კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

2008 წლის ომის დროს ჩადენილი დანაშაულების გამოძიების საკითხი

1 აგვისტო, 2017
 
 
 
ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი 

,,2008 წლის ომის დროს ჩადენილი დანაშაულების გამოძიება და უსაფრთხოების გამოწვევები“- აღნიშნულ თემაზე 28 ივლისს, გორის დემოკრატიის ჩართულობის ცენტრში, სახალხო დამცველის აპარატმა მორიგი საჯარო დებატები გამართა, სადაც საუბარი  ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში, საქართველოს მოქალაქეების მიმართ, 2008 წლის ომის დროს ჩადენილ დანაშაულებების გამოძიებას შეეხო.

 ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში 2008 წლის ომის დროს ჩადენილი დანაშაულების გამოძიების მოთხოვნით საქართველოს მოქალაქეების მხრიდან 6 000-ზე მეტი  საჩივარი შევიდა. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო, ევროპის ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლოსგან განსხვავებით სახელმწიფოების პასუხისმგებლობის საკითხის ნაცვლად, კონკრეტული ადამიანების პასუხისმგებლობას აყენებს.

გორში გამართულ შეხვედრაზე ომის დროს ჩადენილი დანაშაულების გამოძიების საკითხთან დაკავშირებით მომხსენებლები იყვნენ: სახალხო დამცველის პირველი მოადგილე ნათია კაციტაძე, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობის დეპარტამენტის უფროსი, ბექა ძამაშვილი, ​ ფონდი ღია საზოგადოება - საქართველოს, ICC-ის პროგრამის მენეჯერი ნიკა ჯეირანაშვილი, ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმომადგენელი თამარ ავალიანი და საიას გორის ორგანიზაციის ხელმძღვანელი ქეთევან ბებიაშვილი. 

შეხვედრას საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში და დევნილთა ჩასახლებებში მცხოვრებლებიც ესწრებოდნენ. 

სახალხო დამცველის პირველმა მოადგილემ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს როლსა და 2008 წლის შეიარაღებული კონფლიქტის დროს სავარაუდოდ ჩადენილი სამხედრო და კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების გამოძიების პროცედურებსა და ეტაპებზე ისაუბრა. 

,,სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ გამოძიება დაიწყო და დღევანდელ შეხვედრაზე ინფორმაცია მივაწოდეთ საზოგადოებას გამოძიების პროცედურებსა და იმ გამოწვევებზე, რაც  შეიძლება,  ახლდეს გამოძიების პროცესს", - განაცხადა ნათია კაციტაძემ. 

ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმომადგენელმა, თამარ ავალიანმა,  სიტყვით გამოსვლის დროს, რამდენიმე  საკითხზე გაამახვილა ყურადღება,  მათ შორის ეროვნულ საგამოძიებო უწყებებზე, რომელმაც ომის დროს ჩადენილი დანაშაულებების გამოძიება მთლიანად ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადააბარა. თამარ ავალიანი საქართველოში ჰააგის საერთაშორისო სასამართლოს ოფისის გახსნას ითხოვს, რომელიც ცნობიერების ამაღლებას მოემსახურება. 

თამარ ავალიანი, ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმომადგენელი: „სასამართლო მოკვლევის ეტაპი 7 წელს გაგრძელდა -  2008 წელს დაოწყო  და 2015 წლის ბოლომდე გაგრძელდა.  ოქტომბერში გამოვიდა პროკური და, ავტორიზაციის თხოვნით,  მიმართა წინასასამართლო პალატას. ეს ის პერიოდია, როდესაც ჰააგის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლო აკვირდება ქვეყანას, თუ რამდენად შეუძლია ომის და კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული  დანაშაულების გამოძიება. ვინაიდან სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ დაიწყო გამოძიება, ეს იმას ნიშნავს, რომ ეროვნულ დონეზე გამოძიება ისე არ მიდის, როგორც უნდა მიდიოდეს, რაზეც საქართველოს ხელისუფლებას პასუხი აქვს, რომ ჰააგის სასამართლო იძიებს ომის დანაშაულებს და ისინი თანამშრომლობენ საერთაშორისო გამოძიებასთან." 
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობის დეპარტამენტის უფროსმა, ბექა ძამაშვილმა, აღნიშნა, რომ საერთაშორისო გამოძიება და მისი შედეგები არა მხოლოდ სამართლებრივად, არამედ პოლიტიკურადაც მნიშვნელოვანი იქნება საქართველოსთვის.

,,გამოძიება 2016 წლის იანვრიდან მიმდინარეობს.  საგამოძიებო პროცესს, ძირითადად, წარმართავს ჰააგის სასამართლო,  ჩვენ ვთანამშრომლობთ მათთან გამოძიების პროცესში. ახლა გამოძიება არის აქტიურ რეჟიმში. კონკრეტული შედეგების და პასუხისმგებელი პირების გამოკვეთას დრო დასჭირდება, თუმცა საკმაო დრო არის, რომ ჰააგის სასამართლომ შეაგროვოს მტკიცებულებები კონკრეტული შედეგების გამოყოფისთვის და ჩვენ ყველანაირად ხელს ვუწყობთ, რომ რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს ამ საკითხების ბოლომდე მიყვანა“,- განაცხადა  ბექა ძამაშვილმა. 

შეხვედრა  კითხვა- პასუხის რეჟიმით გაგრძელდა, კითხვების ნაწილი ასევე ქვეყნის შიდა გამოძიების არაეფექტურობას ეხებოდა, შეხვედრაზე ისიც აღინიშნა, რომ იმ პირების ნაწილი, რომლებიც 2008 წლის ომის დროს ჩადენილ დანაშაულების შესახებ საუბრობდა, გარდაცვლილია. სახალხო დამცველის საჯარო დებატები ევროკავშირის პროექტის მიერ „სახალხო დამცველის მხარდაჭერა II–ის“ ორგანიზებით იმართება და მასზე ადამიანის უფლებათა დაცვის თვალსაზრისით ქვეყნისთვის აქტუალურ თემებს განიხილავენ.

ახალი ამბები