კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

თავისუფლება ჩაბუქს!

16 ივნისი, 2017
სამოქალაქო საზოგადოება საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, არ გადასცეს თურქეთს მუსტაფა ემრე ჩაბუქი
 
ლანა გიორგიძე 
 
თურქეთის მოთხოვნით, ტერორისტულ ორგანიზაციასთან კავშირის ბრალდებით დაკავებული მუსტაფა ემრე ჩაბუქი ამ დრომდე სასჯელაღსრულების №8 დაწესებულებაში იმყოფება. მიუხედავად საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების მწვავე მოწოდებებისა, ჯერ კიდევ არსებობს საფრთხე, რომ დემირელის კოლეჯის ხარისხის მართვის მენეჯერი, მუსტაფა ემრე ჩაბუქი თურქეთის მხარეს გადასცენ. 
 
24 მაისს დაკავებულ ჩაბუქს თბილისის საქალაქო სასამართლომ წინასაექსტრადიციო სამთვიანი პატიმრობა შეუფარდა. მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. როგორც ბრალდების მხარემ სასამართლო პროცესზე განაცხადა, ჩაბუქს ბრალად შეიარაღებული ტერორისტული ორგანიზაციის წევრობა ედება, რაც მძიმე დანაშაულია. ბრალდების თანახმად, მუსტაფა ემრე ჩაბუქი, თითქოს, ეხმარებოდა ერთ-ერთ ტერორისტულ ორგანიზაციას და ეს ორგანიზაცია მოხსენიებულია, როგორც „ფეთჰულა გიულენის მიმდევრები“. კერძოდ, ბრალდების მასალებში აღნიშნულია, რომ მუსტაფა ემრე ჩაბუქი თითქოს,  ეხმარებოდა დემირელის კოლეჯის ერთ-ერთ პარტნიორს, რათა 2017 წელს გაესხვისებინა წილი  ამერიკულ კომპანიაზე.
 
მუსტაფა ემრე ჩაბუქის დაკავების ფაქტს გამოეხმაურა საერთაშორისო ორგანიზაცია Amnesty International, რომელმაც მოუწოდა საქართველოს, არ გადასცეს დაკავებული თურქეთის მხარეს. ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ თურქეთში ჩაბუქი, შესაძლოა, წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის ან ადამიანის უფლებათა სხვა სერიოზული დარღვევების მსხვერპლი გახდეს. Amnesty International-მა ასევე მიმართა საქმით დაინტერესებულ პირებს, გააგზავნონ შესაბამისი წერილები პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისა და იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის სახელზე, რათა საქართველომ შეასრულოს საერთაშორისო ვალდებულებები და დაკავებული არ გადასცენ თურქეთის მხარეს, სადაც მას, შესაძლოა, საფრთხე დაემუქროს. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ, არსებული ინფორმაციით, 2016 წლის შემდეგ, თურქეთის მთავრობა ზეწოლას ახორციელებს მოკავშირეებზე, რათა მათ ფეთჰულა გიულენის სავარაუდო მხარდამჭერების წინააღმდეგ სამართლებრივი ნაბიჯები გადადგან.
 
მუსტაფა ემრე ჩაბუქის გათავისუფლების მოთხოვნით 7 ივნისს კანცელარიის შენობასთან გაიმართა საპროტესტო აქცია:  „თავისუფლება ჩაბუქს“. აქციის მონაწილეთა მთავარი მოთხოვნა იყო, არ გადაეცეს ჩაბუქი თურქეთის ხელისუფლებას, რადგან ის შეიძლება, წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი აღმოჩნდეს თურქეთის ციხეში, ისევე, როგორც ეს დაემართა თურქეთის ხელისუფლებისთვის არასასურველ აერაერთ პირს.
 
„ჩვენ დღეს ვუერთდებით ამ საპროტესტო აქციას და მოვუწოდებთ ხელისუფლებას, გამოასწოროს თავისი დანაშაულებრივი შეცდომა და გაათავისუფლოს მუსტაფა ემრე ჩაბუქი პატიმრობიდან. მისი დადანაშაულება ტერორიზმში არის აბსურდული, პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდება, რაც უკავშირდება თურქეთში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს ე. წ. სამხედრო გადატრიალების შემდგომ. თურქეთში ექსტრადიციის შემთხვევაში, დაკავებულს წამება და არაადამიანური მოპყრობა ემუქრება“, - განაცხადა ადამიანის უფლებათა ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა, ალეკო ცქიტიშვილმა humanrights.ge-სთან საუბრისას.
 
საერთაშორისო ორგანიზაციების მსგავსად, ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებიც აცხადებენ, რომ მუსტაფა ემრე ჩაბუქი თურქეთის მხარეს არ უნდა გადაეცეს. არასამთავრობო ორგანიზაციებმა ერთობლივი განცხადებით მოუწოდეს საქართველოს პარლამენტს, უზრუნველყოს ეფექტური საპარლამენტო კონტროლის განხორციელება თურქეთის მოქალაქეების შესაძლო უკანონო ექსტრადიციისა და საქართველოში ფეთულა გიულენის მოძრაობასთან კავშირში განხილული თურქული სკოლების შესაძლო შევიწროების პრაქტიკაზე და ამ მიმართულებით მიიღოს ყველა შესაბამისი ზომა.
 
„მიგვაჩნია, რომ მუსტაფა ემრე ჩაბუქის თურქეთში ექსტრადიცია არსებითად დაარღვევს ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის ფუნდამენტურ სტანდარტებს და დააზიანებს ქვეყნის დემოკრატიული განვითარების პროცესს," - აღნიშნავენ არასამთავრობო ორგანიზაციები.
 
საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები უარყოფენ ბრალდებას, რომ საქართველოს განათლების სისტემაში დასაქმებული თურქეთის მოქალაქეების დევნა თურქეთის ხელისუფლების პოლიტიკური დაკვეთით ხდება. 
 
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ ვიქტორ დოლიძის განცხადებით, ადამიანებმა პოლიტიკა არ უნდა დააკავშირონ კრიმინალთან, რადგან პოლიტიკური ნიშნით ქვეყანაში ნებისმიერი სახელმწიფოს მოქალაქის დაკავება დასრულებულია და წარსულს ჩაბარდა. 
 
ჩაბუქის დაკავების ფაქტს გამოეხმაურა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი, რომელმაც აღნიშნა, რომ დემირელის კოლეჯის მენეჯერის, მუსტაფა ემრე ჩაბუქისთვის სტატუსის მინიჭების საკითხი განხილვის პროცესშია. 
 
როგორც სუბარმა საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსს" განუცხადა, სამინისტრო შეისწავლის მასალებს და ამ მასალების საფუძველზე მიიღებს სამართლებრივ გადაწყვეტილებას.
 
„ჩვენ განცხადებით მოგვმართეს. როგორც კი მოგვმართავს მოქალაქე, ავტომატურად იწყება საკითხის შესწავლა. ეს არის წმინდად სამართლებრივი საკითხი, რომელსაც პოლიტიკასთან საერთო არაფერი აქვს. რაც შეეხება ექსტრადირების შეჩერებას, საექსტრადიციო პატიმრობა თავისთავად არ ნიშნავს ექსტრადირებას. პროკურატურა გამოითხოვს საბუთებს, საიდანაც არის მოთხოვნა და მხოლოდ ამ საბუთების მიღების და შესწავლის შემდეგ ხდება ექსტრადირება. ჩვენთვისაც პროცედურები იგივეა. ვსწავლობთ მასალებს და, ამ მასალების საფუძველზე, ვიღებთ სამართლებრივ და არა პოლიტიკურ გადაწყვეტილებას", - განაცხადა სუბარმა.
 
მისივე თქმით, მუსტაფა ემრე ჩაბუქის დაცვის მხარემ უნდა წარმოადგინოს მასალები, რომ ჩაბუქის მიმართ საერთაშორისო კონვენციაა დარღვეული.
 
„როდესაც ადამიანი დაკავებული არ არის, ზოგადად განხილვის ვადა 24 თვემდეც შეიძლება გაგრძელდეს. როდესაც ადამიანი დაკავებულია, ეს ვადები, რა თქმა უნდა, გაცილებით ნაკლებია. ჯერ მტკიცებულებებიც არ გვაქვს, თვითონ უნდა წარმოადგინონ შესაბამისი საბუთები, რომ ის სწორედ საერთაშორისო კონვენციის საფუძველზე იდევნება და მის წინააღმდეგ არის არა სამართლებრივი დევნა, არამედ კონვენციით გათვალისწინებული რაიმე საფუძველია დარღვეული", - განაცხადა სუბარმა მედიასთან საუბრისას.
 
სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი, მოუწოდებს საქართველოს მხარის შესაბამის ორგანოებს, დაკავებული მუსტაფა ემრე ჩაბუქის თურქეთის რესპუბლიკაში ექსტრადიციის საკითხის განხილვისას, შეისწავლოს ბრალდებულების მიმართ თურქეთის რესპუბლიკაში შესაძლო არასათანადო მოპყრობის რისკები.
 
ომბუდსმენის განცხადებით, ქართულმა მხარემ, გადაწყვეტილების მიღებისას, უნდა იხელმძღვანელოს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტებით, რათა მუსტაფა ემრე ჩაბუქის მიმართ არ დაირღვეს ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-3 მუხლი.
 
სახალხო დამცველის აპარატმა დაკავების პირველივე დღეს მოინახულა ბრალდებული. „ჩვენ პირველივე დღეს მოვინახულეთ ბრალდებული. ასევე, მის ადვოკატებსაც შევხვდით და გარკვეული მასალებიც მივიღეთ. ძალიან მნიშვნელოვანია, არ იქნეს გადაწყვეტილება მიღებული ამ პირის ექსტრადიციასთან დაკავშირებით, ვიდრე ყველა დეტალი არ გაირკვევა. ჩვენ დავაკვირდებით საქმის მიმდინარეობას“, – განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.
 
დაკავებული ასევე მოინახულა ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტმა, ნესტან ლონდარიძემ, რომელიც იმავდროულად საქმეში ადვოკატის სტატუსით ჩაერთო და დაკავებულის კერძო ადვოკატებს ერთობლივი დაცვის სტრატეგიაზე შეუთანმხდა.
 
ადვოკატის ინფორმაციით, სისხლის სამართლის საქმის მასალების მიხედვით, ჩაბუქი თურქეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 314/2 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის  ჩადენისთვის იძებნება, რაც ტერორისტული ორგანიზაციის წევრობას გულისხმობს. თურქეთის რესპუბლიკის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის თანახმად, მუსტაფა ემრე ჩაბუქს კავშირი  აქვს  ფეთჰულა გიულენის მიერ დაარსებულ  ორგანიზაციასთან ,,АУЕÖ/ЗВН”, რომელიც თურქეთში 2016 წლის 15 ივლისის ე.წ. „მოვლენების“ შემდგომ ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევა და ამ ორგანიზაციის მიზნებისთვის ახდენდა საქართველოში არსებული დემირელის სახელობის  კერძო კოლეჯის  წილის გასხვისებას მმართველთა ნების შესაბამისად, ამერიკის შეერთებულ შტატებში რეგისტრირებულ ერთ-ერთ კომპანიაზე.
 
ნესტან ლონდარიძის განცხადებით, მუსტაფა ემრე ჩაბუქის საქმეში ბევრი კითხვის ნიშანია. მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანია, თუ რატომ შეიძლება, წარმოადგენდეს დემირელის სახელობის კერძო კოლეჯი ან ამერიკის შეერთებულ შტატებში რეგისტრირებული კომპანია ტერორისტულ ორგანიზაციას და ასევე,  მუსტაფა ემრე ჩაბუქის მიერ წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელება რატომ შეიძლება, განიხილებოდეს ტერორისტული ორგანიზაციის წევრობად. 
 
„ადამიანის უფლებათა ცენტრი მიიჩნევს, რომ აღნიშნულ კითხვებზე პასუხი დროის უმოკლეს ვადაში და სრულყოფილად უნდა იქნეს გაცემული, რათა საზოგადოებაში არ გაჩნდეს დაუცველობისა და უსამართლობის შეგრძნება“, - აღნიშნა ლონდარიძემ. მისივე თქმით, არაერთი ფაქტი და მტკიცებულება არსებობს, რომ მუსტაფა ემრე ჩაბუქი, თურქეთისთვის გადაცემის შემთხვევაში, წამებისა და არასათანადო მოპყრობის მსხვერპლი გახდება. ამიტომ მისი თურქეთში ექსტრადიცია დაუშვებელია.
 
თურქეთის იუსტიციის სამინისტროს მონაცემებით, გადატრიალების მცდელობიდან დღემდე, 103 850 ეჭვმიტანილის მიმართ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე. მათგან 41 326 ადამიანი საპატიმროებშია გადაყვანილი. დაპატიმრებულთაგან  2 286 ადამიანი სამოქალაქო და ადმინისტრაციული სასამართლოს მოსამართლე და პროკურორია, 104  - საკასაციო, 41 - უზენაესი , 2 - საკონსტიტუციო სასამართლოს, ხოლო 3 - მოსამართლეთა და პროკურორთა უმაღლესი საბჭოს წევრია. დაკავებულია 6 325 სამხედრო პირი, მათ შორის 168 გენერალი,  7 624 პოლიციელი, 17 მერი, 74 ვიცე-მერი, 100 გამგებელი. დაკავებულებიდან 35 495 პირის  მიმართ სასამართლოს ზედამხედველობა განხორციელდა. სამართალწარმოებისა და სასამართლო პროცედურების შემდეგ 10 265 ადამიანი გათავისუფლდა.
 
საერთაშორისო ორგანიზაციების განცხადებებიც მოწმობს, რომ თურქეთში წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ბევრი შემთხვევა დაფიქსირდა.
 
გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლესი კომისია, წერილობით მოხსენებაში, თურქეთის მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ გამოცემული დადგენილებებისა და ჩატარებული ღონისძიების გამო აფრთხილებს. კომისიის განცხადებაში აღნიშნულია, რომ 20 ივლისს, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ, ფიქსირდება დაკავებულთა მიმართ არასათანადო მოპყრობისა და წამების ფაქტები. ამასთან, ადმინისტრაციული აქტები და ძალაუფლების გადამეტება საფრთხეს უქმნის ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს. კომისია მოუწოდებს თურქეთის მთავრობას, არ დაარღვიოს საერთაშორისო სამართლებრივი ნორმები.
 
„მუსტაფა ემრე ჩაბუქი არის უდანაშაულო და ის უნდა გათავისუფლდეს დაუყოვნებლივ", - ამ მოთხოვნით „ონლაინ პეტიცია“ საქართველო პრეზიდენტს, პარლამენტის თავმჯდომარესა და იუსტიციის მინისტრს დემირელის სკოლის თურქი მენეჯერის გათავისუფლებას სთხოვს.
 
„მუსტაფა ემრე ჩაბუქი არის მოხალისე, რომელიც საგანმანათლებლო სფეროში, სხვადასხვა პოზიციაზე საქართველოში 15 წლის განმავლობაში მუშაობდა. მას, ასევე, გაუკეთებია უამრავი სოციალურ-კულტურული პროგრამა და აქტივობა, თურქულ-ქართული ურთიერთობების გასაუმჯობესებლად. თურქეთის ხელისუფლება ზეწოლას ახდენს საქართველოს ხელისუფლებაზე, რათა დააკავოს და გადასცეს მუსტაფა ემრე ჩაბუქი თურქეთს. საქართველოს მთავრობა, ზეწოლის გამო, ასევე სდებს მას ბრალს ტერორიზმში. 50 ათასამდე განათლებული ადამიანი დააკავეს თურქეთში. მუსტაფა ემრე არის უდანაშაულო და ის უნდა გათავისუფლდეს დაუყოვნებლივ", - ნათქვამია პეტიციაში.
 

ახალი ამბები