19:07, Thursday, 18.10.2018
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

პოლიტიკური დღის წესრიგი თვითმმართველობებში

25.11.2017

 
ლადო ბიჭაშვილი, შიდა ქართლი

2017 წლის მოწვევის საკრებულოს პირველი სხდომები გაიმართა შიდა ქართლის რეგიონის ოთხივე მუნიციპალიტეტში. მმართველ პარტიას ოთხივე მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობით ორგანოში უმრავლესობა აქვს და ამის გათვალისწინებით ,ქართული ოცნების" წევრებით დაკომპლექტდა, როგორც საკრებულოს თავმჯდომარის, ისე მოადგილის თანამდებობები და ასევე, საკრებულოს მუდმივმოქმედი კომისიის თავმჯდომარეებიც მმართველი პარტიიდან აირჩიეს.

,,ქართულმა ოცნებამ" კასპის მუნიციპალიტეტში საკრებულოს თავმჯდომარედ დავით ლეონიძის კანდიდატურა დააყენა, რასაც ოპოზიციის მხრიდან ხმაური მოჰყვა.  მათ, პროტესტის ნიშნად, თავმჯდომარის არჩევაში მონაწილეობა არ მიიღეს. ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა სხდომის დატოვებამდე განმარტეს, რომ ლეონიძე კასპის მაჟორიტარი დეპუტატის ნათესავია და, მათი თქმით, არჩევნებამდე კასპთან შეხება არ ჰქონია. 

 ,,ქართულმა ოცნებამ" სხვა კანდიდატურა წამოაყენოს, ნებისმიერი,  ლეონიძის გარდა. ამ კაცს კასპთან შეხება არ ჰქონია", – აცხადებს ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან" კასპის საკრებულოს წევრი ნუგზარ ნონიაშვილი.

მმართველმა პარტიამ ოპოზიციის გარეშე გააგრძელა საკრებულოს დღის წესრიგი და თავმჯდომარედ დავით ლეონიძე აირჩია. კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ოპოზიციის პროტესტი გაუგებრობით ახსნა და იმედი გამოთქვა, რომ ოპოზიციასთან თანამშრომლობა შედგება და კასპის მუნიციპალიტეტის პრობლემებს ერთად გადაწყვეტენ. 

ოპოზიციის პროტესტის ფონზე წარიმართა საკრებულოს პირველი სხდომა გორშიც. ,,ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" საკრებულოს სხდომა იმ დროს დატოვა, როდესაც საკრებულოს თავმჯდომარეს ირჩევდნენ, ამის მიზეზად კი არჩევნების შედეგები დაასახელა, რომლის მიხედვითაც, საკრებულოს უმრავლესობაში მმართველი პარტიის წევრები არიან. 

,,ჩვენ არ ვიღებთ ამ ფარსში მონაწილეობას, ეს არჩევნები არ იყო ამომრჩევლის ნების გამოვლინება, ეს არჩევნები იყო ძალადობით, შანტაჟით, სუს–ის მიერ ჩატარებული არჩევნები. ამის გათვალისწინებით, არ ვიღებთ საკრებულოს თავმჯდომარის არჩევაში მონაწილეობას და, პროტესტის ნიშნად, სხდომას ვტოვებთ", – განაცხადა ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ბექა ქორჩილავამ.

სხდომა არ დატოვეს ,,პატრიოტთა ალიანსის" და ,,შენების მოძრაობიდან" საკრებულოს წევრებმა, თუმცა საკრებულოს თანამდებობის პირების არჩევაში მონაწილეობა არ მიიღეს. ერთადერთი ოპოზიციური პარტია, ვისაც ბოიკოტი არ გამოუცხადებია, ,,ევროპული საქართველოდან"  საკრებულოს ორი წევრი იყო. 
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედ დავით რაზმაძე აირჩიეს, მის მოადგილედ კი მარლენ ნადირაძე. ასევე მმართველი პარტიის წევრები აირჩიეს საკრებულოს ხუთივე მუდმივმოქმედი კომისიის თავმჯდომარედ. გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ფრაქცია ,,ერთიანი ნაციონალურმა მოძრაობამ" და ,,ქართული ოცნებამ" შექმნა.

,,ვიმოქმედებთ საკრებულოს რეგლამენტის და თვითმმართველობის კოდექსის მიხედვით, დავიცავთ კანონს და ამასთანავე, ჩვენ შევასრულებთ იმ პირობებს, რომელიც დადებული გვაქვს მოსახლეობასთან", - განაცხდა გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ, დავით რაზმაძემ.
 
2017 წლის მოწვევის ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულო წინა მოწვევისგან დიდად არ განსხვავდებოდა. თავმჯდომარედ, 2014 წლის მოწვევის საკრებულოს მსგავსად, ივანე არდემანაშვილი აირჩიეს, ასევე ცვლილება არ შეხებია არც მის მოადგილეს და საკრებულოს უმრავლესობამ კვლავ ჯუმბერ შუბითიძეს გამოუცხადა ნდობა. ​ქარელის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობით ორგანოში მუდმივმოქმედი კომისიების თავმჯდომარეებად ,,ქართული ოცნების" წევრები აირჩიეს. ,,ერთიანმა ნაციონალური მოძრაობამ" საკრებულოს თანამდებობის პირების არჩევაში არც ქარელის საკრებულოში მიიღო მონაწილეობა და სხდომა დატოვა. 

ზურაბ ქველაძე ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი ,,პატრიოტთა ალიანსიდან": ,,წინა მოწვევის საკრებულოს წევრიც ვიყავი, თუმცა ჩემს მიერ დაყენებულ საკითხებზე რეაგირება არ ხდებოდა და ვიმედოვნებ, რომ ახალი მოწვევის საკრებულო დამოკიდებულებას შეცვლის ოპოზიციის წევრების ინიციატივების მიმართ".

,,დიდი პატივია ჩემთვის, რომ მეორედ ვარ არჩეული ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედ, ეს დიდი პასუხიმგებლობა მოსახლეობის წინაშე. საკრებულო კოლეგიალური ორგანოა და გათვალისწინებული იქნება ყველა დეპუტატის აზრი", - განაცხდა ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ივანე არდემანაშვილმა.
2017 წლის მოწვევის ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ახალი თავმჯდომარე ჰყავს, ამ თანამდებობაზე  მიხეილ ჯანაშვილი აირჩიეს, ხოლო მის მოადგილედ დავით ნოზაძე, რომელსაც წინა მოწვევის საკრებულოში ასევე საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობა ეკავა. საკრებულოში მაღალანაზღურებადი თანამდებობები მმართველი პარტიის წევრებმა დაიკავეს.

ნატო კიკაძე, ,,ევროპული საქართველოდან" ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი: ,,წინასაარჩევნო კამპანიის დროს ბევრი ადამიანის გაჭირვებას გავეცანი. მზად ვარ, დავაყენო ეს საკითხები და ასევე მხარს დავუჭერ  ყველა საკითხს, რომელიც მოსახლეობის და მუნიციპალიტეტის საჭიროებებზე იქნება მიმართული".

მიხეილ ჯანაშვილი ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე: ,,დარწმუნებული ვარ,  რომ წინა მოწვევის საკრებულოზე მეტად წარმატებული იქნება ჩვენი საქმიანობა."  

შიდა ქართლის რეგიონის ოთხივე მუნიციპალიტეტის საკრებულოში ოპოზიცია საკუთარ როლს პროცესის გამჭირვალობასა და საზოგადოების ინფორმირებულობაში ხედავს. 

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
რომელ საპრეზიდენტო კანდიდატს აძლევთ ხმას?
სალომე ზურაბიშვილი გრიგოლ ვაშაძე დავით ბაქრაძე დავით უსუფაშვილი სხვა კანდიდატს არ მაქვს გადაწყვეტილი არ მივდივარ არჩევნებზე

ბლოგი

უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
1 თვე გავიდა მას შემდეგ, რაც ბებია დაიკარგა. უგზო-უკვლოდ დაკარგულთა რიგებს შეუერთდა 73 წლის ბებო, რომლის კვალი საკუთარ სოფელში, ეზოს მახლობლად იკარგება. 
ვრცლად...
კუდები გვაკვირვებს
მოჩვენებითი მშვიდობა ბალკანეთში
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2018 HRIDC