამართულ სამოქალაქო პროცესზე, მოძალადე ქმარი დაემუქრა ყოფილ მეუღლეს ადვოკატის, სასამართლო მანდატურისა და სასამართლო მდივნის თანდასწრებით და განაცხადა, რომ აუცილებლად მოკლავდა მას. 

მიუხედავად მოძალადე ქმრის მიმართ ორჯერ გამოცემული შემაკავებელი ორდერისა, ეს ღონისძიება სრულიად არაეფექტური აღმოჩნდა. ადამიანის უფლებათა ცენტრმა მიმართა შსს-ს მარნეულის რაიონულ სამმართველოს და მოითხოვა გამოძიების დაწყება ძალადობის მსხვერპლი ქალის მიმართ სიცოცხლის მოსპობის შემცველი მუქარის გამო. 

სავარაუდო დანაშაულებრივ ფაქტთან დაკავშირებით, საქმეზე  გამოძიება დაიწყო, სსკ-ის 151-ე მუხლით (მუქარა), მიუხედავად იმისა, რომ ცენტრი ითხოვდა გამოძიების დაწყებას ამავე კოდექსის 111 მუხლითაც (ოჯახში ძალადობა). გამოძიების დაწყებიდან ორ თვეში, მარნეულის რაიონულმა პროკურატურამ შეწყვიტა გამოძიება დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო. 

ადამიანის უფლებათა ცენტრის შეფასებით, სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება არ ჩატარდა სრულყოფილად. საგამოძიებო ორგანოს სისხლის სამართლის საქმეზე დასართავად გადაეცა ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 9 ნოემბრის  სხდომის ოქმის ვიდეოჩანაწერი, რომელიც ადასტურებდა მსხვერპლის მიმართ მისი ყოფილი მეუღლის მხრიდან განხორციელებული მუქარის ფაქტს. მასალებს თან ერთვოდა აუდიო ჩანაწერიც. პროკურორის მიერ მიღებულ დადგენილებაში კი არაფერია ნათქვამი აღნიშნულ მტკიცებულებებზე, რაც ცხადყოფს, რომ გამოძიება არ ჩატარებულა სრულად და ობიექტურად, პროკურორმა არ შეისწავლა საქმისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა ქალის მიმართ სიცოცხლის მოსპობის შემცველი მუქარის ფაქტს. 

ადამიანის უფლებათა ცენტრი მიმართავს საქართველოს მთავარ პროკურატურას და ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურას, დროის უმოკლეს ვადაში გაატაროს შესაბამისი ღონისძიებები მარნეულის პროკურორის დადგენილების გაუქმებისა და საქმეზე გამოძიების წარმოების განახლების მიზნით, რათა მოხდეს საქმეზე არსებული მტკიცებულებების სრულად და ობიექტურად შესწავლა.   

ადამიანის უფლებათა ცენტრი

პრეს-რელიზის მომზადდა პროექტის „ქალების, რელიგიური და ეთნიკური უმცირესობების უფლებების დაცვის ხელშეწყობა საქართველოს რეგიონებში“ პროექტის ფარგლებში „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ მიერ. აღნიშნული პროექტის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის გულუხვი დახმარების წყალობით, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით იქნა გაწეული.

პრეს-რელიზის შინაარსზე პასუხისმგებელია „ადამიანის უფლებათა ცენტრი“. ის შეიძლება არ ასახავდეს „აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის“, USAID ან აშშ-ის მთავრობის შეხედულებებს.

ახალი ამბები