კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ომბუდსმენი - შეუწყნარებლობით მოტივირებული დანაშაულებები კვლავ გამოუძიებელია

20 ნოემბერი, 2017
 
ნათია გოგოლაშვილი

16 ნოემბერს საქართველოს სახალხო დამცველმა ტოლერანტობის საერთაშორისო დღე ტრადიცულად აღნიშნა.  ღონისძიება ორგანიზებული იყო სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის მიერ, საქართველოს გაეროს ასოციაციის „ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერების და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, რომელსაც აშშ–ს საერთაშორისო განვითარების სააგენტო აფინანსებს.

ტოლერანტობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას ესწრებოდნენ სახელმწიფო უწყებების, დიპლომატიური მისიების, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიის, რელიგიათა და ეთნიკურ უმცირესობათა საბჭოების წარმომადგენლები.

ღონისძიება სახალხო დამცველმა, უჩა ნანუაშვილმა, გახსნა. მან, სიტყვით გამოსვლისას, ყველა იმ პრობლემატურ საკითხზე ისაუბრა, რაც ტოლერანტობისა და შემწყნარებლობის თვალსაზრისით საქართველოში არსებობს. ომბუდსმენმა, ასევე, ხაზი გაუსვა ბოლო წლების განმავლობაში არსებულ დადებით ტენდენციებსაც.

სახალხო დამცველის შეფასებით, საგრძნობლად შემცირდა რელიგიური სიძულვილის ნიადაგზე ძალადობის შემთხვევები. ომბუდსმენის ინფორმაციით, 2017 წელს სახალხო დამცველის სახელზე, რელიგიური შეუწყნარებლობის საფუძველზე, მხოლოდ სამი გაცხადებაა შესული. თუმცა, უჩა ნანუაშვილის თქმით, წინა წლებში გამოვლენილ ძალადობის ფაქტებზე, რეაგირების თვალსაზრისით, პრობლემა დაძლეული არ არის. 

„ძველი საქმეების უმეტესობა კვლავ გამოუძიებელი რჩება. კვლავაც გადაუჭრელიპრობლემაა რელიგიური გაერთიანებებისთვის საბჭოთა პერიოდში ჩამორთმეული რელიგიური ნაგებობების დაბრუნების საკითხი. სახალხო დამცველი წლებია, ითხოვს სხვა რელიგიური გაერთიანებებისთვის თანასწორი საგადასახადო რეჟიმის შემოღებას. ხუთი რელიგიური გაერთიანების გარდა, რომელთა მიმართ სახელმწიფო გამოხატავს კეთილ ნებასა და აღიარებს მათ საბჭოთა პერიოდის რეპრესიების მსხვერპლად, სახელმწიფომ სხვა რელიგიური გაერთიანებების მიმართაც უნდა გადადგას ანალოგიური ნაბიჯი“, - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.

სახალხო დამცველის შეფასებით, მიმდინარე წელს რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ეგიდით მოქმედმა ე.წ. მოხეს კომისიამ მიიღო მეტად პრობლემატური გადაწყვეტილება: „კომისიამ ვერ მოახერხა მოხეს ისტორიული მეჩეთის წარმომავლობის დადგენა. სამწუხაროდ, ჩვენ ამ კომისიის მუშაობის შედეგი ვერ მივიღეთ. შესაბამისად, მოხეს მეჩეთი არ გადაეცა ადგილობრივ მუსლიმ თემს. სანაცვლოდ, მუსლიმ მოსახლეობას შესთავაზეს იმავე სოფელში, სხვა ტერიტორიაზე, მეჩეთის აშენება“, - აღნიშნა ომბუდსმენმა.

სახალხო დამცველის თქმით, რელიგიურ უმცირესობათა წარმომადგენლებს რელიგიური ნაგებობების აშენების შესაძლებლობა არ ეძლევათ.

„მიუხედავად სასამართლო გადაწყვეტილებისა, რუსთავში კათოლიკე ეკლესიას არ მიეცა შესაძლებლობა, საკუთარ მიწაზე წამოეწყო ტაძრის მშენებლობა. სახელმწიფომ მათაც ასევე შესთავაზა ამავე ქალაქში სხვა ტერიტორია ეკლესიის ასაშენებლად. მიმდინარე წელს ასევე კვლავ გადაუჭრელი დარჩა ბათუში ახალი მეჩეთის მშენებლობის საკითხიც. ამ კუთხით ადგილობრივ მუსლიმ მრევლს კვლავ არაერთი წინააღმდეგობა ხვდება“, - განაცხადა სახალხო დამცველმა.

ომბუდსმენის განცხადებით, საინტერესოდ განვითარდა საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების მიღების პროცესში რელიგიის თავისუფლებისა და მისი შეზღუდვის პირობებთან დაკავშირებული დისკუსია. 

„საკონსტიტუციო კომისიის მიერ წარდგენილ ვარიანტში, რწმენის თავისუფლებასთან ერთად, საერთოდ არ იყო ნახსენები რელიგიის თავისუფლება. თუმცა, ჩვენი, რელიგიათა საბჭოსა და არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციათა  რეკომენდაციების შედეგად, რელიგიის თავისუფლება დაბრუნდა კონსტიტუციის ტექსტში, მაგრამ უკვე პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებების პაკეტის პირველი მოსმენისას გაჩნდა რელიგიის თავისუფლების შეზღუდვის საფუძვლების მთელი წყება. მათ შორის ისეთი პირობები, რასაც ადამიანის უფლებათა ძირითადი საერთაშორისო დოკუმენტები და დასავლური კონსტიტუციური ტრადიცია არ ითვალისწინებს. რეკომენდაციების შემდეგ, საპარლამენტო უმრავლსობამ განაცხადა, რომ კონსტიტუციაში უკვე მიღებულ ცვლილებებში კვლავ გეგმავს რელიგიის თავისუფლების შეზღუდვის კრიტერიუმების შესწორებას. რაც, უთუოდ, პოზიტიურ შეფასებას იმსახურებს“, - განაცხადა სახალხო დამცველმა.

სახალხო დამცველთან არსებულმა ეთნიკურ უმცირესობათა და რელიგიათა საბჭოებმა, ტრადიციისამებრ, გამოავლინეს და საპატიო სიგელები გადასცეს ტოლერანტობის ქომაგებს. საბჭოები გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად იღებენ. ტოლერანტობის ქომაგები გამოვლინდნენ შემდეგ კატეგორიებში: ორგანიზაცია, პიროვნება,საჯარო მოხელე და მედიასაშუალება.

2017 წლის ტოლერანტობის ქომაგები არიან: მწერალი ლაშა ბუღაძე, ფესტივალის „ერთი ცის ქვეშ“ ორგანიზატორი, მუსიკოსი და დამსახურებული პედაგოგი მანანა ალფაიძე; ორგანიზაციებიდან მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი - პროექტისთვის რელიგიათა კლუბი და „არტარეა“ – პროექტისათვის „თბილისური ეზო“, მედიადან გამოვლინდნენ ტელეკომპანია „რუსთავი 2“ და გაზეთი „გურჯისტანი“; საჯარო მოხელეთა შორის რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე, საქართველოს პარლამენტის წევრი გიგა ბოკერია და პრემიერ-მინისტრის მრჩეველი გურამ ოდიშარია. საპატიო ჯილდოები გადაეცათ ევანგელურ-ლუთერული ეკლესიის ეპისკოპოსს ჰანს-იოაჰიმ კიდერლენი და ჩეხთა სათვისტომოს „ზლატა პრაღას“ ხელმძღვანელს გაროლდ შმალცელს.

სახალხო დამცველის სპეციალური პრიზებით დაჯილდოვდნენ ტოლერანტობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი მედიაკონკურსის გამარჯვებულებიც. 2006 წლიდან სახალხო დამცველის ოფისი მართავს კონკურსს ჟურნალისტებისთვის, რათა წაახალისოს მრავალფეროვნებისა და ტოლერანტობის საკითხებზე მომუშავე ჟურნალისტები. სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის ხელმძღვანელის, ბექა მინდიაშვილის გაცხადებით, შეიძლება ითქვას, რომ სახალხო დამცველის წამოწყებამ შედეგიც გამოიღო, რადგან უფრო და უფრო მეტად ჩნდება ქართულ მედიაში მრავალფეროვნების ამსახველი ჟურნალისტური ნამუშევრები. ასევე, ძირითად მედიაში მცირდება სიძულვილის ენის გამოყენება და სტერეოტიპული აზრების გავრცელება. 

მედიაკონკურსში პირველი და მესამე პრიზი ჟურნალ სამხრეთის კარიბჭის ჟურნალისტებმა ნინო ნარიმანიშვილმა და თინათინ ზაზაძემ გაინაწილეს. პირველ ადგილზე გასული სტატია მუსლიმი მესხების რეპატრიაციის თემას ეძღვნება - „რთული გზა სამშობლოში დასაბრუნებლად“, ხოლო მესამე ადგილზე გასული მასალა -„სათავსოებად ქცეული სალოცავები“ - საქართველოს სოფლებში მეჩეთებისა და ჯამეების მდგომარეობას აღწერს. მეორე ადგილი ჟურნალ ლიბერალის რედაქტორს, ზურა ვარდიაშვილს ერგო სტატიისთვის: „რას გვასწავლის დედა ისტორია“.

ტოლერანტობის დღის აღნიშვნა 1996 წელს გაეროს გენერალური ასამბლეის ინიციატივით დაიწყო. როგორც ომბუდსმენის აპარატი აღნიშნავს, ტოლერანტობის საერთაშორისო დღე ყოველწლიურად აღინიშნება, როგორც კულტურებსა და ცივილიზაციებს შორის პატივისცემის, დიალოგისა დათანამშრომლობის აუცილებლობის შეხსენება.

ახალი ამბები