კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მთავრობისა და პარლამენტის მაღალჩინოსნები არღვევენ დეკანოზ გიორგი მამალაძის უდანაშაულობის პრეზუმციას

14 თებერვალი, 2017
 
ადამიანის უფლებათა ცენტრი შეშფოთებულია დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკავებასთან დაკავშირებით მედიისთვის საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის მაღალჩინოსანი წევრების მიერ გავრცელებული განცხადებებით, რითაც უხეშად დაირღვა დაკავებულის უდანაშაულობის პრეზუმფცია. 

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ვიცე-პრემიერის, იუსტიციის მინისტრის, პარლამენტის ვიცე-სპიკერის, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარისა და სხვა პარლამენტარების მიერ გამოთქმული შეფასებები, რომ მზადდებოდა და აღკვეთილია უმძიმესი დანაშაული საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის წინააღმდეგ, არღვევს აღნიშნულ საქმეში დაკავებულის უფლებას უდანაშაულობის პრეზუმფციაზე.

საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის თანახმად, „ადამიანი უდანაშაულოდ ითვლება, ვიდრე მისი დამნაშავეობა არ დამტკიცდება კანონით დადგენილი წესით და კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით“. 

ადამიანის უფლებათა ცენტრი ხელისუფლების წარმომადგენლებს, ასევე, შეახსენებს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლს, რომლის თანახმადაც, უდანაშაულობის პრეზუმფცია წარმოადგენს სამართლიანი სასამართლოს ფუნდამენტური უფლების შემადგენელ უმნიშვნელოვანეს პრინციპს: „ყოველი პირი, ვისაც ბრალად ედება სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენა, ითვლება უდანაშაულოდ, ვიდრე მისი დამნაშავეობა არ დამტკიცდება კანონით დადგენილი წესით და კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით“. 

აღნიშნულ საქმეზე არ არსებობს გამამტყუნებელი განაჩენი. ამ ეტაპზე საზოგადოებისთვის უცნობია დაკავებული დეკანოზის პოზიცია. ინფორმაციას მედიას ვერ აწვდის მისი ადვოკატიც, რადგან პროკურატურამ გაუთქმელობის ხელწერილი დააწერინა (თუმცა, უცნობია, საქმეს გრიფი „საიდუმლო“ ადევს თუ არა). მედიაში ვრცელდება ურთიერთგამომრიცხავი შეფასებები მაღალი იერარქიის სასულიერო პირების მხრიდან, რომელთა ნაწილი არათუ დეკანოზ გიორგი მამალაძის დამნაშავეობას აყენებს ეჭვის ქვეშ, არამედ თვითონ დანაშაულსაც. 

ამ ვითარებაში მაღალი თანამდებობის პირების მიერ გაკეთებული განცხადებები არღვევს უდანაშაულობის პრეზუმფციას, რამაც, ამავე დროს, შესაძლოა, ზეგავლენა იქონიოს საზოგადოების წინასწარი აზრის ფორმირებაზე და საფრთხე შეუქმნას სამართლიან და მიუკერძოებელ სამართალწარმოებას აღნიშნულ საქმეზე.

ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტი ამჟამად იმყოფება რუსთავის #6 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დეკანოზ გიორგი მამალაძესთან. მასთან შეხვედრის დეტალებზე ორგანიზაცია ინფორმაციას მოგვიანებით გაავრცელებს.

ადამიანის უფლებათა ცენტრი

ახალი ამბები