კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

შშმ პატიმრები საჭირო სერვისებით ვერ სარგებლობენ და არც სათანადო მკურნალობა უტარდებათ

16 ივნისი, 2017
 
 
ნათია გოგოლაშვილი

„მაქვს ექსპერტის დასკვნა, სადაც წერია, რომ ვარ მძიმე და პალიატიური ავადმყოფი. დაკავების დღიდან ირღვევა ჩემი უფლებები პროკურატურის, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სასჯელაღსრულების სამინისტროს მხრიდან. დაბოლოს, ჩემს უფლებებს არღვევს ჯანდაცვის სამინისტროც“, - წერს მსჯავრდებული ს.ს. ადამიანის უფლებათა ცენტრს №18 სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან.

მსჯავრდებული ს.ს. დაავადებულია რამდენიმე მძიმე დაავადებით, არის ეტლით მოსარგებლე, აქვს ხერხემლის ტრავმული დაზიანება, ვერ ახერხებს დამოუკიდებლად გადაადგილებას. იგი საჭიროებს რეაბილიტაციურ მკურნალობასა და პალიატიურ დახმარებას. ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტის, ეკა ქობესაშვილის განცხადებით, მსჯავრდებულის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დარჩენით მნიშვნელოვანი საფრთხე ექმნება მის სიცოცხლეს, რომელიც ასევე, ცალსახად, არღვევს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2 და საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლებს, რომელიც სახელმწიფოს აკისრებს ვალდებულებას, გაატაროს დროული და ეფექტური ზომები მსჯავრდებულის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დასაცავად.   
2016 წლის 8 ოქტომბერს, მსჯავრდებულ ს.ს.-ს სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროსა და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ერთობლივ მუდმივმოქმედი კომისიის მხრიდან უარი ეთქვა, ავადმყოფობის გამო, სასჯელის მოხდისგან გათავისუფლებაზე: „მსჯავრდებულის ჩადენილი დანაშაულის ხასიათის, ხერხისა და მოტივის დამდგარი მართლსაწინააღმდეგო შედეგისა და პიროვნული მახასიათებელი ნიშნების გათვალისწინებით, მსჯავრდებულ ს.ს.-ს დარჩენილი სასჯელის მოხდისაგან გათავისუფლება მიზანშეუწონელია“, - ნათქვამია მუდმივმოქმედი კომისიის დასკვნაში.

ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტის თქმით, მუდმივმოქმედი კომისია ამეტებს თავის უფლებამოსილებას, როცა თავის გადაწყვეტილებას მთლიანად ძალოვანი სტრუქტურიდან მიღებულ ინფორმაციაზე აფუძნებს.

„კომისია უარის მიღებისას, დარჩენილი სასჯელის მოხდის მიზანშეწონილობის საკითხზე, დაეყრდნო ძალოვანი და დაინტერესებული უწყებებიდან მიღებულ ინფორმაციას. 2016 წლის ოქტომბრიდან დღემდე, არსებითად გაუარესდა მსჯავრდებულ ს.ს.-ს მდგომარეობა, რაზეც პასუხისმგებელი არის სახელმწიფო, მათ შორის მუდმივმოქმედი ერთობლივი კომისია, რომელმაც სათანადოდ ვერ შეაფასა  ს. ს.-ს. დაავადებების სიმძიმე და სიცოცხლის საფრთხის რისკი“, - აცხადებს ეკა ქობესაშვილი. იურისტმა რამდენიმე დღის წინ მეორედ მიმართა ერთობლივ მუდმივმოქმედ კომისიას მსჯავრდებულ ს.ს.-ს საქმესთან დაკავშირებით.

პატიმრობის კოდექსის არსებული რედაქციის თანახმად, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსა და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ერთობლივ მუდმივმოქმედ კომისიას შეუძლია, სასჯელისაგან გაათავისუფლოს ის, ვინც დანაშაულის ჩადენამდე ან ჩადენის შემდეგ დაავადდა მძიმე ავადმყოფობით, რაც ხელს უშლის სასჯელის მოხდას. აღსანიშნავია, რომ „პატიმრობის კოდექსსა“ და თანმდევ კანონებში ცვლილებები შედის. კანონპროექტის მიხედვით კი, ავადმყოფობის გამო გათავისუფლების უფლება ექნება მხოლოდ სასამართლოს, რომელიც სასჯელის შემდგომი მოხდისაგან გაათავისუფლებს მსჯავრდებულს, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა შეუსაბამოა სასჯელის მოხდასთან და, ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, მსჯავრდებულის გამოჯანმრთელება ან/და ჯანმრთელობის მდგომარეობის არსებითი გაუმჯობესება არ არის მოსალოდნელი. გარდა ამისა, საკითხის განხილვისას, სასამართლოს მიერ, გათვალისწინებულ უნდა იქნეს თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის აღსრულების მიზანშეწონილობა, მსჯავრდებულის პიროვნული თვისებები, კრიმინალური წარსული, დანაშაულის ხასიათი, მოტივი, მიზანი, დამდგარი შედეგი, სასჯელის მოხდისას გამოვლენილი ქცევა და სხვა გარემოებები, რომლებმაც შეიძლება, გავლენა მოახდინოს სასამართლოს გადაწყვეტილებაზე.
„არსებული რეგულაციებისა და პრაქტიკის ანალიზმა ცალსახად ცხადყო, რომ აღნიშნული მექანიზმი გაუმართავია და მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის საზოგადოების უსაფრთხოებას. კანონში არ არის გაწერილი, რომ კომისია გადაწყვეტილებას იღებს არა მხოლოდ პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობის, არამედ სასჯელის მოხდის გაგრძელების მიზანშეწონილობის გათვალისწინებით. ამასთან, აუცილებელია, ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებასთან ერთად, მსჯავრდებულისგან მომდინარე სხვა საფრთხეების შეფასებაც, რაც გათვალისიწნებულია შესაბამისი საკითხის მარეგულირებელ კანონქვემდებარე აქტში. პრაქტიკაში ყოფილა შემთხვევები, როდესაც მსჯავრდებული მძიმე ავადმყოფობის გამო გათავისუფლდა სასჯელის მოხდისგან და მან განმეორებით ჩაიდინა დანაშაული“, - ვკითხულობთ კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

სახალხო დამცველის აპარატი მიუთითებს, რომ „თუკი მსჯავრდებულის ჯანმრთელობა იმდენად გაუარესებულია, რომ მისი პენიტენციურ დაწესებულებაში დატოვება გაუმართლებელია და მას ადგილზე არ მიეწოდება შესაბამისი სამედიცინო მომსახურება, მაგრამ სასამართლო, დამატებითი კრიტერიუმების გათვალისწინებით,  არ ათავისუფლებს მას სასჯელის მოხდისაგან, ეს ჩაითვლება არაადამიანურ მოპყრობად, რაც წარმოშობს სახელმწიფოს პასუხისმგებლობას ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევისათვის”. ამ ეტაპზე კანონპროექტი პატიმრობის კოდექსში ცვილებების შეტანის შესახებ დამტკიცებული არ არის.

სასაჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №17 დაწესებულებაში სასჯელს იხდის მსჯავრდებული ლ. მ., რომელიც პენიტენციურ დაწესებულებაში წამებისა და არაადამიანური მოპყრობისას მიყენებული დაზიანებების გამო, წლებია, ეტლით სარგებლობს და არ შეუძლია დამოუკიდებლად გადაადგილება. მსჯავრდებულს ხერხემალზე ესაჭიროება განმეორებითი მძიმე ოპერაცია. იგი წელიწადზე მეტია, ელოდება ოპერაციულ ჩარევას ხერხემალზე, თუმცა პენიტენციური დაწესებულება მხოლოდ ოპერაციულ მკურნალობას სთავაზობს, მკურნალობა რეაბილიტაციას არ ითვალისწინებს.  

„ადამიანის უფლებათა ცენტრის არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტი მხოლოდ მშრალად გვპასუხობს, რომ ოპერაციული ჩარევის შემდგომ მსჯავრდებული უზრუნველყოფილი იქნება ექიმ-სპეციალისტის მიერ რეკომენდებული ინტერვენციებით, რაც გათვალისწინებულია პენიტენციური ჯანდაცვის სტანდარტით. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ, №17  დაწესებულებაში 2016 წლის ნოემბერში  მსჯავრდებული ლ.მ. იძულებული გახდა, უარი ეთქვა ოპერაციის ჩატარებაზე, რადგან  სამედიცინო პერსონალმა განუმარტა, რომ  ოპრაციის შემდგომ რეაბილიტაციას სასჯელაღსრულების დაწესებულება არ უზრუნველყოფდა. აღნიშნულ საკითხზე შედგა შესაბამისი აქტი, სადაც შშმ მსჯავრდებულმა  შენიშვნაში დააფიქსირა, რომ  თანხმობას აცხადებდა ოპერაციულ მკურნალობაზე, მხოლოდ შესაბამისი რეაბილიტაციით“,- აცხადებს მსჯავრდებულის ადვოკატი, ეკა ლომიძე.

აღსანიშნავია, რომ, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 22 აპრილის ბრძანების №31 შესაბამისად, გაწერილია სასჯელაღსრულების დაწესებულებაში სამედიცინო მომსახურების სტანდარტები. კერძოდ, დაწესებულებაში განთავსებული ბრალდებული/მსჯავრდებული უნდა იღებდეს  ეკვივალენტურ სამედიცინო მომსახურებას – დაწესებულების სამედიცინო პერსონალი უნდა უზრუნველყოფდეს მკურნალობის, მოვლისა და რეაბილიტაციის იმავე სტანდარტს, რაზეც ბრალდებულებს/მსჯავრდებულებს ხელი მიუწვდებათ სამოქალაქო ჯანდაცვის სექტორში.

ადამიანის უფლებათა ცენტრის  წარმოებაშია №18 დაწესებულებაში განთავსებული შშმ მსჯავრდებული ზ.კ.-ს საქმე. იგი გადასაადგილებლად ითხოვს ეტლს. მან არაერთხელ მიმართა სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტს. მსჯავრდებულს ჯერ კიდევ 2015 წელს გაუკეთდა პროთეზი და, რადგან მის მდგომარეობასთან პროთეზები აღმოჩნდა შეუსაბამო, განვითარდა განგრენა და გაუკეთდა ამპუტაცია. იურისტის თქმით, დღეის მდგომარეობით, ზ.კ.-ს კიდურების მდგომარეობა საგანგაშოა, კიდურები აქვს გაშავებული და გაუსაძლისი ტკივილებით იტანჯება. 

„თითქმის 2 წელია, ზ.კ.-თვის პროთეზის მიწოდება სამინისტროსთვის შეუძლებელი აღმოჩნდა. პროთეზის გადაცემა მხოლოდ  2017 წელს გახდა შესაძლებელი,  თუმცა უკვე კიდურების მდგომარეობა საგანგაშოა და შშმ პატიმარი მათ ტარებას ვერ ახერხებს. მისი მდგომარეობა დამძიმებულია, დაეწყო ხელების დაბუჟება,  გაუჩერდა ერთი კიდური. პატიმარი ვეღარ ახერხებს ადგომას და ეტლში ჩაჯდომასაც კი“, - განაცხადა იურისტმა, ეკა ლომიძემ.

2017 წლის იანვრის თვეში მსჯავრდებულმა მიმართა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და  პრობაციის სამინისტროსა  და  შრომის, ჯანმრთელობისა  და სოციალური დაცვის სამინისტროს  ერთობლივ მუდმივმოქმედ კომისიას, რათა შეისწავლონ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა და სასჯელის მოხდისაგან გათავისუფლდეს, ჯანმრთლობის უკიდურესად მძიმე მდგომარეობის გამო. თუმცა, დღემდე პასუხი არ მიუღია.

სახალხო დამცველი 2016 წლის საპარლამენტო ანგარიშში აღნიშნავს, რომ პენიტენციურ დაწესებულებებში პრობლემურია დამხმარე პერსონალის საკითხი. ანგარიშში ვკითხულობთ, რომ სპეციალური პრევენციული ჯგუფის მიერ №18 დაწესებულებაში განხორციელებული ვიზიტის დროს, ხანგრძლივი მოვლის განყოფილებაში მყოფი პაციენტები უკმაყოფილებას გამოხატავენ დაწესებულების სანიტრების მომსახურებასთან დაკავშირებით: „მათი გადმოცემით, მამაკაცი სანიტრები მხოლოდ კვირაში ორჯერ მორიგეობენ, დანარჩენ დღეებში კი ქალი სანიტრები არიან. ხანგრძლივი მოვლის განყოფილებაში მყოფი პაციენტების თქმით, მათივე სქესის სანიტრების დახმარებას ამჯობინებ ისეთ პროცედურებში, რომლებიც გაშიშვლებასთან არის დაკავშირებული. ამას გარდა, ქალი სანიტრები მათ ფიზიკურად ვერ ეხმარებიან საწოლიდან წამოდგომასა და დამხმარე საშუალება - ეტლში გადაჯდომაში. ერთ-ერთი პატიმრის გადმოცემით, მას უკვე 2 თვეა, დაბანის შესაძლებლობა არ ჰქონია, ხოლო კიდევ ერთი მსჯავრდებულის განცხადებით, 2 წელზე მეტია თავის მოწესრიგება სველი ხელსახოცებით უწევს. ამასთან, იგი თერაპიული მასაჟის გაკეთებაზე სწორედ იმის გამო ამბობს უარს, რომ დამოუკიდებლად ვერ მოახერხებს სპეციალურ, მასაჟის მაგიდაზე დაწოლას“.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსის, ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტი, საჭიროებების გათვალისწინებით, უზრუნველყოფს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მსჯავრდებულებისთვის შესაბამისი მომსახურეობის გაწევასა და გაუმჯობესებული საყოფაცხოვრებო პირობების შექმნას. სამინისტრო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ გამოირიცხოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პატიმრების მდგომარეობის გაუარესება და ფუნქციონალური სტატუსის დაქვეითება. 

„№18 ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში ფუნქციონირებს ხანგრძლივი მოვლის პირთა განყოფილება, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის ადაპტირებული საცხოვრისი, სადაც დანერგილია მოვლის სერვისი. განყოფილება აღჭურვილია შესაბამისი ინფრასტრუქტურით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს ჰყავთ მომვლელები და აქვთ ადაპტირებული გარემო. 2014 წლის სექტემბერში ამავე ცენტრში გაიხსნა სარეაბილიტაციო ოთახი, რომელიც აღიჭურვა ფიზიოაპარატით და სპეციალური სარეაბილიტაციო ტრენაჟორებით. აღნიშნულ განყოფილებაში მოხვედრის მთავარი კრიტერიუმია სტანდარტულ პირობებში დამოუკიდებლად ცხოვრების მნიშვნელოვანი შეზღუდვა. ასევე, აღსანიშნავია, რომ ადაპტირებული საკნები მოწყობილია №2, №5, №6, №14 და №16 პენიტენციურ დაწესებულებებში. №11 არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებაში, არსებობის შემთხვევაში, შშმ პირები უზრუნველყოფილნი არიან პერსონალური დახმარებით, საექიმო სამედიცინო პუნქტის ექთნის მიერ. №18 ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში შექმნილია სპეციალური განყოფილება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის, რომელთაც ჰყავთ სამედიცინო პერსონალი, ექთანი და ექთნის ასისტენტი, რომლებიც უშუალოდ უწევენ დახმარებას შშმ პირებს“, - განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.
ადამიანის უფლებათა ცენტრი მიიჩნევს, რომ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო ზოგჯერ დაუსაბუთებლად აფერხებს მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პატიმართა სამედიცინო  მომსახურებას, მათთვის შესაბამისი ეტლების, ხელჯოხებისა და პროთეზების მიწოდებას. არის შემთხვევები, როცა შშმ პატიმრებს არ უტარდებათ სათანადო მკურნალობა და მომსახურება.

სტატია მომზადებულია ორგანიზაცია „ციხის საერთაშორისო რეფორმის“ მიერ განხორციელებული პროექტის, „საქართველოსა და სომხეთში წამებასა და არასათანადო მოპყრობასთან ბრძოლა პრევენციული მონიტორინგის გაძლიერების გზით“, ფარგლებში. 

ახალი ამბები