კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სოფელ სკრის მოსახლეობა მდინარეზე ნაპირსამაგრი სამუშაოების ჩატარებას ითხოვს

24 მაისი, 2017

ლადო ბიჭაშვილი შიდა ქართლი

მტკვრის დონის სასიგნალო ნიშნულის გადაცდენის შესახებ 21 მაისს გარემოს დაცვის ეროვნულმა სააგენტომ გაავრცელა ინფორმაცია.  მტკვრის დონის გაზომვა თბილისის სიახლოვეს მოხდა და 336 სმ-მდე იყო მომატებული. სააგენტოს ინფორმაციით, სასიგნალო ნიშნული 350 სმ-ია. 

ამ ინფორმაციის გავრცელებიდან რამდენიმე საათში ადიდებულმა მდინარე მტკვარმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ სკრაში 40-მდე ოჯახის სასოფლო-სამეურნეო სავარგულები და საცხოვრებელი სახლების პირველი სართული და სარდაფები დატბორა. ადგილობრივების თქმით,  22 მაისს, ღამის პირველ საათზე, მათი ეზოები, სარდაფები და ნაკვეთები უკვე დატბორილი იყო, ადგილზე მისულმა სამაშველო სამსახურმა რამდენიმე ოჯახი დროებით საცხოვრებელი სახლებიდან გაიყვანა.  

,,ღამის პირველ საათზე მოვარდა დიდი წყალი, დროულად  რომ არ მოსულიყვნენ მაშველები, ალბათ, ხალხი ამოვიხოცებოდით. ღამით  დაგვატოვებინეს სახლები და გაგვიყვანეს. სულ დატბორილია ბაღები და ნათესები. ვითხოვთ, რომ მტკვართან გაკეთდეს ჯებირები, რომ ადიდების შემდეგ აღარ გადმოვიდეს და არ დავზარალდეთ" , - განაცხადა სოფელ სკრაში მცხოვრებმა მზია რაზმიაშვილმა.

დაზარალებულ მოსახლეობას შორის დევნილებიც არიან, რომლებიც ამბობენ, რომ ყოველ წელს უხვი ნალექის დროს მათ საცხოვრებელი სახლები და ნაკვეთები წყლით იტბორება.

 „ბატონ სოზარ სუბარს ვთხოვთ, რომ მოგვხედოს და სხვაგან გადაგვიყვანოს. აქ გაუსაძლისი პირობებია, სათავსოები დაიტბორა და თუ რამე გვქონდა მომარაგებული,  ყველაფერი გაგვიფუჭდა" , - დევნილმა გულნარა ჩუგოევმა. 
ადგილობრივების თქმით, მტკვრის ნაპირსამაგრი სამუშაოებია გასაკეთებელი, რათა მდინარე კალაპოტიდან არ გადმოვიდეს. 

,,ყოველ წელს ამ მდგომარეობაში ვართ. უხვი ნალექის დროს,წელიწადში სამჯერ მაინც, გადმოდის მდინარე და ტბორავს ნათესებს და სარდაფებს", - აღნიშნა ნოდარ ლაფაჩიმ. 

გორის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელი სკრის თემში ამბობს, რომ ნაპირსამაგრი სამუშაოებია ჩასატარებელი, ადგილობრივ ბიუჯეტში კი თანხები არ აქვთ. ილია ოქროშიაშვილის განცხადებით,  1 200 000 ლარი გამოიყო ჯებირების გასაკეთებლად, თუმცა მისი თქმით, მთლიანად ვერ მოხდა ნაპირსამაგრი სამუშაოების გაკეთება.

,,ინფრასტრუქტურის სამინისტროს გადასაწყვეტია გამოყოფს თუ არა თანხებს ნაპირსამაგრი სამუშაოებისთვის, დაახლოებით, 200 მეტრის სიგრძეზე საჭიროა ჯებირების ამოშენება, რათა მტკვრის ადიდების დროს წყალი აღარ გადმოვიდეს", -განაცხადა გამგებლის წარმომადგენელმა სკრის თემში.

წყალდიდობის შედეგად დაზარალებულები ზარალის ანაზღაურებას ითხოვენ, გამგებლის წარმომადგენლის განცხადებით, ამ ეტაპზე უცნობია ანაზღაურდება თუ არა ზარალი.

ახალი ამბები