კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პოლიციელთა მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების ფაქტები გაიზარდა

8 ივნისი, 2017
 
ნათია გოგოლაშვილი
 
„ბოლო 4 წლის განმავლობაში, 2016 წელს იზოლატორში შესახლებულ პირთა საერთო რაოდენობასთან შეფარდებით, დაზიანებით შესახლებულ პირთა და იმ პირთა ხვედრითი წილი, რომელთაც პოლიციის მიმართ პრეტენზია გამოხატეს, ყველაზე მაღალია. 2016 წელს, 2015 წელთან შედარებით, ასევე გაზრდილია დაკავებისას ან დაკავების შემდგომ სხეულის დაზიანების შემთხვევათა რაოდენობა”, - ვკითხულობთ სახალხო დამცველის 2016 წლის საპარლამენტო ანგარიშში.

უჩა ნანუაშვილის განცხადებით, პოლიციელთა მხრიდან არასათანადოდ მოპყრობის ფაქტებზე ეფექტური გამოძიების წარმოება კვლავ სერიოზულ პრობლემად რჩება. მისი თქმით, ათეულობით მსგავსი ფაქტი, გამოძიების ეტაპზეა და არცერთ მათგანზე შედეგი არ დამდგარა. ომბუდსმენის რეკომენდაცია უცვლელი რჩება: შეიქმნას დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმი. 

სახალხო დამცველის აპარატის მიერ 2016 წელს მონიტორინგი ჩატარდა პოლიციის 58 სამმართველოსა და 27 დროებითი მოთავსების იზოლატორში. სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრებმა, ასევე, რეგიონებში გამართეს შეხვედრები ადგილობრივ ადვოკატებთან და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, რომელთაგანაც მიიღეს ინფორმაცია დაკავებული პირების უფლებრივ მდგომარეობაზე. 

ანგარიშის თანახმად, სპეციალური პრევენციული ჯგუფის მიერ დამუშავებული მონაცემები ცხადყოფს, რომ პოლიციის მიერ დაკავებისას ძალის გადამეტება, დაკავების შემდეგ ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა, დაკავებული პირის მიერ პროცედურული უფლებებით არაჯეროვნად სარგებლობა და სხეულის დაზიანებების არასრულყოფილი დოკუმენტირება პოლიციის სისტემისათვის კვლავ გამოწვევად რჩება. (იხილეთ ცხრილი1)

„მონიტორინგისას გამოვლინდა ტენდენცია - დაკავების ოქმში არ არის მითითებული დაზიანება, რომელიც აღწერილია გარეგნული დათვალიერების ოქმში ან გარეგნული დათვალიერების ოქმში სხეულის უფრო მეტი დაზიანებაა აღწერილი, ვიდრე დაკავების ოქმში. ომბუდსმენის აზრით, ეს შეიძლება, გამოწვეული იყოს დაკავებისას სხეულის დათვალიერებისა და დაზიანებათა დოკუმენტირების ხარვეზებით, თუმცა, ამავდროულად, ჩნდება მყარი ვარაუდი, რომ დაკავებულმა დაზიანება პოლიციის კონტროლის ქვეშ მიიღო“, - აღნიშნულია ანგარიშში.(იხილეთ ცხრილი2)

სახალხო დამცველის შეფასებით, პრობლემად დარჩა პირთა თანხმობის გარეშე პოლიციის ავტომობილში ან პოლიციის განყოფილებაში „გასაუბრების“ მანკიერი პრაქტიკა. როგორც სპეციალური პრევენციული ჯგუფის წარმომადგენლებისთვის გახდა ცნობილი, აღნიშნული პრაქტიკის სამიზნე, ძირითადად, პენიტენციური დაწესებულებიდან ახალგამოსული ან ისეთი პირები არიან, რომლებიც პოლიციის თანამშრომელთა მიერ აღიქმებიან, როგორც „რისკ-ჯგუფი“ თავიანთი კრიმინალური წარსულის ან სხვა მიზეზების გამო. სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოხდეს ადამიანის ძირითადი უფლებების არაგონივრული შეზღუდვის ხარჯზე.

სახალხო დამცველი შემაშფოთებელს უწოდებს იმ ტენდენციას, როდესაც სისხლის სამართლის საქმეებში დაკავებულთა ადვოკატები გვიან ერთვებიან. საქმე ისაა, რომ სპეციალური პრევენციული ჯგუფის მიერ შესწავლილი სისხლის სამართლის საქმეებიდან, თითქმის ნახევარ შემთხვევებში დაკავებულ პირს საერთოდ არ ჰყოლია ადვოკატი. ამას გარდა, იმ შემთხვევაშიც, როდესაც დაკავებულ პირს ჰყავდა ადვოკატი, იგი პროცესში, როგორც წესი, დაკავების მომენტიდან გარკვეული დროის გასვლის შემდეგ (1-2 დღე) ერთვება. 

ომბუდსმენის შეფასებით, 2016 წელს კვლავ პრობლემა იყო პოლიციის სამმართველოებში შიდა და გარე პერიმეტრის ვიდეოკამერებით სათანადოდ დაფარვა. ანგარიშის თანახმად, ზოგიერთ რაიონულ სამმართველოში  ვიდეოკამერები არ იყო დამონტაჟებული შენობის არც გარე და არც შიდა პერიმეტრზე. ამასთან, აღსანიშნავია, რომ იმ სამმართველოთა აბსოლუტურ უმრავლესობაში, სადაც ვიდეომეთვალყურეობა შიდა პერიმეტრზე ხორციელდება, კამერები ძირითადად დამონტაჟებულია შენობის შესასვლელში, ოპერატიული მორიგისთვის გამოყოფილი სივრცის წინ, რაც ვერ უზრუნველყოფს შენობის შიდა პერიმეტრის სრულ მეთვალყურეობას.

პოლიციელთა მიერ უფლებამოსილების გადამეტების ფაქტებზე მეტყველებს იმ გახმაურებული და გაუხმაურებელი საქმეების დიდი რაოდენობა, რომელთაც დღემდე სამართლებრივი შეფასება არ მისცემიათ. აღსანიშნავია, რომ ამ დრომდე არ არის დამდგარი განაჩენი პოლიციის განყოფილებაში ადვოკატ გიორგი მდინარაძის ცემის ფაქტთან დაკავშირებით. მისი უფლებების დამცველის, ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტის, ეკა ქობესაშვილის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ პოლიციის მაშინდელი უფროსი მომხდარიდან რამდენიმე დღეში დააკავეს, სასამართლო განხილვები ძალიან გაჭიანურდა. ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმოებაშია, ასევე, რამდენიმე საქმე, სადაც პოლიციელთა უფლებამოსილების გადამეტების ფაქტები იკვეთება და რომელთა გამოძიებაც უკვე რამდენიმე თვე/წელია, არაეფექტურად მიმდინარეობს.

ადამიანის უფლებათა ცენტრს 2017 წელს დახმარებისათვის მიმართა მსჯავრდებულმა ვ.ნ.-მ, რომელიც განთავსებულია სასჯელაღსრულების №8 დაწესებულებაში. ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტის, ნესტან ლონდარიძის თქმით, ვ.ნ.-ს თავს დაესხა სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული პოლიციის ორი თანამშრომელი: „მათ ჯერ ცემეს, შემდეგ კი მძიმედ დაჭრეს. ვ. ნ.-ს ჰქონდა ორი ცეცხლსასროლი და ერთი დანით მიყენებული ჭრილობა. ამის მიუხედავად, თავად ვ. ნ.-ს წაუყენეს ბრალი. რაც შეეხება პოლიციელების მხრიდან ძალის გამოყენების ფაქტს, ცალკე წარმოებად გამოიყო, რაზეც ყოველგვარი საგამოძიებო მოქმედება შეწყვიტეს“.

ორგანიზაცია ასევე იცავს მსჯავრდებულ ი.ნ.-ს სამართლებრივ ინტერესებს, რომელიც სასჯელაღსრულების №5 დაწესებულებაში იმყოფება. შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურაში 2015 წლის 26 მარტს დაწყებულია სისხლის სამართლის საქმე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლის მიერ ი.ნ.-ს მიმართ სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე. იურისტის, ეკა ქობესაშვილის განცხადებით, დღემდე საქმეზე არ არის შემაჯამებელი გადაწყვეტილება მიღებული. შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურაში გამოძიება ეფექტურად არ მიმდინარეობს.
„ი.ნ. სახლში დააკავეს. როგორც თავად ამბობს, ძალით ჩატენეს მანქანაში და მიიყვანეს გორის პოლიციის განყოფილებაში. იქ რამდენიმე საათის განმავლობაში სასტიკად უსწორდებოდნენ, სცემდნენ. პოლიციელებმა მასზე ფსიქოლოგიურად და ფიზიკურად იძალადეს და აიძულეს, ეღიარებინა დანაშაული (განზრახ მკვლელობა), რომელიც მას არ ჩაუდენია. ხუთი წელი მიუსაჯეს, იძულებით აღიარებული ჩვენების საფუძველზე, გაუფორმეს საპროცესო შეთანხმება. ი. ნ.-ს არ აქვს დაზარალებულის სტატუსი, არც ბრალდებულია ამ საქმეში და გამოძიება ფორმალურად მიმდინარეობს. ფაქტობრივად კი, საქმე დღემდე თაროზეა შემოდებული“, - განაცხადა ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტმა, ეკა ქობესაშვილმა.

თბილისის პროკურატურაში დაწყებულია კიდევ ერთი სისხლის სამართლის საქმის მოკვლევა გ.ვ.-ს მიმართ პოლიციის თანამშრომლის მიერ განხორციელებულ ძალადობაზე. ადვოკატ, ეკა ქობესაშვილის თქმით, 2017 წლის 3 იანვარს გ.ვ.-ს წინააღმდეგ აღიძრა საქმე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით  (წვრილმანი ხულიგნობა). უნდა აღინიშნოს, რომ სასამართლომ გ.ვ. გაამართლა. იურისტის თქმით, პოლიციელებმა, გ.ვ.-ს დაკავებისას, უფლებამოსილებას გადაამეტეს: „ბანკის შენობიდან გამოსვლის შემდეგ, შენობის წინ გ.ვ.-ს დახვდა პოლიციის ორი თანამშრომელი, რომელთაგანაც ერთ-ერთმა, ძალადობის გამოყენებით, ჩასვა მანქანაში და გადაიყვანა პოლიციის განყოფილებაში.  პოლიციის მანქანაში ყოფნის დროს, გ.ვ. პოლიციის თანამშრომელმა უხეშად გადააწვინა უკანა სავარძელზე, ერთი ხელი გადაუგრიხა, ასევე განყოფილებაში მისვლამდე ურტყამდა ხელს  თავის არეში და აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას“.

ადამიანის უფლებათა ცენტრის კახეთის რეგიონული ოფისის იურისტის, ლია ხუროშვილის თქმით, ქ. სიღნაღში მცხოვრები სტუდენტი ვ.მ. სიღნაღის პოლიციის სამმართველოს თანამშრომელს ცემაში ადანაშაულებს, რის შედეგადაც, მან ნეკნების მრავლობითი მოტეხილობა მიიღო, ასევე დაზიანებები მიიღო თავისა და სახის არეში. საქმეში ფიგურირებენ პოლიციის თანამშრომლები, უბნის ინსპექტორ- გამომძიებლები, რომლებიც 2017 წლის 15 მაისს შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ. როგორც ვ.მ განმარტავს, მითითებული პოლიციის თანამშრომლები,  არიან სწორედ ის პირები, რომლებიც მის ცემას ესწრებოდნენ და ხელით იჭერდნენ მას, რათა პოლიციის თანამშრომელს მისი ცემა გაადვილებოდა.

ლია ხუროშვილის განცხადებით, ვ. მ.-ს მიმართ სიღნაღის რაიონულმა სასამართლომ გამოიტანა დადგენილება ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ, ვ.მ. საქართველოს ადმინისტრაცულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდამრღვევის ჩამდენად ცნო და სამასლარიანი ჯარიმის გადახდა დააკისრა.

„სასამართლომ საქმისათვის მნიშვნელობის არმქონედ ჩათვალა ის გარემოება, რომ დაკავების ოქმი და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შსს-ს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის სიღნაღის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ- გამომძიებლის მიერ შედგა პოლიციის შენობაში და არა ქ. სიღნაღის ქორწინების სახლის კიბესთან, სადაც, როგორც ოქმის შემდგენი მიუთითებს, ვ.მ.-მ ადმინისტრაციული სამართალდაღვევის ფაქტი ჩაიდინა. ასევე, აღსანიშნავია, რომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს ხელს არ აწერს ვ.მ.“, - აცხადებს იურისტი.

იურისტ, ლია ხუროშვილის თქმით, პრობლემას წარმოადგენს საგამოძიებო უწყებების მიმართ  მოქალაქეთა უნდობლობა: „დაზარალებულები და მათი ოჯახის წევრები დარწმუნებული არიან, პოლიციელებს არავინ დასჯის და, როგორც თავად ამბობენ, პოლიციელთა გადაკიდება არ უნდათ. ამიტომ საქმის შედეგით აღარ არიან დაინტერესებული“. ადამიანის უფლებათა ცენტრის კახეთის რეგიონული ოფისის იურისტი 2015 წლიდან იცავს ჭ.ჭ.-სა და ლ.ე.-ს სამართლებრივ ინტერესებს, არცერთი მათგანი დღემდე დაზარალებულად არ არის ცნობილი.

„გურჯაანის რაიონულ სამმართველოში ცემეს გურჯაანის რაიონის სოფელ ძირკოკში მცხოვრები 19 წლის ლ.ე. ცემის შედეგად, მან სხეულის დაზიანება მიიღო, კერძოდ, ჩაუმტვრიეს ორი კბილი, მიიღო ქალა ტვინის დახურული ტრავმა, რის შედეგადაც, დაემართა ტვინის შერყევა. ლ.ე.-მ დაადასტურა, რომ ის ცემა თავად პოლიციის უფროსმა და მისმა მოადგილეებმა. ცემის შემდეგ სახე დააბანინეს და უთხრეს, რომ ეთქვა: დაზიანებები კიბიდან დაგორების შედეგად მაქვსო. ნაცემი გადაიყვანეს ყვარლის იზოლატორში, სადაც მას ჯერ არ ღებულობდნენ, რადგან დაზიანებები ჰქონდა, რის გამოც იზოლატორში გამოიძახეს სასწრაფო დახმარება“, - განაცხადა ლია ხუროშვილმა.

სახალხო დამცველი საქართველოს მთავარ პროკურატურას მოუწოდებს, უზრუნველყოს პოლიციის მხრიდან დაკავებული პირების მიმართ წამებისა და არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის სავარაუდო ფაქტების ეფექტიანი გამოძიება, რაც გულისხმობს საქმის ყოველმხრივ და სრულყოფილ შესწავლას. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს კი, შემდეგი რეკომენდაციით მიმართვს: მიიღოს ყველა საჭირო ზომა პოლიციის თანამშრომლების მხრიდან წამების, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის, ასევე, ადამიანის უფლებათა დარღვევის თავიდან ასაცილებლად.

სტატია მომზადებულია ორგანიზაცია „ციხის საერთაშორისო რეფორმის“ მიერ განხორციელებული პროექტის, „საქართველოსა და სომხეთში წამებასა და არასათანადო მოპყრობასთან ბრძოლა პრევენციული მონიტორინგის გაძლიერების გზით“, ფარგლებში.

ახალი ამბები