კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მოსახლეობას ხელისუფლების დახმარების იმედი არ აქვს

23 მაისი, 2017
 
 ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარიანში მცოვრებ ნათელა მაყაშვილს ერთი თვის წინ, ყინვის შედეგად, ხეხილის ბაღები მთლიანად გაუნადგურდა. მისი ოჯახი იმედს ბოსტნეულზე ამყარებდა, თუმცა რამდენიმე დღის წინ მოსულმა სეტყვამ ბოსტნეულიც გაუნადგურა.

,,სეტყვამ  სულ გაგვინადგურა ყველაფერი. ჩვენი ოჯახის შემოსვლის ძირითადი წყარო სოფლის მეურნეობაა, თუმცა წელს, გაყიდვის ნაცვლად, ყველაფრის ყიდვა მოგვიწევს. ვითხოვთ ზარალის ანაზღაურებას, თუმცა ამ დრომდე რეაგირება არ არის", - ამბობს ნათელა მაყაშვილი.

ნათელა მაყაშვილის მსგავსად ყინვისა და სეტყვის შედეგად განადგურებულ მოსავალზე საუბრობენ სოფლის სხვა მცხოვრებლებიც. გულივერ ადუაშვილი ამბობს, რომ დაუსაქმებლობის ფონზე, ერთადერთი შემოსვლის წყაროს გარეშე დარჩნენ.
 „მოსავლის იმედზე ვიყავით და ესეც აღარ გვაქვს, ამას ბანკის ვალებიც ემატება და ამ მდგომარებაშია სოფლის მაცხოვრებლების 80%. ვითხოვთ ხელისუფლებისგან დახმარებას, მაგრამ ამის იმედიც უკვე აღარ გვაქვს", - აღნიშნა დაზარალებულმა გულივერ ადუაშვილმა.

გორის მუნიციპალიტეტის გამგებელის, დავით ონიაშვილის განცხადებით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს ზარალის შესწავლა, თუმცა მისი თქმით, მხოლოდ დაზღვეული მოსავლის ანაზღაურება მოხდება სადაზღვეო კომპანიების მხრიდან. 

,,სახელმწიფომ დანერგა დაზღვევის მოქნილი სიტემა, რომელიც მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომია. სადაზღვევო კომპანიები ზარალს დათვლის შემდეგ აანაზღაურებენ.  პირებს, რომელთაც ხეხილის ბაღები დაზღვეული არ ჰქონდათ, სამწუხაროდ, ზარალი არ აუნაზღაუდებათ“, - განაცხადა დავით ონიაშვილმა. 
ვარიანის თემის მაჟორიტარი დეპუტატი გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ამბობს, რომ სადაზღვევო სისტემა ეფექტური არ არის. ვახტანგ ბერკაცაშვილის განცხადებით, მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას ნაკვეთები არ აქვთ დაზღვეული. 

,,არ არის ასე მარტივად საქმე. სადაზღვევო კომპანიებს დაზღვევისას აქვთ კრიტერიუმები. მაგალითისთვის, ხეხილის ბაღების შემთხვევაში დაზღვევა ხდება ისეთ დროს, როდესაც ნაყოფი აქვს გამოტანილი, ვარიანის თემში კი მოსავალი ყვავილობის დროს ყინვებმა გაანადგურა. ყინვას გადაურჩა ბოსტნეული კულტურა, რომელიც სეტყვამ მთლიანად გაანადგურა", - აღნიშნა ბერკაცაშვილმა. გორის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელი 20 მაისს დაისეტყვა.
 

ახალი ამბები