კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გორის მერობისთვის 9 კანდიდატი იბრძოლებს

28 სექტემბერი, 2017
 
ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი

გორის მერად 9 კანდიდატი იყრის კენჭს, მათი ჩამონათვალი  ასე გამოიყურება:  ,,ევროპული საქართველო" - დავით მახნიაშვილი, საარჩევნო ბლოკი „დიმიტრი ლორთქიფანიძე, კახა კუკავა, დემოკრატიული მოძრაობა-თავისუფალი საქართველო”- იოსებ სოსიაშვილი,  „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” - რევაზ კახნიაშვილი,. ,,საქართველოს ლეიბორისტული პარტია”- თამარ ზურაბაშვილი, ,,შენების მოძრაობა”- დავით ონიაშვილი,  საარჩევნო ბლოკი „გიორგი ვაშაძე - ერთობა ახალი საქართველო”- სოფიკო აფრიაშვილი, „სოციალისტური საქართველო - კომუნისტები”- ალიკო ლურსმანაშვილი.  „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო”-კონსტანტინე თავზარაშვილი, საარჩევნო ბლოკი ,, სახალხო - ხალხის ერთსულოვნება"- ნანა ხიზანიშვილი.

თვითმმართველობის არჩევნებამდე ერთი თვეზე ნაკლები დრო რჩება. გორში წინასაარჩევნო კამპანია მდორედ, მაგრამ მაინც მიმდინარეობს. პირველად საარჩევნო კამპანია 21 აგვიტოს ,,ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" დაიწყო. ენმ-ის ლიდერებმა გორის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატად რევაზ კახნიაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარის კანდიდატებად კი მოქმედი საკრებულოს წევრი მინდია გოდერძიშვილი წარადგინეს. ნაციონალურმა მოძრაობამ საკრებულოს მაჟორიტარ კანდიდატებთან ერთად ასევე პროპორციული სიაც წარადგინა და მაჟორიტარი კანდიდატების უმრავლესობა პროპორციული სიით ,,დააზღვია". ენმ-ის მაჟორიტარ კანდიდატებად და სიის შემადგენლობაში რამდენიმე ახალი სახეა. ოპოზიციურმა პარტიამ საარჩევნო კამპანიაში უპირატესობა ამომრჩეველთან ინდივიდუალურ კომუნიკაციას ე.წ. “კარდაკარის” კამპანიას მიანიჭა. 

მმართველმა პარტიამ გორში წინასაარჩევნო კამპანია 29 აგვისტოს მერობისა და მაჟორიტარი კანდიდატების წარდგენით გახსნა. „ქართულმა ოცნებამ" მერობის კანდიდატად გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მოქმედი თავმჯდომარე კონსტანტინე თავზარაშვილი დაასახელა. საარჩევნო კამპანიის ოფიციალურად დაწყების მიუხედავად, პარტიის პროპორციული სია კვლავ გასაიდუმლოებული რჩებოდა. ადგილობრივ სახელისუფლებო შტოებში სიის საბოლოვო ვერსიაზე ვერ შეთანხმდნენ და ყოველდღიურად მისი ჩასწორება მიმდინარეობდა. პროპორციულმა სიამ განხეთქილება გამოიწვია ,,ქართული ოცნების" გორის ორგანიზაციაში. ადამიანებმა, რომლებიც  პარტიის საქმიანობაში აქტიურად იყვნენ ჩართულები და სიის მიღმა დარჩნენ, პარტია დატოვეს.  

გორის მერობის დამოუკიდებელ კანდიდატად დარეგისტრირდა ტელე-რადიო კომპანია ,,თრიალეთის" ერთ-ერთი დამფუძნებელი ბადრი ნანეტაშვილი, მისმა შტაბმა გორის საოლქო საარჩევნო კომისიაში ამომრჩევლების საჭირო რაოდენობის ხელმოწერები წარადგინა და ბადრი ნანეტაშვილი #42 საარჩევნო ნომერი მიანიჭეს. თუმცა ბადრი ნანეტაშვილი კანდიდატურას ხსნის და ,,შენების მოძრაობის" სიის პირველი ნომერი და საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი ხდება. ,,შენების მოძრაობამ"  გორის მერობის კანდიდატად გორის მუნიციპალიტეტის მოქმედი გამგებელი დავით ონიაშვილი წარადგინა. ონიაშვილის და ,,შენების მოძრაობის" გზები მას შემდეგ გადაიკვეთა, რაც მმართველმა პარტიამ იგი მერობის კანდიდატად არ დაასახელა.  

,,ევროპულმა საქართველომ" გორის მერობის კანდიდატად დავით მახნიაშვილი დაასახელა. მახნიაშვილი ,,თავისუფალი დემოკრატების" გორის რაიონული ორგანიზაციის წევრი იყო.

მერობისა და საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატები წარადგინა ,,ხალხის პარტიამ". გორის მერობისთვის ნანა ხიზანიშვილი იბრძოლებს, საკრებულოს თავმჯდომარეობისთვის კი ილია მეტრეველი, რომელიც 2014 წლის მოწვევის საკრებულოში ,,ირაკლი ოქრუაშვილი ქართული პარტიიდან" შევიდა, ილია მეტრეველი რამდენიმე თვის განმავლობაში ქ. გორის საკრებულოს თავმჯდომარე იყო. იგი საკრებულოს სათავეში იმპიჩმენტით მოვიდა და ასევე იმპიჩმენტით წავიდა. ილია მეტრეველი ამბობს, რომ მას, რეალურად, არ მიეცა საკრებულოში საქმის გაკეთების საშუალება და აპირებს, რომ ახალა უკვე ,,ხალხის პარტიიდან" სცადოს ბედი. 

ირაკლი ოქრუაშვილის პარტიის წევრები კახა ერგემლიძე და თემურ აფხაზაშვილი ,,შენების მოძრაობის" მაჟორიტარი კანდიდატები არიან. ,,პატრიოტთა ალიანსმა" გორის მერობის კანდიდატი არ დააყენა, პროპორციული სიის პირველი ნომერი მოქმედი საკრებულოს წევრი და ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარე თამარ კოდოშვილია. 

თვითმმართველობის არჩევნებზე არც მერობის და არც მაჟორიტარობის კანდიდატები არ ეყოლება ,,რესპუბლიკურ პარტიას", მათ მხოლოდ პროპორციულ სიაზე გააკეთეს არჩევანი.  

თვითმმართველობის არჩევნების საბოლოო შედეგის გამოცხადების შემდეგ ქ. გორის და გორის მუნიციპალიტეტის სოფლები ერთ თვითმმართველ ერთეულში გაერთიანდება. გაერთიანებული მუნიციპალიტეტის საკრებულოში 39 წევრი შევა, აქედან 15 საკრებულოს წევრი პარტიების მიერ აღებული ხმებით განისაზღვრება, დარჩენილი 24-ის რიგებს მაჟორიტარი დეპუტატები დაიკავებენ.

ახალი ამბები