კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პრეზიდენტმა ფარული მოსმენების შესახებ კანონპროექტს ვეტო დაადო

21 მარტი, 2017
 
სივილ ჯორჯია

პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ფარული მოსმენების შესახებ ახალ კანონპროექტს, რომელიც პარლამენტმა 1 მარტს მიიღო და რომელიც ფარულ საგამოძიებო მოსმენებთან დაკავშირებით ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შექმნას ითვალისწინებს, ვეტო დაადო. 

20 მარტს გამართულ ბრიფინგზე პრეზიდენტმა მარგველაშვილმა განაცხადა, რომ კანონპროექტში ორი ხარვეზი გამოიკვეთა. 

„პირველი სააგენტოს დამოუკიდებლობა, რომელიც წარმოდგენილი კანონპროექტით არ არის უზრუნველყოფილი და, შესაბამისად, ეწინააღმდეგება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ამ საკითხზე. მეორე, ეს არის კანონპროექტში გაუმართლებელი და არაპროგნოზირებადი ხარჯები, რომელსაც ეს კანონპროექტი აკისრებს საკომუნიკაციო კომპანიებს“, - განმარტა მარგველაშვილმა. 

„გვესმის ყველას, რომ ვეტო დაძლევადია. მაგრამ შესაძლებელია, დრო დადგა ჩავუღრმავდეთ ამ კანონპროექტს, ჩვენს შენიშვნებს და ამ ვეტოს დაძლევის დემონსტრირების მაგივრად საქართველოს მივცეთ უკეთესი კანონმდებლობა“, - განაცხადა მარგველაშვილმა. 

პარლამენტმა ან უნდა გაითვალისწინოს პრეზიდენტის შენიშვნები, ან დაძლიოს ვეტო, რისთვისაც სულ მცირე 76 დეპუტატის ხმარდაჭერაა საჭირო. 

ვეტოს დადების თაობაზე პრეზიდენტის გადაწყვეტილებამდე მისი ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა კონსულტაციები გამართეს ნაციონალური მოძრაობის, მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს და პატრიოტთა ალიანსის დეპუტატებთან. 

ფარულ საგამოძიებო მოსმენებთან დაკავშირებული ახალი კანონპროექტი ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შექმნას ითვალისწინებს, რომლის მიზანია უფლებამოსილი ორგანოს მიმართვის საფუძველზე, სპეციალური ტექნოლოგიური საშუალებების გამოყენებით, ფარული მეთოდებით, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების, სუვერენიტეტის, თავდაცვისუნარიანობის, ტერიტორიული მთლიანობის, მართლწესრიგის და სამხედრო პოტენციალის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებათა შესახებ ინფორმაციის და სისხლის სამართლის საქმეზე ფაქტობრივი მონაცემების მოპოვება. 

ამ მიზნით უნდა განხორციელდეს ისეთი ღონისძიებები, რომლებიც უკავშირდება სატელეფონო კომუნიკაციის ფარულ მიყურადებას და ჩაწერას; კავშირგაბმულობის არხიდან ინფორმაციის მოპოვებას; კომპიუტერული სისტემიდან ინფორმაციის მოპოვებას; გეოლოკაციის რეალურ დროში განსაზღვრას; საფოსტო სატელეგრაფო გზავნილთა კონტროლს; ფარულ აუდიო ან/და ვიდეო ჩაწერას, ფოტო გადაღებას; ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ინფორმაციული უსაფრთხოების უზრუნველყოფას; სახელმწიფო უწყებებისა და დაწესებულებების საინფორმაციო-ტექნოლოგიურ უზრუნველყოფას. 

პრეზიდენტმა მარგველაშვილმა 20 მარტს უკვე მეორედ დაადო ვეტო ფარულ მოსმენებთან დაკავშირებულ კანონპროექტს. 

2014 წელს პარლამენტმა ფარული მოსმენების შესახებ მთავრობის მიერ მხარდაჭერილი საკანონმდებლო პაკეტი მიიღო, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტოს საკომუნიკაციო საშუალებებზე პირდაპირი წვდომის ბერკეტს უტოვებდა. იმავე წლის ნოემბერში პრეზიდენტმა კანონპროექტს ვეტო დაადო, რომელიც მაშინდელმა პარლამენტმა დაძლია. 

გასული წლის 14 აპრილს საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად გამოაცხადა ის ნორმები, რომლებიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს მობილური ოპერატორების სერვერებთან პირდაპირი წვდომის გზით მოსმენების განხორციელების, ასევე მაიდენტიფიცირებელი მონაცემების კოპირებისა და მათი ორი წლის ვადით შენახვის საშუალებას აძლევდა და კანონმდებლებს მოქმედი რეგულაციების შეცვლისთვის და შემდეგ ახალი წესების შესაბამისად შემოღებული სისტემის ინსტიტუციური და ტექნიკური უზრუნველყოფისთვის „ობიექტურად საკმარის ვადად“ 2017 წლის 31 მარტამდე პერიოდი განუსაზღვრა. 

2017 წლის იანვარში პარლამენტში სპეციალური სამუშაო ჯგუფი შეიქმნა ფარული მოსმენების შესახებ რეგულაციების საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან შესაბამისობაში მოსაყვანად. პარლამენტმა ახალი კანონპროექტი 2017 წლის 1 მარტს მიიღო.


ახალი ამბები