კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

წამების ტრადიცია

17 ოქტომბერი, 2017
 
ნათია გოგოლაშვილი

მოქალაქე სერგო მამასახლისის სავარაუდო წამებისა და არაადამიანური მოპყრობის შესახებ საზოგადოებისთვის ცნობილი 27 სექტემბერს გახდა - მას შემდეგ, რაც ადამიანის უფლებათა ცენტრმა პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტებს ინფორმაცია მიაწოდა. ამავე დღეს სახალხო დამცველმა განცხადება გაავრცელა და მთავარ პროკურორს ბრალდებულის მიმართ სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ფაქტზე გამოძიების დაწყებისკენ მოუწოდა.

„თავზე აქვს ცელოფანი ჩამოცმული, ყელში თასმა წაჭერილი, სხეულზე ძალიან ბევრი დაზიანება აქვს, ცალ ხელს საერთოდ ვერ ამოძრავებს, აქვს მსუბუქი ტვინის შერყევა, თვალი სულ გადმობრუნებული აქვს… რა უნდა ვთქვა?! დღესდღეობით, დღევანდელ მთავრობაში, თუ ანალოგიური განმეორდებოდა, ამას ვერ წარმოვიდგენდი“, - აცხადებს დაკავებული მოქალაქის, სერგო მამასახლისის და ლელა მამასახლისი.

მოქალაქე სერგო მამასახლისი პოლიციის თანამშრომლებმა 22 სექტემბერს, ყაჩაღურ დაჯგუფებაში მონაწილეობის ბრალდებით, დააკავეს და ვაკე-საბურთალოს პოლიციის სამმართველოს მე-5 განყოფილებაში გადაიყვანეს. როგორც მოქალაქე აცხადებს, მასზე პოლიციაში მიყვანისთანავე დაიწყო ზეწოლა, რათა ეღიარებინა  დანაშაული, რომელიც მას არ ჩაუდენია. კერძოდ, პოლიციელები მას, ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფით, აიძულებდნენ, ხელი მოეწერა მათ მიერვე წინასწარ შედგენილ აღიარებით ჩვენებაზე. დაკავებულმა აღიარებაზე უარი განაცხადა და მოითხოვა ადვოკატი, რაც არ დაკმაყოფილდა. 

ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტმა, ეკა ლომიძემ სერგო მამასახლისი გლდანის მე-8 პენიტენციურ დაწესებულებაში პირველად 25 სექტემბერს ინახულა. იურისტის თქმით, ბრალდებულს თვალნათლივ აღენიშნებოდა ცემისა და ძალადობის კვალი სახეზე, ტანსა და კიდურებზე. 

ეკა ლომიძის თქმით, ბრალდებულმა მასთან შეხვედრისას დეტალურად ისაუბრა პოლიციაში მომხდარის თაობაზე: „22 სექტემბერს გამთენიისას სერგო მამასახლისი მიიყვანეს პოლიციის შენობაში. პირველივე სართულზე, სადაც სათვალთვალო კამერები არ იყო განთავსებული, პირქვე დაამხეს იგი იქვე მდგომ დივანზე, ერთმა პოლიციელმა მას ზურგზე მუხლი მიაბჯინა და დაუწყო გამეტებით ცემა, მეორე პოლიციელი კი მუშტებს ურტყამდა თავის არეში. დაახლოებით, ერთი საათის განმავლობაშიმას ურტყამდნენ. ისიციკ აღნიშნა დაკავებულმა, რომ როდესაც პოლიციელებს ხელები ეტკინათ, ერთ-ერთმა მათგანმა ფეხსაცმელიც კი გაიხადა და ფეხსაცმლით მიაყენა თავის არეში დაზიანებები. ერთი საათის შემდეგ გადაიყვანეს იგი სხვა ოთახში. როგორც თვითონ აცხადებს, მეორე სართულზე აიყვანეს. მისი აღწერილობით, ხელმძღვანელის ოთახში შეიყვანეს. იქ უკვე იგი სხვა მეთოდებით აწამეს. როგორც თვითონ ამბობს, სამართალდამცველებმა სამი ცელოფნის პარკი ერთმანეთში ჩადეს, ჩამოაცვეს თავზე, ამით გაგუდვის იმიტაციას აკეთებდნენ“.

როგორც სერგო მამასახლისის ადვოკატი აღნიშნავს, პოლიციელები, ასევე,  არასრულწლოვანი შვილის „გამწარებით“ ემუქრებოდნენ. მოქალაქე იძულებული გახდა, დათანხმებოდა და ხელი მოეწერა წინასწარ შედგენილ აღიარებით ჩვენებაზე. შედეგად, სერგო მამასახლისს  წარუდგინეს ბრალი 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ პუნქტით, რაც გულისხმობს ყაჩაღობას ჯგუფის მიერ. 24 სექტემბერს ბრალდებულ სერგო მამასახლისს, პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლომ ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა.

„დაკავებულმა პირველად სწორედ სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ მას პოლიციის შენობაში სცემეს. აღვნიშნავ, რომ ეს ყველაფერი სასამართლოს განჩინებაში დაფიქსირებულია. თუმცა, იმ პერიოდისთვის ამას სათანადო რეაგირება არ მოჰყოლია“, - აღნიშნავს ადვოკატი.

სერგო მამასახლისის სავარაუდო წამებისა და არაადამიანური მოპყრობის თაობაზე ინფორმაცია სახალხო დამცველის აპარატმაც მიიღო. 26 სექტემბერს საქართველოს სახალხო დამცველმა წინადადებით მიმართა საქართველოს მთავარ პროკურორს ბრალდებულ ს.მ.-ს მიმართ პოლიციელების მხრიდან სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ფაქტზე გამოძიების დაწყების შესახებ. 27 სექტემბერს სახალხო დამცველის აპარატის სისხლის სამართლის მართლმსაჯულების დეპარტამენტმა მედიას მიაწოდა ინფორმაცია.

„სახალხო დამცველის წარმომადგენელმა მყისიერად მოინახულა დაკავებული, რომელსაც სხეულზე დაზიანებები აღენიშნებოდა და რომელმაც განაცხადა, რომ დაზიანებები მიიღო პოლიციელების მხრიდან ძალის გადამეტების შედეგად. მისი თქმით, თავის დროზე, როდესაც შემოწმების ოქმებს ადგენდნენ, განაცხადა, რომ დაკავების დროს, წაქცევის შედეგად, მიიღო დაზიანებები, მაგრამ ეს შიშის შედეგად განაცხადა“, - აცხადებს სახალხო დამცველის აპარატის სისხლის სამართლის მართლმსაჯულების დეპარტამენტის უფროსი, ეკა ხუციშვილი.

სახალხო დამცველის განცხადებას იმავე დღეს გამოეხმაურა შინაგან საქმეთა მინისტრი. „მე ყოველთვის მაოცებს ომბუდსმენის ასეთი დამოკიდებულება. მას შეეძლო ამ ინფორმაციის ჩვენთან გადამოწმება. იგი აბსოლუტურად ამომწურავ პასუხს მიიღებდა. უფრო მეტი დაკვირვება და უფრო მეტი სიფრთხილე გვჭირდება, როდესაც პოლიციელებთან მიმართებაში ვაკეთებთ რაიმე განცხადებებს. მე არ მინდა, რომ ისეთი ავტორიტეტული ინსტიტუტი, როგორიც ომბუდსმენის ინსტიტუტია, გადაიქცეს კრიმინალების გამპრავებელ კანტორად“, - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.

კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის“ გამოეხმაურა შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებას. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, სამართალდამცავთა მხრიდან ძალის გადამეტების პრობლემა და არასათანადო მოპყრობის შემთხვევების ეფექტიანი გამოძიება, წლებია მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს.

„ქვეყანაში ამ დრომდე არ არსებობს ინსტიტუციური გარანტიები, რაც უზრუნველყოფს მსგავსი ფაქტების პრევენციას, გამოძიებას და დამნაშავეთა დასჯას. განსაკუთრებით საყურადღებოა პოლიციის დაწესებულებებში არასათანადო მოპყრობის შემთხვევების ზრდა, რაზეც სახალხო დამცველის ანგარიშები მიუთითებს. დაუსჯელობის პრობლემასთან ბრძოლის მიზნით ხელისუფლებას ამ დრომდე არ გადაუდგამს სისტემური ნაბიჯები. ამის საპირისპიროდ, პოლიციის სისტემაში არსებულ პრობლემებზე უშუალოდ პასუხისმგებელი პირი, უწყების ხელმძღვანელი, ცდილობს, დისკრედიტაცია გაუკეთოს კონსტიტუციური ორგანოს საქმიანობას და დააკნინოს საზოგადოების თვალში ამ ინსტიტუტის სტატუსი და საქმიანობა. კოალიცია ხაზს უსვამს, რომ მინისტრის ასეთი საჯარო პოზიციონირება ხელს უშლის ძირეული პრობლემების შესახებ საქმიანი დისკუსიის წარმართვას და განსახილველი საკითხების უკანა პლანზე გადაწევას ემსახურება. ამავდროულად, ასეთი განცხადებები ხელს უწყობს განწყობის ჩამოყალიბებას, რომ “კრიმინალების” მიმართ უფლებების დარღვევის შესაძლო შემთხვევებზე საუბარი არ არის მნიშვნელოვანი“, - ვკითხულობთ განცხადებაში.

პროკურატურამ უკვე აღძრა სისხლის სამართლის საქმე ვაკე-საბურთალოს პოლიციის სამმართველოს მე-5 განყოფილების თანამშრომელთა მხრიდან ძალის გადამეტების სავარაუდო ფაქტზე. აქვე აღსანიშნავია, რომ ეს არ არის პირველი საქმე, რომელიც ამ განყოფილების თანამშრომელთა წინააღმდეგ აღიძრა პროკურატურაში. 2015 წელს ადვოკატი გიორგი მდინარაძე ვაკე-საბურთალოს პოლიციის სამმართველოს მე-5 განყოფილებაში, სამსხურეობრივი მოვალეობის შესრულებისას, სასტიკად სცემეს. 

„ძალიან სამწუხაროა, რომ კიდევ გრძელდება ასეთი ქმედებები: ადამიანების მიმართ ძალადობა, წამება, ჩვენების მიცემისა თუ სხვა მიზნით. ვფიქრობ, ეს გამოწვეულია იქიდან, რომ სწორედაც ჩემს საქმეზე, რაც თითქმის უკვე ორი წლის წინ განხორციელდა, დღემდე არ არის დასჯილი ყველა მონაწილე პირი. იმ განყოფილების უფროსის მოადგილე, რომელმაც უშუალოდ იძალადა ჩემზე, დღეის მდგომარეობით, არის ერთ-ერთი განყოფილების უფროსი. რაც არის წარმოუდგენელი ფაქტი და ჩემთვის ძალიან შეურაცხმყოფელი. უშუალოდ ცემაში მონაწილე შეიძლება არ იყო, მაგრამ ის ნამდვილად იქ იმყოფებოდა და ეხმარებოდა მათ, ვინც ჩემზე ფიზიკურად ძალადობდა. სხვა პოლიციელებიც, რომლებაც ცრუ ჩვენებები მისცეს, დღემდე პოლიციაში მუშაობენ. სწორედ ეს არის მიზეზი იმისა, რაც ახალისებს ამ ძალდობას“, - აცხადებს გიორგი მდინარაძე.

ადამიანის უფლებათა ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის ალეკო ცქიტიშვილის განცხადებით, ეს შემთხვევა კიდევ ერთხელ მიუთუთებს, რომ არსებულ სისტემა უძლურია, ეფექტიანი რეაგირება მოახდინოს სამართალდამცველების მიერ ჩადენილ დანაშაულებზე. 

„სერგო მამასახლისის წამებისა და არაადამიანური მოპყრობის შემთხვევა ჩვენ გვიჩვენებს, რომ სისტემაში არის სერიოზული პრობლემები, რომლებიც წლიდან წლამდე გროვდება. სწორედ ეს მიუთითებს იმ სერიოზულ გამოწვევაზე, რაზეც არასამთავრობო ორგანიზაციები უკვე წლებია, ვსაუბრობთ. ქვეყანაში აუცილებელია, არსებობდეს დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანო, რომელიც გამოიძიებს სამართალდამცველი ორგანოების თანამშრომლთა მიერ ჩადენილ დანაშაულებს. აქ კიდევ უფრო შემაშფოთებელია ის გარემოება, რომ არსებობს ეჭვი, რომ ეს შემთხვევა მოხდა იმ პოლიციელების მონაწილეობით, რომლებიც ადრეც იყვნენ შემჩნეული წამებისა და არაადამიანური მოპყრობის შემთხვევებში“, - აცხადებს ალეკო ცქიტიშვილი. 

დაკავებულის უფლებადამცველის, ეკა ლომიძის, განცხადებით, სერგო მამასახლისს  ექსპერტიზა №8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ჩაუტარდა. ექსპერტიზამ უნდა გასცეს პასუსი კითხვას, რა გზით მიიღო დაკავებულმა დაზიანებები - დაცემისას, რასაც შსს ამტკიცებს თუ წამების გზით.

ახალი ამბები