კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ჯანდაცვა გისოსებს მიღმა

26 სექტემბერი, 2017
 
 
ნათია გოგოლაშვილი

„სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან ყოველი ჩემი გაყვანა, ყოველი ჩემი წამალი, ეს იყო ნერვების დაწყვეტა. დარღვევები მოდიოდა სამედიცინო დეპარტამენტიდან“, - ყოფილი მსჯავრდებული მ.დ. იმ დარღვევებზე საუბრობს, რაც მისი სასაჯელაღსრულების დაწესებულებაში მკურნალობის დროს დაფიქსირდა. სასჯელის მოხდის პერიოდში, ყოფილ მსჯავრდებულს ოთხი ოპერაციული ჩარევა დასჭირდა. ძვლების სისუსტის გამო, მან კიდურების არაერთი მოტეხილობა მიიღო.
 
„სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ყოფნის განმავლობაში მსჯავრდებულ მ.დ-ს უფლებები ირღვეოდა თითქმის ყოველდღიურად. მას არ უწევდნენ შესაბამის სამედიცინო დახმარებას. უფრო მეტიც, არის რამდენიმე ფაქტი, როცა გაიყვანეს სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან, მაგრამ არ შეიყვანეს სამედიცინო დაწესებულებაში და ფორმა #100 ისე გამოუწერეს, ანუ არანაირი გამოკვლევა მისთვის არ ჩაუტარებიათ“, - აცხადებს ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტი, ნესტან ლონდარიძე.
ყოფილი მსჯავრდებული ამჟამად ციხის კედლებს მიღმა აგრძელებს მკურნალობას. შეწყალების კომისიამ მისი მდგომარეობა გაითვალისწინა. თუმცა, მრავალი პატიმარი სასჯელაღსრულების დაწესებულებებში დღემდე განაგრძობს მკურნალობას. 

Humanrights.ge დაიტერესდა, რა პრობლემებისა და გამოწვევების წინაშეა დღესდღეობით პენიტენციური ჯანდაცვის სისტემა და რა დადებითი ცვლილებებია ამ სფეროში.

სახალხო დამცველის აპარატის პრევენციისა და მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსის, ნიკა კვარაცხელიას შეფასებით, ბოლო წლების განმავლობაში პენიტენციური ჯანდაცვის სფეროში არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა და გაუმჯობესდა სერვისები, მაგრამ სისტემაში კვლავ რჩება პრობლემები.

„2012 წლამდე, პრაქტიკულად, ადეკვატური სამედიცინო დახმარების მიღება ხშირ შემთხვევაში შეუძლებელი იყო. დღეს ეს პრობლემა, მეტნაკლებად, მოგვარებულია. თუმცა, ვერ ვიტყვით იმას, რომ სისტემამ მიაღწია ისეთ დონეს, როცა ის ნამდვილად სრულყოფილ ადეკვატურ სერვისს აწვდის პაციენტს“, - აცხადებს ნიკა კვარაცხელია. 

პრობაციისა და სასჯელაღსრულების მინისტრის მრჩეველი სამედიცინო საკითხებში, სოფო მორგოშია humanrights.ge-სთან საუბრისას აღნიშნავს, რომ 2013 წლიდან სამინისტრომ დაიწყო ძირეული რეფორმები სამედიცინო კუთხით. 

„გვაქვს ტუბერკულოზის სამკურნალო ცენტრი და ასევე ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულება. ორივე დაწესებულება განახლდა, გარემონტდა და აღიჭურვა უახლესი თანამედროვე აპარატურით. ევროსაბჭოსა და ევროკავშირის პროექტის ფარგლებში, სამინისტროსთან დაიდო საგრანტო ხელშეკრულება და ამ ხელშეკრულების ფარგლებში სამინისტროს სამედიცინო აპარატურა გადმოეცა. წითელი ჯვრისა და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციით, ყველა პენიტენციურ დაწესებულებაში შეიქმნა პირველადი ჯანდაცვის პუნქტები და დაკომპლექტდა სამედიცინო პერსონალით“, - აცხადებს სოფო მორგოშია.

უფლებადამცველთა შეფასებით, მიუხედავად სისტემაში არსებული დადებითი ცვლილებებისა, ამ ეტაპისთვის პენიტენციური ჯანდაცვის სისტემაში ჯერ კიდევ რჩება პრობლემატური საკითხები.

ექიმებისა და დამხმარე პერსონალის ხელმისაწვდომობა / მედპერსონალის კომპეტენცია

სახალხო დამცველის პრევენციის ეროვნული მექანიზმის 2016 წლის ანგარიშის მიხედვით, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტიდან მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, 2016 წლის 31 დეკემბრის მონაცემებით, პენიტენციურ სისტემაში 9 334 ბრალდებული და მსჯავრდებული იმყოფებოდა, დასაქმებული სამედიცინო პერსონალი კი შედგებოდა 190 ექიმისა და 265 ექთნისგან. 

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში აღნიშნავენ, რომ სამედიცინო პერსონალის რაოდენობა დამაკმაყოფილებელია. სახალხო დამცველი კი არ იზიარებს  სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პოზიციას და მიაჩნია, რომ ყველა დაწესებულებაში უზრუნველყოფილი უნდა იყოს ექიმებისა და ექთნების საკმარისი რაოდენობა, რათა ყველა ბრალდებულმა თუ მსჯავრდებულმა დროულად მიიღოს სათანადო სამედიცინო მომსახურება. უფლებადამცველები, ასევე, მიუთითებენ სასჯელაღსრულების იმ დაწესებულებებზე, სადაც არ ჰყავთ გარკვეული კატეგორიის ექიმები. ამასთან, მნიშვნელოვანია მედპერსონალის კომპეტენციის საკითხიც.

„მე-3 პენიტენციურ დაწესებულებაში არ ჰყავთ გარკვეული კატეგორიის ექიმები ან ჰყავთ, მაგრამ ძალიან იშვიათია შემთხვევები, რომ პატიმართა მოთხოვნა დაკმაყოფილდეს და იმ პროფილის ექიმი გამოცხადდეს, რაც მათ სჭირდებათ. ასევე, ამ დაწესებულებაში ჰყავთ ისეთი ექიმები, რომლებზეც მსჯავრდებულები ხშირად აფიქსირებენ თავიანთ უკმაყოფილებას. ხშირად შეგვხვედრია ერთსა და იმავე ექიმზე მოსული საჩივრები. საჭიროა, პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციამ ყურადღება მიაქციოს ასეთ საჩივრებს“, - აცხადებს ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტი, ეკა ლომიძე.

„N2, N14, N15 და N17 დაწესებულებებში პატიმრების რაოდენობის ექიმებისა და ექთნების რაოდენობასთან თანაფარდობა მაღალია. აღსანიშნავია, რომ თანაფარდობის გამოთვლისას არაა გათვალისწინებული ექიმებისა და ექთნების მორიგეობის გრაფიკი. წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის თანახმად, როგორც წესი, ერთ ექიმზე არ უნდა მოდიოდეს 300, ხოლო ერთ ექთანზე 50 პატიმარზე მეტი. 2014 და 2015 წლებში სახალხო დამცველმა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს, დროული და ადეკვატური სამედიცინო მომსახურების მიწოდების მიზნით, სასჯელაღსრულების ყველა დაწესებულებაში ექიმებისა დაექთნების საკმარისი რაოდენობის უზრუნველყოფის რეკომენდაციით მიმართა. სამედიცინო დეპარტამენტიდან მიღებული პასუხის თანახმად, წითელი ჯვრის საერთაშორისო ორგანიზაციის რეკომენდაციის საფუძველზე, ექიმის და პატიმრის თანაფარდობა პატარა დაწესებულებებში საშუალოდ 50-დან 150-მდე მერყეობს, დიდ დაწესებულებებში კი - 300-დან 500-მდე”, - ვკითხულობთ პრევენციის ეროვნული მექანიზმის 2016 წლის ანგარიშში.

„პირველადი ჯანდაცვის პუნქტებში არიან ძირითადად ზოგადი პროფილის ექიმები და ექთნები. მათი კომპეტენციის ფარგლებში მომსახურების დაგვიანება არ ხდება. რაც შეეხება ვიწრო სპეციალიზაციის ექიმების არსებობას, ჩვენ გვაქვს, დაახლოებით, 60-ზე მეტ ვიწრო სპეციალიზაციის ექიმთან ხელშეკრულება გაფორმებული და, შესაბამისად, საჭიროების შემთხვევაში, ყველა პენიტენციურ დაწესებულებაში შედის ვიწრო პროფილის სპეციალისტი“, - აცხადებს პრობაციისა და სასჯელაღსრულების მინისტრის მრჩეველი სამედიცინო საკითხებში, სოფო მორგოშია.

ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტის, ეკა ლომიძის შეფასებით, მნიშვნელოვანი საკითხია პენიტენციურ დაწესებულებებში დასაქმებული მედპერსონალის კომპეტენციის საკითხი. როგორც უფლებადამცველი აღნიშნავს, რიგ შემთხვევებში ექიმების მიერ გაწეული სამედიცინო მომსახურება ზედაპირულია. 

სახალხო დამცველის აპარატის პრევენციისა და მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსის, ნიკა კვარაცხელიას განცხადებით, პენიტენციურ სისტემაში დასაქმებულ ექიმებსა და ექთნებს პროფესიული განვითარების საშუალება უნდა მიეცეთ, რადგან მედპერსონალის კომპეტენციის საკითხი დღემდე მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება. 

სამედიცინო საკითხებშიპრობაციისა და სასჯელაღსრულების მინისტრის მრჩევლის, სოფო მორგოშიას თქმით, გარკვეული სახის ტრენინგები და გადამზადებები მედპერსონალს უტარდება: „ჩვენი სისტემისთვის ახალი იყო სუიციდის პრევენციის პროგრამა. ამ კუთხით ყველა პირველადი ჯანდაცვის ექიმი, ექთანი, ფსიქოლოგი, სოციალური მუშაკი და რეჟიმისა და უსაფრთხოების თანამშრომლები გადამზადდნენ. ასევე, ჩვენ, ევროსაბჭოსა და ევროკავშირის დახმარებით, გადავამზადეთ 15 ფსიქიატრიული ექთანი, როგორც ტრენერი“.

სამედიცინო რეფერალი /ელექტრონული რიგი

პენიტენციური დაწესებულების პირველადი ჯანდაცვის რგოლი თავად განსაზღვრავს სპეციალიზებული სამედიცინო მომსახურების საჭიროებას და ითხოვს პაციენტის გადამისამართებას. მსჯავრდებული პაციენტის რეგისტრირება მიმდინარეობს პროგრამულად; ელექტრონული რიგით სარგებლობენ მხოლოდ გეგმიური პაციენტები. გადაუდებელი შემთხვევები კი მოლოდინის რეჟიმს არ ექვემდებარება. აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს ფარგლებში ელექტრონული რიგი გამიჯნულია და დამოუკიდებლად რეგულირდება. პატიმრებს სამედიცინო მომსახურებას უწევს როგორც სამოქალაქო სექტორის კონტრაქტორი დაწესებულებები, ასევე ტუბერკულოზის სამკურნალო და სარეაბილიტაციო ცენტრი  და ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო N18 დაწესებულება.

„მინისტრის ბრძანებით, შეიქმნა კომისია, რომელიც განიხილავს პაციენტთა საჭიროებებს, დოკუმენტაციის შესაბამისობას მის საჭიროებასთან და იღებს გადაწყვეტილებას როგორი წესით (სასწრაფო თუ გეგმიური) მოხდება პაციენტის გაყვანა“, - აცხადებენ სამინისტროში.

როგორც სახალხო დამცველის პრევენციის ეროვნული მექანიზმის ანგარიშშია აღნიშნული, სამედიცინო დეპარტამენტის მიერ მოთხოვნების დამუშავება ხდება „პირველმა მომმართა, პირველმა მიიღო“ პრინციპით, შემთხვევის სირთულისა და მისი კვალიფიციურად დამუშავებისთვის საჭირო დროის გათვალისწინებით. შესაბამისად, არ არის გათვალისწინებული შემთხვევა, როდესაც მომსახურების მომლოდინე პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა თანდათან უარესდება, ასეთ შემთხვევებში კი სამედიცინო დახმარება შეიძლება დაგვიანებულიც კი აღმოჩნდეს.

მედიკამეტების ხელმისაწვდომობა

პენიტენციური ჯანდაცვის სისტემის ბაზისური მედიკამენტების ნუსხითგანისაზღვრა იმ მედიკამენტების ჩამონათვალი, რომელთა საკუთარი ხარჯებით მიწოდების ვალდებულებას იღებს სამინისტრო. მედიკამენტებისა დასხვა სამედიცინო ხარჯებისთვის 2015 წლის საპარლამენტო ანგარიშში სახალხო დამცველი მიუთითებდა დანიშნული მედიკამენტების ჩანაცვლების პრობლემაზე, ასევე - დაწესებულებებში მედიკამენტების ნაკლებობაზე, მათ შორის გაციების საწინააღმდეგო მედიკამენტების არარსებობაზე. აღნიშნულ პრობლემაზე სახალხო დამცველი 2016 წელსაც საუბრობს.

„როგორც პენიტენციური დაწესებულებების მონიტორინგმა აჩვენა, სამედიცინო პერსონალი პატიმრებს უმეტესად იმ გენერიკ მედიკამენტებს უნიშნავს, რომელიც ხელმისაწვდომია დაწესებულებაში სახელმწიფოს ხარჯზე. მნიშვნელოვანია, რომ პატიმრებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, ექიმთან შეთანხმებით, შესაბამისი დანიშნულების საფუძველზე, შეიძინონ თავდაპირველად დანიშნული გენერიკ მედიკამენტის შესაბამისი ბრენდული სახელწოდების მედიკამენტი დაწესებულების აფთიაქში ან, აფთიაქის არარსებობის შემთხვევაში, მიიღონ ოჯახის წევრებისაგან“, - აღნიშნულია პრევენციის ეროვნული მექანიზმის 2016 წლის ანგარიშში.

„არის შემთხვევები, როდესაც პატიმარი ითხოვს კონკრეტულ მედიკამენტს, რადგან მისთვის სწორედ ეს მედიკამენტია ეფექტური. მოთხოვნაზე პატიმარს ეუბნებიან, რომ ამისთვის აუცილებელია ექიმის დასკვნა. ამისათვის ექიმი უნდა შევიდეს პაციენტთან, გასინჯოს და ეს კონკრეტული მედიკამენტი გამოუწეროს. მედიკამენტების შემოტანაზეც იქმნება ხშირად პრობლემები, ვინაიდან ის ექიმის მიერ არ არის დანიშნული. ამიტომ ხშირად პაციენტს არასწორად მიეწოდება მედიკამენტი, მაგრამ სამედიცინო პერსონალი ამას დარღვევად არ მიიჩნევს“, - აცხადებს ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტი, ეკა ლომიძე. 

იურისტის თქმით, მედიკამენტის დანიშვის პროცესი დროშია გაწელილი, რაც პაციენტისთვის პრობლემაა და აფერხებს მკურნალობის პროცესს. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მრჩევლის, სოფო მორგოშიას განცხადებით, ექიმის მიერ პაციენტთან შესვლის, მისთვის კონსულტაციის გაწევისა და მედიკამენტის დანიშვნის პროცესი დიდ დროს არ მოითხოვს და 7-10 დღეს გრძელდება. თუმცა, იურისტ ეკა ლომიძის თქმით, ამ დღეების განმავლობაში პაციენტი შეიძლება ტკივილებისგან იტანჯებოდეს მხოლოდ იმიტომ, რომ მას სჭირდება კონკრეტული მედიკამენტი და არა ის წამალი, რომელსაც დაწესებულება სთავაზობს. 

სამედიცინო მომსახურების კონტროლის ხარისხი

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მრჩევლის, სოფო მორგოშიას განცხადებით, სამინისტრომ გაითვალისწინა სახალხო დამცველის რეკომენდაცია და გენერალურ ინსპექციის დეპარტამენტში შეიქმნა სამედიცნო მომსახურების ხარისხის კონტროლის სამსახური. ეს ცვლილებები განხორციელდა 2016 წლის დეკემბერს. სოფო მორგოშიას თქმით, აღნიშნული სამმართველო უზრუნველყოფს ხარისხის კონტროლს, ინფრასტრუქტურულ შეფასებებს, ამასთან, ისინი უზრუნველყოფენ კონკრეტული ბრალდებულებისა და მსჯავრდებულების საჩივრებზე რეაგირებას. 

სახალხო დამცველის აპარატის პრევენციისა და მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსის, ნიკა კვარაცხელიას თქმით, სახალხო დამცველის მთავარი რეკომენდაცია ეს არის ხარისხის კონტროლის სისტემის დანერგვა: „პენიტენციური ჯანდაცვა უნდა გაერთიანდეს ეროვნულ ჯანდაცვასთან და კონტორლიც უნდა იყოს ერთიანი. დღეს არსებობს ასეთი ინსტიტუტი, რომელიც აკონტროლებს სამედიცინო მომსახურების ხარისხს, მაგრამ ეს მნიშვნელოვნად დასახვეწია“, - აცხადებს ნიკა კვარაცხელია.

ახალი ამბები