კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ

7 მარტი, 2017
 ლანა გიორგიძე 

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა ყოველწლიური ანგარიში მსოფლიოში ადამიანის უფლებათა დაცვის შესახებ გამოაქვეყნა. საქართველოს შესახებ მომზადებულ 50 გვერდიან ანგარიშში მნიშვნელოვან დარღვევათა სიაში მოხსენებულია რუსეთისა და დე ფაქტო ხელისუფლების მიერ ქვეყნის ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაპატიმრებებისა და სიცოცხლის მოსპობის ფაქტების შესახებ ინფორმაცია. ანგარიშში ყურადღება გამახვილებულია: ქალთა მიმართ ძალადობის ფაქტებზე, ადრეულ ქორწინებაზე, მართლმსაჯულების სფეროში არსებულ ხარვეზებზე, გარკვეულ შემთხვევებში, სასამართლოზე ზეწოლასა და სახელმწიფო ინსტიტუტში არსებულ სუსტ მხარეებზე.
 
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად განხილულია  საქართველოში არსებული მედია გარემო. ანგარიშის თანახმად, საქართველოში მედია პოლიტიკურად პოლარიზებული რჩება და საზოგადოებას ნაკლებად ობიექტური ინფორმაცია მიეწოდება. წამყავნი ტელეკომპანიები გარკვეული პოლიტიკური ჯგუფების მიმართ სუბიექტურები არიან, ხელისუფლება, ძირითადად, "რუსთავი 2"-ს აკრიტიკებს ოპოზიციური ძალებისადმი ლოიალობის გამო.

ტელეკომპანია „რუსთავი 2-თან“ საუბრისას ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშს ქართულ ოცნება კრიტიკულად არ განიხილავს. მმართველი გუნდის ნაწილი მედია გარემოს შესახებ შეფასებებს გადაჭარბებულს უწოდებს, ნაწილი კი ამბობს, რომ ეს არა სახელმწიფო დეპარტამენტის დასკვნა, არამედ ადგილობრივი პოლიტიკური თუ არასამთავრობო ორგანიზაციების ციტირებაა.

საპარლამენტო უმცირესობა კი აცხადებს, რომ სტრატეგიულმა პარტნიორმა საქართველოს ხელისუფლებას ამ ანგარიშით მკაცრი გაფრთხილება მისცა, სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის მსგავსს მასშტაბებს კი ზიანი მოქალაქეებისთვის უკვე მოაქვს.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის ერთი ქვეთავი ეთმობა საქართველოს ციხეებსა და იზოლატორებში არსებული მდგომარეობის აღწერას. 
„მიუხედავად იმისა, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებული მდგომარეობა მეტ-ნაკლებად გაუმჯობესდა, არსებობს რიგი საკითხებისა, რაც კვლავ აქტუალურ პრობლემად რჩება, მათ შორისაა: ადამიანის ღირსების შემლახავი პირობები სასჯელაღსრულების დაწესებულებებში, რაც გამოწვეულია იმით, რომ არ არსებობს გამართული სავენტილაციო სისტემა, ბუნებრივი განათება, არ არის მინიმალური სტანდარტის საცხოვრებელი პირობებიც კი. აგრეთვე, არ არის უზრუნველყოფილი შესაბამისი ჯანმრთელობის დაცვის სისტემა“, - ნათქვამია ანგარიშში.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ასევე ყურადღება გამახვილებულია არასამთავრობო ორგანიზაცია ადამიანის უფლებათა ცენტრის 2015 წლის მონიტორინგის შედეგებზე, რომლის თანახმადაც, ქალ და არასრულწლოვან მსჯავრდებულებს/ბრალდებულებს არ აქვთ წვდომა შესაბამის სამართლებრივი დახმარების სერვისებზე. ისინი მოკლებული არიან შესაძლებლობას, მოამზადონ სხვადასხვა სახის დოკუმენტი, საჩივრები და განცხადებები მათ წინააღმდეგ სამართალწარმოების დაწყების ეტაპსა და მას შემდეგ.

ადამიანის უფლებათა ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის, ალეკო ცქიტიშვილის თქმით, ქალ და არასრულწლოვან პატიმრებს ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმომადგენლები ესაუბრებოდნენ სპეციალურად შედგენილი კითხვარების მეშვეობით მონიტორინგისათვის საინტერესო კონკრეტული საკითხებისა და პრობლემების გამოსავლენად. 

„2015 წელს ჩატარებული მონიტორინგის შედეგად, გამოვლენილი პრობლემები შეფასდა საერთაშორისო და შიდაკანონმდებლობით გათვალისწინებულ სტანდარტებთან მიმართებით. პროექტის ფარგლებში, ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტები უფასო იურიდიულ დახმარებას უწევდნენ ქალ და არასრულწლოვან პატიმრებს სხვადასხვა სახის უფლებადარღვევასთან დაკავშირებით. მონიტორინგის შედეგად, ქალთა საპატიმროში გამოვლენილ მნიშვნელოვან პრობლემებს წარმოადგენს - სრული შემოწმების დამამცირებელი პროცედურა, ხანგრძლივი პაემნების არარსებობა, ჰიგიენური საშუალებების უკმარისობა, დაგვიანებული/არასათანადო მკურნალობა ქალი პატიმრებისათვის, უცხოელ ქალ პატიმრებთან კომუნიკაციის პრობლემა, საკუთარი უფლებების შესახებ არასათანადო ინფორმაცია, სატელეფონო ჯიხურების/ბარათების გაუმართაობა და სხვ. რაც შეეხება არასრულწლოვანთა დაწესებულებაში გამოვლენილი მნიშნელოვან პრობლემებს, აღნიშნული უკავშირდება არასრულწლოვან პატიმრებს შორის პრივილეგიებს, განმეორებითი დანაშაულის ხშირ შემთხვევებს, სოციალურ იზოლაციას, ფსიქოლოგების არასაკმარის რაოდენობასა და დისტანციური სწავლების პროგრამების არარსებობას“, - აღნიშნა ალეკო ცქიტიშვილმა humanrights.ge-სთან საუბრისას.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში აგრეთვე საუბარია სამართალდამცავთა მხრიდან შესაძლო დარღვევების წინააღმდეგ მიმართული არაეფექტური მექანიზმების შესახებ. სწორედ ამ ქვეთავშია საუბარი ადვოკატ გიორგი მდინარაძის შესახებ, რომელსაც 2015 წლის 8 ნოემბერს, სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს, სავარაუდოდ, სცემეს. 

გიორგი მდინარაძის ინტერესებს სასამართლოში ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტი, ეკა ქობესაშვილი იცავს. ქობესაშვილის თქმით, ადვოკატის ცემის ფაქტმა ცხადჰყო, რომ ქვეყანაში ძირითად პრობლემას გამოძიების არაეფექტურობა და სისხლის სამართლის საქმისთვის არასწორი კვალიფიკაციის მინიჭება წარმოადგენს. 

„ადვოკატის მიმართ ფიზიკური და სიტყვიერი ძალადობის ფაქტზე გამოძიება მხოლოდ სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით დაიწყო. სამართალდამცავთა არაადამიანური და ღირსების შემლახავი ქმედება გამოძიებამ უგულებელყო“, - განაცხადა ქობესაშვილმა.

გარდა ზემოაღნიშნული საკითხებისა, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა 2016 წლის ანგარიშში ყურადღება გაამახვილა პოლიტიკურ პატიმრებზე, შრომით უფლებებზე, ეროვნული, ეთნიკური და რასობრივი ნიშნით დისკრიმინაციის ფაქტებზე, სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული კუთვნილების საკითხებზე.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ ანგარიშს ყოველწლიურად აქვეყნებს, რომელიც აერთიანებს ფაქტებს უფლებადარღვევით შემთხვევებსა და ძირითად ტენდენციებზე.

ახალი ამბები