კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მძიმე სანიტარულ-ჰიგიენურ პირობებში მყოფი შშმ მსჯავრდებული გათავისუფლებას ითხოვს

30 მარტი, 2017
 
ლანა გიორგიძე 

ხერხემლის ტრავმული დაზიანება (არის ეტლით მოსარგებლე, ვერ ახერხებს დამოუკიდებლად გადაადგილებას), მიელოპათია, პოსტტრავმული ქვედა პარაპლეგია, მცირე მენჯის ღრუს ორგანოთა დისფუნქცია. ცხვირის ძგიდის გამრუდება, ქრონიკული C ჰეპატიტი. ტერფის მიკოზი, ონიქომიკოზი. შფოთვითი მდგომარეობა - ამ დაავადებების მქონე მსჯავრდებული ს.ს. უკვე 2 წელიწად-ნახევარია სასჯელს იხდის სასჯელაღსრულების №18 დაწესებულებაში. 

მსჯავრდებულმა, ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო, გათავისუფლების თხოვნით მიმართა სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროსა და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ერთობლივ მუდმივმოქმედ კომისიას. პასუხად მან მუდმივმოქმედი კომისიისგან 2016 წლის 5 ოქტომბერს უარი მიიღო.
„როგორც კომისიაზე წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტებიდან ირკვევა, მსჯავრდებლს დადგენილი აქვს სხვადასხვა სახის დაავადება. ერთობლივი მუდმივმოქმედი კომისიის მიერ გამოკვლეულ იქნა წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაცია.  მოწვეულ იქნა ესპერტ-ნევროლოგი, რომლის მიერ გამოტანილი დასკვნა, პრაქტიკლად, იგივე დიაგნოზია. აღნიშნული მდგომარეობის მიხედვით, პაციენტის მდგომარეობა შეესაბამება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2013 წლის 15 თებერვლის №01-6/ნ ბრძანების მე-6 (ნერვული სისტემის დაავადებები) მუხლით განსაზღვრულ კრიტერიუმებს“, -ნათქვამია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მინისტრის მოადგილის, ზაზა სოფრომაძის მიერ გაცემულ დასკვნაში. 

კომისიამ ასევე იმსჯელა ს.ს.-ს დარჩენილი სასჯელის მიზანშეწონილობის საკითხზე და მსჯელობისას დაეყრდნო საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროდან, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან მიღებულ ინფორმაციას. 

„წარმოდგენილი ინფორმაციის თანახმად, მსჯავრდებული ს.ს. სასჯელს იხდის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143 (3) მუხლის მესამე ნაწილითა და 120-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის. მსჯავრდებულის ჩადენილი დანაშაულის ხასიათის, ხერხისა და მოტივის დამდგარი მართლსაწინააღმდეგო შედეგისა და პიროვნული მახასიათებელი ნიშნების გათვალისწინებით, მსჯავრდებულ ს.ს.-ს დარჩენილი სასჯელის მოხდისაგან გათავისუფლება მიზანშეუწონელია“, - ნათქვამია მუდმივმოქმედი კომისიის დასკვნაში.

შშმ მსჯავრდებულ ს.ს.-ს 2014 წელს მომვლელმა ქალმა 3 000 ლარის ოდენობით თანხა მოპარა. ს.ს.-მ დახმარებისთვის პოლიციას მიმართა, თუმცა მათ განუცხადეს, რომ ქალმა კუთვნილი თანხა აიღო, რადგან ს.ს.-ს მისი ვალი ჰქონდა. 

„ს.ს.-მ თავისი ადაპტირებული ავტომობილით მიაკითხა მომვლელ ქალს საცხოვრებელ სახლთან და დაურეკა, რომ პოლიციის განყოფილებაში ერთად წასულიყვნენ და იქ დაპირისპირებოდნენ ერთმანეთს. ს.ს.-მ წაიყვანა მომვლელი ქალი პოლიციის განყოფილებაში, სადაც ქალბატონმა განაცხადა, რომ ს.ს.-მ პოლიციის შენობაში იგი მისი ნების საწინააღმდეგოდ მიიყვანა, რის გამოც ს.ს. პასუხისგებაში მისცეს სისხლის სამართლის 143'3 მუხლის თანახმად, რაც გულისხმობს, ადამიანით ვაჭრობის, მსხვერპლის (დაზარალებულის) მომსახურებით სარგებლობა“, - აღნიშნა ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტმა, ეკა ქობესაშვილმა humanrights.ge-სთან საუბრისას.

ს.ს.-ს 2014 წელს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, 2 წელიწად-ნახევარია, იგი სასჯელს №18 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იხდის, სადაც იგი განთავსებულია სამკურნალო დაწესებულებაში.

„მაქვს ექსპერტის დასკვნა, სადაც წერია, რომ ვარ მძიმე და პალიატიური ავადმყოფი. დაკავების დღიდან ირღვევა ჩემი უფლებები პროკურატურის, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სასჯელაღსრულების სამინისტროს მხრიდან. დაბოლოს, ჩემს უფლებებს არღვევს ჯანდაცვის სამინისტროც“, - წერს მსჯავრდებული ს.ს. ადამიანის უფლებათა ცენტრს №18 სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან.

ს.ს. -ს არ შეუძლია დამოუკიდებლად მოძრაობა და გადაადგილდება ეტლით. მსჯავრდებულის ინფორმაციით, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მას 2 წელზე მეტია, მძიმე სანიტარულ-ჰიგიენურ პირობებში უწევს ყოფნა, რაც არასათანადო მოპყრობას უთანაბრდება. ს.ს. -ს არ ჰყავს მომვლელი, ამიტომ მას თავად უხდება სველი ხელსახოცებით ჰიგიენის დაცვა.
 
ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტმა ს.ს.-ს გათავისუფლების მოთხოვნით 23 მარტს პრესკონფერენცია გამართა და მოუწოდა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ერთობლივი მუდმივმოქმედ კომისიას, გადაწყვეტილებების მიღებისას იხელმძღვანელოს სისხლის სამართლის კოდექსის 74-ე მუხლით და შესაბამისი კანონქვემდებარე აქტებით და შეწყვიტოს პრაქტიკა, რომელიც აცდენილია კანონმდებლობას.
„პენიტენციურ სისტემაში კვლავ პრობლემად რჩება მძიმედ დაავადებული მსჯავრდებულების სასჯელისგან გათავისუფლება. სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროსა და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ერთობლივი მუდმივმოქმედი კომისია გადაწყვეტილებას იღებს ძალოვანი სტრუქტურიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე. კომისია ამეტებს თავის უფლებამოსილებას და არღვევს დებულებას და ნორმატიულ აქტს, რომელთა თანახმად, მსჯავრდებულის დაავადება თუკი შეესაბამება მძიმე და განუკურნებელ დაავადებათა ჩამონათვალს, იგი სასჯელისგან უნდა გათავისუფლდეს“, - განაცხადა ეკა ქობესაშვილმა.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 74-ე მუხლით, „თავისუფლების აღკვეთის მსჯავრდების შემთხვევაში - საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ერთობლივ მუდმივმოქმედ კომისიას შეუძლია, სასჯელისაგან გაანთავისუფლოს ის, ვინც დანაშაულის ჩადენამდე ან ჩადენის შემდეგ დაავადდა მძიმე ავადმყოფობით, რაც ხელს უშლის სასჯელის მოხდას.

ერთობლივი მუდმივმოქმედი კომისია ხელმძღვანელობს სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროსა და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ერთობლივი მუდმივმოქმედი კომისიის დებულებით და  საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული მძიმე და განუკურნებელ დაავადებათა ჩამონათვალით, რაც წარმოადგენს სასჯელის მოხდისაგან გათავისუფლების საფუძველს.

ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტის თქმით, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ერთობლივი მუდმივმოქმედი კომისია ამეტებს თავის უფლებამოსილებას, როცა თავის საქმიანობაში, საქმეებზე პაციენტის შესახებ ინფორმაციას ითხოვს შინაგან საქმეთა სამინისტროდან და მთავარი პროკურატურიდან და თავის გადაწყვეტილებას მთლიანად აფუძნებს  ძალოვანი სტრუქტურიდან მიღებულ ინფორმაციაზე.

Humanrights.ge დაუკავშირდა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ერთობლივი მუდმივმოქმედი კომისიის თავმჯდომარეს, ზაზა სოფრომაძეს, რათა მას განემარტა, გადაწყვეტილების მიღებისას, კომისიამ პრიორიტეტი რატომ არ მიანიჭა მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობას. თუმცა, პასუხი ელექტრონული ფოსტის საშუალებით მივიღეთ, რომელიც სიტყვა-სიტყვით იმეორებდა მუდმივმოქმედი კომისიის დასკვნის განმარტებით ნაწილს. 

ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისიტის, ეკა ქობესაშვილის თქმით, ყველა საკანონმდებლო აქტის მიხედვით, მუდმივმოქმედი კომისია დარჩენილი სასჯელის მიზანშეწონლობის დროს უნდა ითვალისწინებდეს მხოლოდ პაციენტის ჯანმრთელობის მდგომრეობას და არა ძალოვანი სტრუქტურიდან მიღებულ ამა თუ იმ ინფორმაციას.

ახალი ამბები