კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ბავშვები სკოლამდელი განათლების გარეშე

9 მარტი, 2017
 
კახეთის საინფორმაციო ცენტრი

კახეთში ჯერ კიდევ არის სოფლები, სადაც სკოლამდელი განათლება ბავშვებისთვის ხელმისაწვდომი არ არის და მუნიციპალიტეტები სათანადო ყურადღებას არ უთმობენ ამ პრობლემის მოგვარებას. ყვარლის რაიონის სოფელ ჩანტლისყურეში, სადაც ეთნიკური ავარები ცხოვრობენ, სკოლამდელი ასაკის 30–ზე მეტი ბავშვი საბავშვო ბაღის გარეშეა დარჩენილი. სკოლამდელ განათლებას ვერ იღებენ ვერც დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ ჭოეთში მცხოვრები ბავშვები. არადა, ორივე სოფელში სკოლამდელ განათლებაზე ხელმისაწვდომობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. სასკოლო ასაკის ბავშვები ქართულადაც კი ვერ საუბრობენ.

„90-იან წლებამდე ფუნქციონირებდა საბავშვო ბაღი. ორი ჯგუფი იყო. მთელ რაიონში მარტო ჩვენი სოფელია, სადაც ბაღი არ ფუნქციონირებს, დანარჩენ სოფლებში ყველგან არის ბაღი“, - ამბობს გაჯი მუსაევი, სოფელ ჩანტლისყურეში მცხოვრები.
„მშობლები ყველა მუშაობენ. წელზე მოკიდებული ბავშვებით დადიან სამუშაოზე, ტყეში. ბაღი რომ იყოს, უფრო მეტს იმუშავებენ და მეტი შესაძლებლობა ექნებათ“,- აღნიშნავს თამარ მიქელაშვილი, ჩანტლისყურეში მცხოვრები.
ჩანტლისყურეს მოსახლეობა სოფელში საბავშვო ბაღის გახსნას 10 წელზე მეტია ითხოვს. ადგილობრივებმა ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგეობას არაერთხელ მიმართეს.

„გამგეობას მივმართეთ. მშობლების განცხადება იყო, ახლაც საქმის კურსში არიან. არჩევნებამდე იყო დაპირება, რომ ბაღს გახსნიდნენ და ვერ გახსნეს, ბიუჯეტი არ არისო. ბავშვები რომ ბაღში არ დადიან, ქართულად ვერ ლაპარაკობენ კარგად, სკოლაშიც უჭირთ სწავლა და ურთიერთობა“,- ამბობს გაჯი მუსაევი.
ჩანტლისყურესგან განსხვავებით, ე.წ. ალტერნატიული საბავშვო ბაღები ფუნქციონირებს ყვარლის რაიონის სოფლებში სარუსოსა და თივში, სადაც ასევე ეთნიკური ავარები ცხოვრობენ. აქ ბავშვებს დილის 9-დან 14:00 საათამდე ქართულ ენას ასწავლიან. ე.წ. ალტერნატიული საბავშვო ბაღები სკოლის შენობებში ფუნქციონირებს. საბავშვო ბაღებისგან განსხვავებით, იქ ბავშვებს არც კვებავენ, არც ათამაშებენ და არც აძინებენ.
„მთავარი მიზანია, რომ ბავშვებმა ქართული ენა შეისწავლონ. ასეთი ბაღი თივში უკვე ორი წელია გახსნილია, სარუსოში ერთი წელია რაც ფუნქციონირებს“, - უთხრა კახეთის საინფორმაციო ცენტრს მაია სამიტაშვილმა, ყვარლის საბავშვო ბაღების გაერთიანების დირექტორმა.

მისივე თქმით, უახლოეს პერიოდში, ალტერნატიული საბავშვო ბაღის გახსნა სოფელ ჩანტლისყურეშიც იგეგმება.

სოფელ ჩანტლისყურეში საბავშვო ბაღის გახსნის მოთხოვნით, არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრის“ მხარდაჭერით პეტიცია მზადდება, რომელიც ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განსახილველად უახლოეს პერიოდში წარედგინება.
თხუთმეტამდე ბავშვი სკოლამდელი განათლების მიღმაა დარჩენილი დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ ჭოეთშიც. სოფელში სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენლები ცხოვრობენ, ძირითადად, ბოშები და რუსები.

ჭოეთიდან რამდენიმე მშობელს ბავშვები მეზობელი სოფლის, ხორნაბუჯის საბავშვო ბაღში დაჰყავდა, თუმცა გაჭირვების გამო, უკვე ნახევარ წელზე მეტია ვეღარ ახერხებენ. ჭოეთი, ყოფილი ლენინოვკა, ხორნაბუჯიდან დაახლოებით 3 კილომეტრით არის დაშორებული. გზა დაუსახლებელ ადგილზე გადის და მტაცებელი ცხოველების გამო, საღამოს ფეხით გადაადგილება უსაფრთხოც არ არის.
„საშუალება არ არის, რომ ყოველდღე წავიყვანოთ და მოვიყვანოთ. ბაღი აქვე ახლოს რომ იყოს, ყველა მიიყვანდა ბავშვს. რაიონში სატარებლად სად არის ამდენი ფული, ბენზინი, მანქანაც არ არის“, – ამბობს ჭოეთში მცხოვრები ოლგა ნიკოლაენკო.
მშობლები აცნობიერებენ, რომ ჭოეთში, სადაც ქართული ენის ცოდნის პრობლემა აქვთ, სკოლამდელი და სასკოლო განათლების მიღება, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
„პატარა ბავშვები ხომ არიან, ხომ უნდა იაროს ბაღში, მერე სკოლაში. ოთხი შვილიშვილი მყავს. სკოლამდე რაღაც ხომ უნდა? მე ეს მჭირდება, რომ ქართული ისწავლოს კარგად, ურთიერთობა არ გაუჭირდეს ხალხთან“, – აღნიშნავს გალინა იონენკო.
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობაში კი იციან, რომ ჭოეთში მცხოვრებ ბავშვებს სკოლამდელ განათლებაზე ხელი არ მიუწვდებათ, მაგრამ გამგებლის მოადგილე სოლომონ ღორაშვილი ამბობს, რომ 15 და თუნდაც 20 ბავშვი სოფელში საბავშვო ბაღის გასახსნელად საკმარისი რაოდენობა არ არის.
„ლენინოვკელებმა შემოგვთავაზეს, ერთი ბიბლიოთეკის შენობა აქვთ, ერთოთახიანი, საბავშვო ბაღი აქ გავაკეთოთ და ერთი ჯგუფი იყოსო. ახალი რეკომენდაციებით მაგის უფლებას არავინ არ მოგვცემს და არც არის პირობები“, – აცხადებს გამგებლის მოადგილე.
ადრეული და სკოლამდელი ასაკის აღზრდისა და განათლების შესახებ საქართველოს კანონის თანახმად, საქართველოში უზრუნველყოფილია სკოლამდელი აღზრდისა და განათლების საჯარო დაწესებულებაში ბავშვთა უფასო აღზრდა და განათლება, აგრეთვე მათი კვება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

ამავე კანონით, სკოლამდელი აღზრდა და განათლება, მათ შორის, სასკოლო მზაობის პროგრამა, არის ნებაყოფლობითი, საყოველთაო და ხელმისაწვდომი შესაბამისი ასაკის ყველა ბავშვისთვის.
მუნიციპალიტეტები კი ვალდებულები არიან დანერგონ და უზრუნველყონ სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სერვისების მიწოდება ბავშვებისთვის.
გაეროს ბავშვთა ფონდის სკოლამდელი განათლების სპეციალისტის ანა ჯანელიძის განცხადებით, ერთი ბავშვიც კი საკმარისია იმისთვის, რომ მას ხელი მიუწვდებოდეს სკოლამდელ განათლებაზე.

„საკმარისი რაოდენობა კანონის მიხედვით არის ერთი ბავშვიც. თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ყველა სოფელში, სადაც შეიძლება ერთი ან ორი ბავშვი იყოს, უნდა გაიხსნას ტრადიციული, 9 საათიანი საბავშვო ბაღი. ის ვერც შეასრულებს გარკვეულწილად იმ ფუნქციას. თუ ბავშვს არ აქვს თანატოლებთან ურთიერთობის დამყარების საშუალება, ბავშვს არ ექნება მრავალმხრივი განვითარების შესაძლებლობა. ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ სამართლებრივად შესაძლებელი იყოს მრავალფეროვანი სერვისების არსებობა. ანუ მხოლოდ 9 საათიანი, ტრადიციული, შესაბამისი ინფრასტრუქტურის სკოლამდელი დაწესებულება კი არ იყოს დაშვებული კანონით, არამედ სხვა ტიპისაც, რომლის გამოცდილებაც არსებობს სხვადასხვა ქვეყნებში. ბევრი ტიპის სერვისი შეიძლება იყოს, მათ შორის დღეში 4 საათიანი, ან უფრო მცირე პროგრამებითაც არის შესაძლებელი იმ შედეგების მიღწევა, რაც აუცილებელია ბავშვების მრავალმხრივი განვითარებისთვის“, – ამბობს ანა ჯანელიძე.

„ადრეული ასაკი, პირველი 6 წელი არის ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდი ბავშვის მრავალმხრივი განვითარებისთვის, მისი ტვინის ფორმირებისთვის. კვლევები გვეუბნება სწორედ იმას, რომ თუ ამ პერიოდს არ გამოვიყენებთ და მაქსიმალურად არ შევუწყობთ ხელს ბავშვის განვითარებას, ეს არის ხელიდან გაშვებული შესაძლებლობა. ხარისხიანი სკოლამდელი განათლება ნიშნავს იმას, რომ ბავშვს რომელიც შესაბამის გარემოში იზრდება როგორც ოჯახში, ასევე საბავშვო ბაღში, უკეთესი აკადემიური მოსწრება აქვს სკოლაში, სოციალური თვალსაზრისით, ემოციური უნარჩვევები უფრო მეტად აქვს განვითარებული, ვიდრე იმ თანატოლებს ვინც არ დადიოდნენ ხარისხიან საბავშვო ბაღში. ნაკლები შანსია, რომ როცა ზრდასრულები გახდებიან, უმუშევრები იყვნენ, დამოკიდებული იყვნენ სოციალურ დახმარებაზე, ჩაერთონ რაიმე ტიპის კრიმინალურ აქტივობაში და ა.შ“, – აღნიშნავს ანა ჯანელიძე.

გაეროს ბავშვთა ფონდის 2015 კვლევის მიხედვით, საქართველოში, სკოლამდელ განათლებაზე ხელი 3–დან 6 წლამდე ასაკის ბავშვების 38%–ს არ მიუწვდება.


ახალი ამბები