კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

შშმ პირთა უცვლელი პრობლემები

26 ივნისი, 2017
 
ლანა გიორგიძე

„2016 წელს ორი წელი შესრულდა გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის რატიფიცირებიდან. მიუხედავად ამისა, დღის წესრიგში კვლავ დგას კონვენციის ეფექტური განხორციელების მიმართულებით არსებული გამოწვევები. ჩვენი არაერთი რეკომენდაციის მიუხედავად, კონვენციის ფაკულტატური ოქმის რატიფიცირება არ მომხდარა“, - განაცხადა სახალხო დამცველმა, უჩა ნანუაშვილმა, სპეციალური ანგარიშის პრეზენტაციაზე, რომელიც შშმ პირთა უფლებრივ მდგომარეობას შეეხებოდა.

საპარლამენტო ანგარიშის მიხედვით მომზადებული პუბლიკაციის პრეზენტაცია 22 ივნისს სასტუმრო „ჰოლიდეი ინნ“-ში არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებისა და შშმ პირთათვის გაიმართა. 

სახალხო დამცველის მოადგილის, ეკატერინე სხილაძის განცხადებით, გამოწვევას წარმოადგენს კონვენციის აღსრულების ქმედითი და ეფექტური მექანიზმის შექმნა, რომლის საბოლოო სახით ფორმირება მნიშვნელოვანია განხორციელებაზე პასუხისმგებელ უწყებებს შორის კოორდინაციის უზრუნველყოფისთვის. 

„სახელმწიფოს წინაშე არსებულ ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დაცვა, სათანადო საცხოვრებლის უფლების რეალიზება და დასაქმება. ამასთან, კვლავ პრობლემას წარმოადგენს ფიზიკური გარემოს, ინფრასტრუქტურის, ტრანსპორტისა და ინფორმაციის მისაწვდომობის უზრუნველყოფა. არ ხდება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა შესახებ საჭირო სტატისტიკის წარმოება და ანალიზი. ქვეყანაში მოქმედი სახელმწიფო პროგრამები ვერ ფარავს ამ პირთა, მათ შორის ბავშვების საჭიროებებს და გეოგრაფიულ ხელმისაწვდომობას. გამოწვევაა ინკლუზიური განათლების სათანადოდ რეალიზებაც“, - აღნიშნა ეკატერინე სხილაძემ.

სხილაძის თქმით, ხარვეზებით მიმდინარეობს ინკლუზიური საგანმანათლებლო პროცესი. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების მნიშვნელოვანი ნაწილი, განსაკუთრებით რეგიონებში, არ არის ჩართული აღნიშნულ პროცესში. 

სახალხო დამცველის აპარატმა, მონიტორინგის შედეგად, სახელმწიფოს ხუთ რეზიდენტულ დაწესებულებაში: თბილისის ჩვილ ბავშვთა სახლში, კოჯრის შშმ ბავშვთა სახლში, ძევრის, დუშეთისა და მარტყოფის შშმ პირთა პანსიონატებში გამოავლინა დარღვევები: „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სადღეღამისო სპეციალიზებული დაწესებულებების ინსტიტუციური მოწყობა, ფსიქო-სოციალური სერვისებისა და პროფესიული კადრების ნაკლებობა და დაბალი პროფესიონალიზმი არსებით გამოწვევას ქმნის შშმ პირთათვის ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული სერვისის შეთავაზების თვალსაზრისით.“

სახალხო დამცველის მოადგილის, ეკატერინე სხილაძის თქმით, გამოწვევას წარმოადგენს არაადაპტირებული ინფრასტრუქტურა, გარესამყაროსთან და ოჯახებთან (მათ შორის შვილებთან)  კონტაქტის სიმწირე, სოციალური პასიურობა და საზოგადოებისგან იზოლაცია, ასევე დაწესებულების ადმინისტრირებასთან დაკავშირებული ხარვეზები და სამედიცინო დახმარებასთან დაკავშირებული პრობლემები.

სახალხო დამცველის აპარატმა ასევე მოიძია ინფორმაცია, არის თუ არა ჩართული შშმ პირები პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში: „პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში შშმ პირთა მონაწილეობის ერთ-ერთი ფორმაა რეგიონულ და ადგილობრივ დონეზე ამ პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოების შექმნა/ამოქმედება. აპარატმა შეისწავლა არსებული საკონსულტაციო საბჭოებში შშმ პირთა და მათ საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების წარმომადგენლების მონაწილეობის ხარისხი და მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, მცირე გამონაკლისის გარდა, ადგილობრივ საბჭოებში შშმ პირთა და მათი ორგანიზაციების მონაწილეობა ნაკლებად არის უზრუნველყოფილი, რაც შესაძლოა, განპირობებული იყოს თვითმმართველი ერთეულების დაბალი ინფორმირებულობით ამ პირთა უფლებებისა და მათი მონაწილეობის აუცილებლობის შესახებ, ასევე, ადგილებზე საზოგადოებრივი ორგანიზაციების არარსებობით და/ან მათი ნაკლები აქტიურობით. 

სპეციალური ანგარიშის პრეზენტაციაზე ეკატერინე სხილაძე შშმ პირთა საარჩევნო უფლებებსაც შეეხო და აღნიშნა, რომ ეროვნული კანონმდებლობით აღიარებულია საქართველოს მოქალაქეთა აქტიური და პასიური საარჩევნო უფლება, თუმცა შშმ პირთა მიერ აღნიშნული უფლებების რეალიზებას ბარიერს უქმნის გარემო, საზოგადოებრივი ტრანსპორტი, ინფორმაციისა და კომუნიკაციის მისაწვდომობის პრობლემები. სხილაძის თქმით, საარჩევნო პროცესების მისაწვდომობის უზრუნველყოფის დროს არ მოქმედებს კონვენციით დადგენილი უნივერსალური დიზაინის პრინციპი.

ანგარიშის -  „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებრივი მდგომარეობა საქართველოში“ - თანახმად, გაეროს შშმ პირთა კონვენციის ეფექტური განხორციელებისთვის საჭირო პოლიტიკის შემუშავების პროცესში სახელმწიფო ვალდებულია, მოიძიოს შესაბამისი ინფორმაცია, მათ შორის სტატისტიკური და კვლევითი მონაცემები. (31-ე მუხლი). აპარატმა სტატისტიკის ეროვნული სამსახურიდან, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოდან და საქართველოს სამინისტროებიდან გამოითხოვა ინფორმაცია სტატისტიკის, დამუშავებული ინფორმაციისა და მათი გავრცელების შესახებ. რომლის საფუძველზე დადგინდა, რომ საქართველოში შშმ პირთა შესახებ სტატისტიკის წარმოება შემოიფარგლება მხოლოდ მოსახლეობის საყოველთაო აღწერის პროცესში შშმ პირთა საერთო რაოდენობის აღრიცხვით, მათ მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე. 

ანგარიშის დიდი ნაწილი ეხება შშმ ბავშვების პრობლემებს და ბავშვთა საკითხები დაყოფილია შემდეგ თავებად: სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ მყოფი ბავშვები, ბავშვზე ზრუნვა და სოციალური რეაბილიტაცია, განათლების უფლება და ძალადობა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა მიმართ.

„2016 წლის განმავლობაში, სახალხო დამცველის აპარატის მიერ შესწავლილი საქმეების ანალიზი ცხადყოფს, რომ შშმ ბავშვები სიღარიბისა და ცხოვრების არასათანადო დონისგან დაცვის უფლებით ჯეროვნად და ეფექტურად ვერ სარგებლობენ. სიმწვავით გამოირჩევა სახელმწიფო სოციალური დახმარების მიღების პრობლემა იმ ოჯახებისთვის, რომლებსაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები ჰყავთ. მიუხედავად იმისა, რომ 2016 წლის პირველი ივლისიდან მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის სოციალური პაკეტი 180 ლარამდე გაიზარდა, იგი ვერ ფარავს შშმ ბავშვების საჭიროებებს. კვლავ პრობლემურია ადრეულ ასაკში (0-3 წლამდე) შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენის საკითხი. დღეს მოქმედი რეგულაციები არ იძლევა პრობლემათა ადრეული იდენტიფიცირებს, ინტეგრაციისა და მისი მართვის ეფექტურ შესაძლებლობას“, - ნათქვამია სპეციალურ ანგარიშში.

სახალხო დამცველის მოადგილის, ეკატერინე სხილაძის თქმით, ყველა შშმ ბავშვისთვის სათანადოდ არ არის დაცული ჯანმრთელობის დაცვის უფლება - არასრულწლოვანთა გარკვეული ნაწილი, საჭიროების შემთხვევაში, ვერ იღებს სრულყოფილ სამედიცინო კონსულტაციას, გამოკვლევებსა და მედიკამენტოზურ დახმარებას.

შშმ პირთა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ სპეციალურ ანგარიშში ასევე საუბარია ინკლუზიური სკოლამდელი აღზრდისა და განათლების პროცესის შესახებ.

„აღსანიშნავია, რომ ინკლუზიური განათლების დაფინანსება ზოგადი განათლების საფეხურზე ფრაგმენტულია, არ არსებობს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების (შშმ ბავშვები) დაფინანსების ერთიანი მექანიზმი. არსებული მოდელი ვერ პასუხობს ყველა ბავშვის საგანმანათლებლო საჭიროებებს. კვლავ გამოწვევად რჩება ინკლუზიური განათლების პროცესში სწავლების ხარისხი და უწყვეტობა. შშმ ბავშვების მნიშვნელოვანი ნაწილი, განსაკუთრებით რეგიონებში, არ არიან ჩართულნი საგანმანათლებლო პროცესში. პრობლემას წარმოადგენს სპეციალური პედაგოგების რაოდენობა, კვალიფიკაცია, არაადაპტირებული ფიზიკური გარემო, ტრანსპორტირების მოუწესრიგებლობა, სასწავლო დაწესებულებების, საკლასო ინვენტარისა და სასწავლო მასალების მისაწვდომობა“, - ნათქვამია ანგარიშში.

ეკატერინე სხილაძის თქმით, შშმ ბავშვებთან დაკავშირებით მთავარი გამოწვევა კვლავ შშმ ბავშვების ძალადობისგან დაცვა წარმოადგენს: „პრობლემურია: ძალადობის მსხვერპლი არასრულწლოვნების დაცვა, რეაბილიტაციის ღონისძიებების პრაქტიკაში დანერგვა, სოციალური მომსახურების სფეროში მომუშავე პროფესიონალი ფსიქოლოგების ნაკლებობა და აგრეთვე, შესაბამის უწყებებს შორის არასაკმარისი თანამშრომლობა.“

სახალხო დამცველის ანგარიშის მიხედვით, სახელმწიფო პოლიტიკა ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სფეროში არ არის სენსიტიური შშმ ქალებისა და გოგონების ინტერესებისა და საჭიროებების მიმართ. მიუხედავად იმისა, რომ, კონვენციაზე დაფუძნებული მიდგომით, ზემოაღნიშნული პირები განსხვავებული საჭიროებების მქონე ჯგუფს წარმოადგენენ, ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში არსებული პოლიტიკის დოკუმენტები, ისევე როგორც სახელმწიფო პროგრამები, მათ არ მოიაზრებს დამოუკიდებელ სამიზნე ჯგუფად: „სახელმწიფო პროგრამების შემუშავებისა და ბიუჯეტირებისას არ ხდება მათთვის რელევანტური საკითხების გათვალისწინება. აღნიშნული ეხება ჯანდაცვის, სოციალური რეაბილიტაციის, განათლების, დასაქმებისა და სხვა პროგრამებს.“

ანგარიშში ასევე აღწერილია ფსიქიატრიულ და პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ შშმ პირთა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ: „მნიშვნელოვანი გამოწვევაა ფსიქიატრიული დაწესებულებების ინფრასტრუქტურის გაუმართაობა და პენიტენციურ დაწესებულებებში ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისების განვითარება.“

საქართველოს პარლამენტს, ადგილობრივ თვითმმართველობის ორგანოებს, საქართველოს მთავრობას, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, სსიპ ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდს, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საქართველოს სახალხო დამცველმა რეკომენდაციებით მიმართა და მოუწოდა, კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყონ შშმ პირთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესება. 
 

ახალი ამბები